კონსტანტინე სეფიაშვილი - ქართველი სპაიდერმენი

AutoSharing Option
საქართველოს თასის ფინალში "გაგრამ" დამსახურებულად გაიმარჯვა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში დაუვიწყარი ფურცელი ჩაწერა - პირველი ლიგის კლუბმა ეროვნული თასი მოიპოვა.

გულშემატკივრისთვის აღმოჩენა იყო "გაგრას" 25 წლის მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა "გაგრას" მიერ საქართველოს თასის მოგებაში. 185 სმ სიმაღლის და საოცარი რეაქციის მქონე სეფიაშვილი საიმედო იყო ხაზზეც და გამოსვლებზეც. გულშემატკივარი ხუმრობდა, მეკარე კი არა, სპაიდერმენი გვყოლიაო.

წლების წინ, როდესაც თბილისის "მერანის" კარში ნიჭიერი ბიჭი ჩადგა, ბევრმაც შენიშნა, თბილისის "დინამოც" იყო დაინტერესებული, მაგრამ მისი კარიერა ნიჭის შესაფერისად ვერ წარიმართა.
თუმცა საქართველოს თასის ბოლო ფინალის შემდეგ მისით ბევრი გუნდი დაინტერესდა.

- ძალიან კარგი ფინალი იყო, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშე.
- "გაგრამ" მოგება დაიმსახურა, რადგან კარგი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ დამატებით დროში გავიტანეთ, ვფიქრობ, ორივე ფინალისტმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა მაყურებელს.

- იმდენი სამუშაო გქონდა, წინახაზელებზე ნაკლებად არ დაიღლებოდი.
- მართლაც ძალიან დავიღალე, თამაშის შემდედ ჟურნალისტებთან ლაპრაკის თავიც არ მქონდა.

- "გაგრა" ბევრჯერ გადაარჩინე, მაგრამ განსაკუთრებით რევაზ გოცირიძის თავური დამამახსოვრდა - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაბალ კუთხეში დარტყმულს მოიგერიებდი.
- ერთხელაც არ მიფიქრია, რომ გავუშვებდი და წავაგებდით. დარწმუნებულიც ვიყავი, რომ თასი ჩვენ დაგვრჩებოდა. არა იმიტომ, რომ მეტოქეს პატივს არ ვცემ, პირიქით, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევხვდით, რომელსაც საუკეთესო თავდამსხმელები ჰყავს, მათ ძალიან კარგად ითამაშეს და ბევრი სამუშაოც მქონდა. მაგრამ მოედანზე გამარჯვებაში დარწმუნებული გავედი.

- უმაღლეს ლიგაში თამაშის შემდეგ შენი ალი-კვალი დაიკარგა. აქამდე სად "იმალებოდი"?
- ვმკურნალობდი და ცხადია, თამაშს ვერ შევძლებდი.

- ასეთი რა გჭირდა?
- წელიც მაწუხებდა, საზარდულიც, ზოგი ექიმი რას მეუბნებოდა, ზოგი რას, მაგრამ ვერ მომარჩინეს. ორწელიწადნახევარი იმიტომ გამიცდა, რომ საქართველოში ბევრია არაკომპეტენტური ექიმი, ან მე შემხვდნენ ასეთები.

- თამაში "გაგრაში" დაიწყე?
- არა, ფეხბურთში ცხინვალის "სპარტაკმა" დამაბრუნა, რისთვისაც ამ კლუბის ხელმძღვანელებს მადლობას ვუხდი, მაგრამ გუნდი მალე დავტოვე. ცოტა ხანი ვიყავი "ვიტ ჯორჯიაში", მერე რუსთავის "ოლიმპში", მაგრამ ვარჯიში ახალი დაწყებული მქონდა და ფეხი ვერსად მოვიკიდე.

ამის შემდეგ "გაგრაში" შემთხვევით აღმოვჩნდი. "მერანის" სტადიონზე მარტო ვვარჯიშობდი, იქ კი ამ დროს "გაგრა" ემზადებოდა. ანატოლი პისკოვეცმა შემნიშნა და მკითხა, მარტო რატომ ვარჯიშობო. ავუხსენი ვითარება, მითხრა, აქეთ-იქით სირბილს არ გირჩევნია, ჩვენთან მოხვიდეო? ეს იყო შარშან, ოქტომბერში. მივედი, მავარჯიშა, ფორმის აღდგენაში დამეხმარა და მადლობა ღმერთს, ახლა ყველაფერი კარგად არის, ამ გუნდმა და ამ მწვრთნელმა საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა.

პისკოვეცს საქართველოში კარგად არ იცნობენ და მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ის არა მხოლოდ კარგი სპეციალისტი, მშვენიერი პიროვნებაც გახლავთ. თუმცა, იყო შანსი, ფინალი არ მეთამაშა.

- რატომ?
- 8 მაისს მარტვილის "მერანთან" საშინაო შეხვედრაში მხარი ვიტკინე და სამი თამაში გამოვტოვე. მაგრამ ეს სამი შეხვედრა დასავლეთ საქართველოში გვიწევდა და 11-დან 20 მაისამდე გრიგოლეთში შეკრება დაიგეგმა. ტრავმა იქ მოვირჩინე და პისკოვეცმა ფინალშიც მათამაშა.

- ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი იყავი, შენით თბილისის "დინამოც" დაინტერესდა. გუნდები არ გიკავშირდებოდნენ, სად და რატომ დაიკარგეო?
- ვერ ვიტყვი, რომ არავინ ინტერესდებოდა. ზემოთ რომ კლუბები ჩამოვთვალე, იქ თამაშებით გამიხსენეს. მაგრამ დავიწყებდი ვარჯიშს და ტრავმა თავს მახსენებდა.

- პეტარ შეგრტმა ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიგიწვია.
- ეს 2007 წელს მოხდა. ყაზახეთთან გასვლით მატჩამდე შეკრებაზე გამომიძახა, მაგრამ არ წამიყვანა. სხვათა შორის, თბილისის "მერანში" თამაშობდა ძალიან პერსპექტიული მეკარე გლუნჩაძე, სამწუხაროა, რომ 23 წლისამ თამაშს თავი დაანება.

- შენს კარიერაზე მოგვიყევი.
- თამაში თბილისის "მერანში" დავიწყე. მერე ნახევარი წელი "ბორჯომში" ვითამაშე, საიდანაც "ამერში" გადავედი. გუნდი ზუსტად სამ კვირაში დაიშალა, ერთ კვირაში კი საზარდული გავიგლიჯე.

P.S. "გაგრას" მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი პისკოვეცმა მატჩის შემდეგ "ლელოსთან" განაცხადა: "საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობა სეფიაშვილს ყურადღებას თუ მიაქცევს, ვფიქრობ, არ წააგებს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრია და მათ თავს არ ვახვევ, მაგრამ დიდი ხანია, ამ ბიჭს ვაკვირდები და დავრწმუნდი, ძალიან ნიჭიერი მეკარეა. ჩემს სამშობლოში, უკრაინაში მაღალი დონის ჩემპიონატია, უმაღლეს ლიგაში მთავარ მწვრთნელად მიმუშავია და ვიცი, იქ რა მეკარეები თამაშობენ. დარწმუნებული ვარ, სეფიაშვილი ამ დონეზეც მოახერხებს დამკვიდრებას".
მკითხველის კომენტარები / 5 /
მე, ტორპედოს გულშემატკივარი, ვიჯექი და ტაშს ვუკრავდი ამ ადამიანს. იძულებული ვიყავი უბრალოდ, მისი დიდებული თამაშის გამო.. წარმატებებს ვუსურვებ სეფიაშვილს.
0
კონკიასავით არ დამართნია ამ დალოცვილს :)
kai mekare
11:36 28-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული