ჩემპიონატი 5 ივლისს დაიწყება?

AutoSharing Option
სარწმუნო წყაროდან შევიტყვეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის ახალი (12-გუნდიანი) ფორმატის დამტკიცების შემთხვევაში, ტურნირი უჩვეულოდ ადრე, 5 ივლისს დაიწყება.

სანდო წყარო ამტკიცებს, რომ ახალი ფორმატის მიღების შემთხვევაში სხვა გამოსავალი არც არსებობს, რადგან 12-მა გუნდმა პირველი ეტაპის 22 ტური (ანუ ორი წრე) დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.

თუ ეს ვარიანტი დამტკიცდა, შესაძლოა, სიახლის გამო, ბევრისთვის მიუღებელიც იყოს, მაგრამ ევროპის თასებზე გასული კლუბებისთვის მისწრება იქნება. ჩემპიონატის აგვისტოში დაწყების გამო ისინი საწყის ეტაპზე შეთამაშებას ვერ ახერხებდნენ. ამ პრობლემაზე ადრეც ბევრი ითქვა და გამოსავლად გაზაფხული-შემოდგომის სისტემის დაბრუნებაც კი
დაასახელეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თემურ ქეცბაია აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ ფეხბურთელები თამაშებით იზრდებიან. მოსამზადებელი ეტაპის ის გაწელილი სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობს, საბჭოური კორუფციული სისტემის ინერციაა - ორ-სამთვიანი მოსაბეზრებელი-მოსამზადებელი ეტაპი სასტუმროებში ფულის გათეთრებას უფრო ემსახურება, ვიდრე გუნდის მომზადებას.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ორ-სამკვირიან მომზადებას ანიჭებენ უპირატესობას, ბრაზილიაში კი ასეთ სისტემას არც სცნობენ, მოსამზადებელი ეტაპი არ აქვთ და სეზონში მინიმუმ 60 მატჩს ატარებენ.

ალბათ, ახალი ფორმატის მხარდამჭერ არგუმენტად გამოდგება ის ინფორმაცია, რომელიც ფედერაციის ვებგვერდზე განათავსეს, სადაც დაკონკრეტებულია, წამყვანი ევროპული ლიგების გუნდები სეზონში რამდენ შეხვედრას ატარებენ. მინიშნება ადვილი გასაშიფრია - სადაც უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ, იქაური სისტემაც უკეთესია.

თუმცა, ამ შემთხვევაში ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო მომსახურებას და აღდგენით პრეპარატებს. როდესაც ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს ტრანსპორტირებაში დახმარებას სთავაზობს, ცხადია, ეს ძალიან კარგია, მაგრამ 6 თვეში 22 ტურის ჩატარება ფეხბურთელებს გამოფიტავს, თუ არ ექნება შესაბამისი აღდგენები.

იმედია, ტრანსპორტირების არ იყოს, ფედერაცია ამაზეც იზრუნებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული