"დინამოს" ძველები, ახლები და... "ბარსელონა"!

AutoSharing Option
კვირა კი არა, ლამის დღე არ გავა, თბილისის "დინამოში" მომხდარ გარკვეულ საკადრო ცვლილებებზე არ შევიტყოთ; აი, გუშინაც, ჩვენს უმთავრეს საფეხბურთო სარბიელზე თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ იქ შეკრებილ ჟურნალისტებსა და ფანკლუბის წევრებს ბოლოდროინდელი სიახლეები გააცნო.

ისე, თვითონ ამ შეხვედრის ფორმა მართლაც ეფექტური და, ასე ვთქვათ, ევროპული გამოდგა: ეროვნულ სტადიონზე, კლუბის ახალი ლოგოთი დამშვენებული ბანერის ფონზე ჟურნალისტებისა და გუნდის ყველაზე ერთგული ფანების წინაშე "დინამოს" გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე წარსდგნენ. თუმცა, ვიდრე ზურაბ პოლოლიკაშვილი კლუბში უკვე მომხდარ თუ სავარაუდო
ცვლილებებზე გაგვესაუბრებოდა, მანამდე "დინამოს" პრესატაშემ გიგა გვენცაძემ იქვე მყოფი ფეხბურთელებიც წარმოგვიდგინა ("უცხო" და "უცნობი" არავინ იყო): გულვერდ თომაშვილი და ნიკა ფირცხალავა უკვე წლებია "დინამოში" თამაშობენ და კლუბმა მათ კონტრაქტი გაუგრძელა (გაუმჯობესებული პირობებით).

"დინამოს" სრულუფლებიანი წევრი გახდა 18 წლის ნიკა კვეკვესკირიც, - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული ნაკრების კანდიდატი ჩვენს ყველზე ტიტულიან გუნდში მეორე ეტაპიდან ჩაირიცხა და 17 მატჩიც ჩაატარა. თუმცა, მთავარი სიახლე მაინც 26 წლის სანდრო იაშვილის გამოჩენა გახლდათ. ქართული ფეხბურთის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კვლავაც თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა! 2006-07 წლების სეზონი იაშვილისათვის ყველაზე წარმატებული იყო: საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და საუკეთესო ბომბარდირიც. სამწუხაროდ, ამის შემდეგ მისი კარიერა არაერთგვაროვნად წარიმართა: ყველას რომ გვეგონა, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ნომერ პირველ თავდამსხმელს შოთა არველაძეს ჩვენს ნაკრებში ღირსეული შემცვლელი ეყოლებაო, სწორედ მაშინ დაიწყო იაშვილმა გუნდების ხშირი ცვლაც; შვეიცარულ "თუნს" მცირე ხნით ბოლნისის "სიონში" დაბრუნება მოჰყვა, მერე რუსეთის პირველი ლიგა და მახაჩყალის "ანჟი" იყო, რასაც კვლავაც საქართველოში დაბრუნება და "ოლიმპთან" ერთად გაჩემპიონება მოჰყვა; ამის მერე კვლავაც არშემდგარი უცხოური ვოიაჟი და ისევ "ოლიმპი" , ოღონდ საკმაოდ მცირეხნიანი (ამ სეზონში 5 მატჩი ჩაატარა) და აი, ამ ნიჭიერი და მართლაც არაორდინალური ფორვარდის კიდევ ერთი დაბრუნებაც.

საერთოდაც, "დინამოს" ახალი ხელმძღვანელობა სელექციის საკითხს აშკარად "სხვაგვარად" რომ უცქერს, ფაქტია და ვფიქრობთ, ყოფილი დინამოელების მშობლიურ კლუბში დაბრუნების პროცესი კვლავაც გაგრძელდება...

"დინამოს" ძველ-ახალი ფეხბურთელების წარდგენის გარდა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა კლუბისთვის მეტად აქტუალურ, სამწვრთნელო საკითხზეც ისაუბრა; როგორც კლუბის გენერალურმა დირექტორმა გვითხრა, უკვე პირველი ივნისისათვის თბილისში ჩამოსულები იქნებიან "ბარსელონას" წარმომადგენლები. ანუ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ "დინამოს" სწორედ "ბარსელონას" ერთ-ერთი მწვრთნელი უთავკაცებს (სახლსა და გვარს მალე შეიტყობთო, ასე გვითხრეს გუშინ); ამას გარდა, თბილისში კიდევ ორი ესპანელი (გნებავთ, კატალონიელი) სპეციალისტი ჩამოვა: ერთი "დინამოში" ფიზმომზადების მწვრთნელი იქნება, მეორე კი "დინამოს" ბავშვთა აკადემიაში იმუშავებს. აქვე, შევიტყვეთ, რომ "დინამოს" აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა კვლავაც კლუბში დარჩება და სავარაუდოდ, კლუბის სელექციურ საკითხებს გაუწევს კურირებას.

ამ შემთხვევაშიც გვინდა გავიზიაროთ ზურაბ პოლოლიკაშვილის პოზიცია, როცა "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა კახა კაჭარავას ღვაწლი არ დაუკარგა: "მან ბევრი გააკეთა გუნდისთვის, კაჭარავას ხელმძღვანელობით "დინამოში" ბევრი ფეხბურთელი აღიზარდა და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის აი, სელექცია კი დღემდე ცუდად მუშაობდა (განსაკუთრებით, რეგიონებში) და იმედია, ამ კუთხითაც საქმე გამოსწორდება".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჟურნალისტებისგან მეტი კრიტიკაა საჭირო. ამოიღეთ რა ხმა. თქვენც ხომ არ მოგწონთ, რატომ არაფერს იძახით? კრიტიკის გარეშე იდეალურიც კი დაჩლუნგდება.
Burton
14:54 26-05-2011
0
ახალი კლუბის შენება იწყება ლოგოდან ქართული ენის მოშორებით? არაკაცებო!
giorgi
12:44 26-05-2011
0

სიახლეები პოპულარული