სიჭინავამ ჩიხრაძე დაარწმუნა: 12!

AutoSharing Option
დღეს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართება აღმასკომის სხდომა, რომელზეც ჩემპიონატის ახალ ფორმატზე ხელახლა იმსჯელებენ.

"გაგრას" ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე ამბობს, რომ მისი კლუბის პოზიცია სწორად არ წარმოჩნდა:
- ჩვენი პოზიცია არასწორად გაჟღერდა, თითქოს "გაგრა" ზვიად სიჭინავას წარმოდგენილ პროექტს უმაღლესი ლიგის გაფართოების შესახებ ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა. სინამდვილეში, პროექტის იმ ნაწილს ვემხრობით, სადაც უმაღლესი ლიგის გაფართოებაზეა ლაპარაკი, რადგან საფეხბურთო ცხოვრებაში მეტი რეგიონისა და გუნდის ჩართვა მეტი ბავშვის დასაქმების გარანტიაა, რაოდენობა კი მეტ ტალანტს წარმოაჩენს.

მაგრამ პროექტის მიღებაზე თავი იმიტომ შევიკავეთ,
რომ ის მოულოდნელად წარმოადგინეს და მიგვაჩნდა, რომ 12-გუნდიანი ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად საკმარისი პირობები დღეს არ გვქონდა. ცხადია, სრულ ინფორმაციას არ ვფლობდით, ფედერაცია რას აპირებდა.

- მას შემდეგ რა შეიცვალა?
- სხდომაზევე გაირკვა, რომ სიჭინავა პროექტის განხორციელების გარანტიას იძლეოდა და ამან დამარწმუნა, რომ ამ საქმეს გამოსვლის პირი აქვს. მაგრამ მოსაფიქრებლად დრო გვჭირდებოდა. ყველაფერი უდნა ავწონ-დავწონოთ, მაგალითად, ჩემპიონატის ახლებური სისტემა მაფრთხობს.

- საინტერესო და დამაინტრიგებელი ფორმატია.
- გეთანხმებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ 12-გუნდიანი ჩემპიონატი მისაღები ფორმატით ადრე ტარდებოდა, როდესაც გუნდები ორ ექვსეულად იყოფოდა. ეს სისტემა ხელს უწყობდა კორუფციის აღმოფხვრას და ტურნირის დაძაბულობას, მაგრამ ყველა გუნდი მაშინაც არ იყო მოტივირებული.

ახლა კი რვა გუნდი განაგრძობს ბრძოლას და დიდია ალბათობა, პირველი წრის შემდეგ საუკეთესოებში ბოლო ადგილებზე გასული გუნდები უმოტივაციოდ დარჩნენ. მე სწორედ ეს მაშინებს, უმოტივაციობა ნოყიერ ნიადაგს ხომ არ შექმნის გარიგებებისთვის?

მე პროექტს არ ვეწინააღმდეგები, აშკარაა, რომ სიჭინავა ჩვენი ჩემპიონატის გამოცოცხლებას ცდილობს და ამას ვერავინ დაუკარგავს, მაგრამ წარმოდგენილი სისტემა დასახვეწია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჩვენთვის ეს ამბავი მოულოდნელიც იყო და განხილვისთვის მზად არ ვიყავით. ამიტომ ვთხოვეთ ფედერაციის პრეზიდენტს, რომ გუნდებისთვის მოსაფიქრებელი დრო მოეცა.

- გუნდები თუ უზრუნველყოფილნი იქნებიან და მოედნებს გააკეთებენ, 12-გუნდიანი ჩემპიონატი სასურველიც იქნება, მაგრამ ორ თვეში მოედნები ვერ გაკეთდება, გუნდებს კი ჯერ არ აფინანსებენ და ლიგის გაფართოება ამიტომაც აფრთხობს ბევრს.
- მეც ამის გამო ვიკავებდი თავს, მაგრამ ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე თავად აგებს პასუხს და რა უფლება მაქვს, არ დავუჯერო?! ასეთ სიტყვებს ჰაერზე არ ამბობენ, თავის ნათქვამში დარწმუნებული რომ არ იყოს, გარანტიას არც მოგვცემდა. კი ვიცოდით, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ფეხბურთის მიხედვას აპირებდა, მაგრამ არ გევგონა, საქმე ასე მალე და სერიოზულად თუ დაწიყებოდა.

როგორც გავიგეთ, შესაბამის სტრუქტურებს უკვე დაევალათ პროექტის განხორციელება, ფედერაცია, მთავრობასთან ერთად, წლეულსვე აპირებს ხუთი სტადიონისა და ახალი საფეხბურთო ცენტრების აშენებას. რადგან მთავრობამ ფეხბურთისკენ მოიხედა, ჩათვალეთ, რომ ამ ხუთ სტადიონს კიდევ რამდენიმე დაემატება და გუნდებს ფინანსურადაც უზრუნველყოფენ.

ფეხბურთს კი მიხედვა სერიოზულად სჭირდება, მხოლოდ თბილისში ათამდე მოედანი და სტადიონი ჩამოგვართვეს და, ცხადია, ინფრასტრუქტურის პრობლემა გაჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული