ისე, გარკვეულწილად სეზონის შეჯამება უკვე დაწყებულიც გვაქვს: წინა კვირაში, ჯერ ყველა ის ფეხბურთელი ვახსენეთ, უმაღლეს ლიგაში გოლი ვისაც ჰქონდა გატანილი, შემდეგ კი სეზონის განმავლობაში ტურისა და თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრილი ასევე ყველა ფეხბურთელისა და მწვრთნელის "მონაგარიც" შემოგთავაზეთ. სწორედ ტურისა და თვის სიმბოლური ნაკრებების
აი, დღეს კი "ლელო" კიდევ ერთ ტრადიციულ რუბრიკას გთავაზობთ - "სეზონის ნომინანტებს"! თანაც, ამ შემთხვევაშიც ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენისთვის გარკვეული კრიტერიუმით ვიხელმძღვანელეთ; უფრო ზუსტად, ეროვნული ჩემპიონატის გარდა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნაკრების "ფაქტორიც" გავითვალისწინეთ; რაც მთავარია, კონკრეტულ ნომინაციაში გამარჯვებული ესა თუ ის ფეხბურთელი ერთი, კონკრეტული ჟურნალისტის არჩევანი კი არ ყოფილა, არამედ გაზეთ "ლელოს" ქართული ფეხბურთის განყოფილების თანამშრომელთა შორის გამოკითხვის შედეგები შეჯამდა და ყველაფერი ხმათა უმრავლესობით გადაწყდა...
მწვრთნელი - გია გეგუჩაძე (ზესტაფონი)
ამ ნომინაციაში, აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა და ვფიქრობთ, ყოველივე ეს მოულოდნელი არავისთვის იქნებოდა: საქართველოს ახალი ჩემპიონის, "ზესტაფონის" თავკაცი გია გეგუჩაძე სეზონის საუკეთესო მწვრთნელი დამსახურებულად გახდა! ანუ, ისე როგორც "ზესტაფონის" ტრიუმფი იყო კანონზომიერი და ლოგიკური, ასეთივე შეფასება გვინდა მივცეთ ამ ნომინაციაში გამარჯვებულ გია გეგუჩაძესაც - ფაქტია, რომ ამ კვალიფიციურმა სპეციალისტმა უდიდესი როლი შეასრულა იმერული გუნდის წარმატებაში.
ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ამ სეზონში უმაღლესი ლიგის მწვრთნელებიდან სწორედ გეგუჩაძე გახლდათ, ერთსა და იმავე გუნდში ყველაზე დიდხანს რომ მუშაობდა; ჰო, ჩვენთან ხომ რატომღაც ყველაფერი ერთი-ორ თვეში უნდათ და კლუბების ხელმძღვანელთა თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამაც, სეზონის განმავლობაში, ლამის არის, სამი-ოთხი მწვრთნელი გამოიცვალოს.
საბედნიეროდ, სასიამოვნო გამონაკლისიც არსებობს და ეს, უპირველეს ყოვლისა, "ზესტაფონის" პრეზიდენტზე, ილია კოკაიაზე ითქმის: გეგუჩაძემ იმერული კლუბი 2008 წლის ნოემბრის ბოლო დღეებში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით "ზესტაფონი" ყოველ სეზონში აუმჯობესებდა თავის შედეგს. და აი, ნანატრი ოქროს მედლებიც, გეგუჩაძის სამწვრთნელო კარიერაში (დამოუკიდებელ მოღვაწეობას ვგულისხმობთ) პირველი რომ იყო...
ვიდრე "ზესტაფონში" მივიდოდა, გეგუჩაძემ თბილისის "დინამოშიც" წარმატებით იმუშავა: 2004 წელს საქართველოს თასი მოიპოვა, იმავე წლის შემოდგომაზე კი, პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა! სხვათა შორის, გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ზესტაფონმა" შარშანაც და შარშანწინაც სავსებით ღირსეულად იასპარეზა ევროტურნირებზე; ჰოდა ქართველ გულშემატკივრებს ახლაც გვეიმედება, რომ "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეული დებიუტი ექნება...
ფეხბურთელი - ბუბა დაუშვილი (ზესტაფონი)
წინა ჩემპიონატში ამ ნომინაციას უპირობო ფავორიტი ჰყავდა: "ოლიმპის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა ანდერსონ აკინომ სეზონი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა და საუკეთესო ბომბარდირიც დამსახურებულად გახდა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც! აი, ამ სეზონში კი, საუკეთესოს გამოვლენა, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა; უფრო ზუსტად, არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაგვეკეთებინა და, ალბათ, არავისთვის იქნებოდა გასაკვირვი, რომ ორივე ფეხბურთელი ჩემპიონი გუნდიდან იყო: ბუბა დაუშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გელაშვილი 18 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა; ამას გარდა, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელთაგან "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" ყველაზე მეტჯერ (ცამეტჯერ) სწორედ გელაშვილი დასახელდა. რაღა თქმა უნდა, 22 წლის ბუბა დაუშვილსაც შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა და ამ ახალგაზრდა საყრდენმა ნახევარმცველმა ლომის წილი შეიტანა "ზესტაფონის" წარმატებაში.
საერთოდაც, ბოლო ორი წლის განმავლობაში დაუშვილი "ზესტაფონის" შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა და გია გეგუჩაძის გუნდში უმნიშვნელოვანესი ფუნქციები აკისრია. რაც მთავარია, ამ უშიშარი და მოუღლელი ნახევარმცველის აზრიანი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია თემურ ქეცბაიას - დროის სულ მოკლე პერიოდში ბუბა დაუშვილი საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა!
სხვათა შორის, დაუშვილის საუკეთესოობა სწორედ სანაკრებო ფაქტორმაც განაპირობა; ისე, ეტყობა, რომ არც ისეთი დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და ამას დაუშვილის მაგალითიც ადასტურებს - ამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში დამსახურებულად და ღირსეულად დაიკავა თავისი ადგილი...
ლეგიონერი - ოვონიკოკო (გაგრა)
შარშან ჩვენს ჩემპიონატში ანდერსონ აკინო ასპარეზობდა, იმის წინ დიდიე ოვონო, პოლ კესანი, მილოშ კრშკო, ნედ ზელიჩი, ჟილვან ვიეირა და ასე შემდეგ; ანუ, ბოლო წლებში. სულ მცირე, ექვსი-შვიდი მართლაც მაღალი დონის ლეგიონერი ამშვენებდა ჩვენს ჩემპიონატს და საერთოდაც, ყოველი სეზონის ბოლოს ლეგიონერებისგან შემდგარ სიმბოლურ ნაკრებსაც ვადგენდით ხოლმე.
აი, ამ სეზონში კი ლეგიონერთა რაოდენობამაც იკლო და ხარისხმაც! თავად განსაჯეთ: სეზონი სრულად მხოლოდ ხუთმა ლეგიონერმა (რობერტინიომ, ჯუისმა, ედნილსონმა, ბოიომომ, კლოვისმა) ჩაატარა; მეორე ეტაპიდან "დინამოში" 4 უცხოელი ფეხბურთელი გამოჩნდა, თუმცა გულახდილად რომ ვთქვათ ვერც ერთზე ვიტყოდით, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბი გააძლიერაო, - ჰომოლა, მაროვიჩი, ჰაჯიბულიჩი და იელიჩი მართლაც "ჩვეულებრივი" დონის ფეხბურთელები აღმოჩნდნენ.
სამაგიეროდ, მართლაც გამორჩეული ლეგიონერი პირველ ლიგაში გვყავდა: "გაგრას" ნიგერიელმა შემტევმა აბაიომო ოვონიკოკომ განსაკუთრებულად შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა და უდიდესი როლი შეიტანა ამ გუნდის ტრიუმფში. 18 წლის ოვონიკოკო პირველი ლიგის მატჩებშიც ჩინებულად გამოიყურებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სათასო პაექრობებზე; ბოლოს და ბოლოს, "ვიტ ჯორჯიასთან" ჩატარებული ორივე ნახევარფინალური შეხვედრის ბედი სწორედ ოვონიკოკოს სუპერშედეგიანმა და, საერთოდაც, შთამბეჭდავმა თამაშმა გადაწყვიტა!
აღმოჩენა - ირაკლი მაისურაძე (ოლიმპი)
მეორე ეტაპის დაწყების წინ "ოლიმპის" ახალგაზრდა თავკაცმა, დებიუტანტმა სპეციალისტმა თორნიკე მაისურაძემ გუნდში რამდენიმე ისეთი ახალწვეული მოიწვია, რომელთა გვარ-სახელიც ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უცნობი იყო; ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ირაკლი მაისურაძე, ვინც მანამდე ბელარუსის ჩემპიონატში ასპარეზობდა.
22 წლის მაისურაძემ უპრობლემოდ დაიკავა "ოლიმპის" ძირითადში ადგილი და სულ მოკლე დროში რუსთაველი ქომაგების სიმპათიაც დაიმსახურა; მაისურაძის თამაშში, უპირველესად, უნივერსალურობას გამოვარჩევდით: ნახევარდაცვაში ორივე ფლანგზე ერთნაირი წარმატებით ასპარეზობდა და ამას გარდა, საყრდენადაც ჩინებულად წარმოაჩინა თავი. სწრაფმა და ენერგიულმა ნახევარმცველმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონში ორი გოლი გაიტანა: ქუთაისში ეფექტური თავურით, ხოლო 23 თებერვალს რუსთავში სწორედ მისი ზუსტი დარტყმით შეძლო "ოლიმპმა" თბილისის "დინამოს" დამარცხება.
მაისურაძის საზრიანი თამაში არც თემურ ქეცბაიას გამორჩენია და XXII ჩემპიონატის აღმოჩენა საქართველოს ნაკრებში მიიწვია!..
დებიუტანტი - ირაკლი ქობალია (ბაია)
გასულ ჩემპიონატში რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონში ჩინებულად რომ წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები; თუმცა, საუკეთესო დებიუტანტად ზუგდიდის "ბაიას" ცენტრფორვადი, ირაკლი ქობალია მივიჩნიეთ! აღსანიშნავია, რომ ქობალია ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან გამოჩნდა უმაღლეს ლიგაში - მანამდე... მეორე ლიგის გუნდის, "ეგრისის" (სენაკი) ღირსებას იცავდა.
სხვათა შორის, მეორე ეტაპის დაწყებამდე "ლელოსთან" საუბარში "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა ჩვენი გაზეთის კორესპონდენტთან ლევან ჯანეზაშვილთან ინტერვიუში თავის გუნდის ახალწვეულებზე რომ ისაუბრა, საგანგებოდ გაუსვა ხაზი ირაკლი ქობალიას სამომავლო პერსპექტივას, - დაიმახსოვრეთ, ეს ბიჭი ამ ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენა იქნებაო! ასეც მოხდა: 18 წლის ქობალიამ სადებიუტო შეხვედრაშივე გოლით გამოიჩინა თავი და საერთოდაც, თებერვალ-მარტში, ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.
მეორე ეტაპზე ქობალიამ 17 მატჩი ჩაატარა და 7 გოლით ირაკლი ეხვაიასთან ერთად "ბაიას" საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ათლეტური ტიპის ცენტრფორვარდს გარჯა არც ოთარ გაბელიამ დაუკარგა: "ლელოს" ვერსიით XXII ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტი ირაკლი ქობალია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა!
გაგრძელება მომდევნო ნომერში