"გაგრას" ბალანსი - მინუს ორდინსკი, პლუს ორი უკრაინელი

AutoSharing Option
"გაგრამ" ჩინებული სეზონი დაასრულა: პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა, 26 მაისს საქართველოს თასსაც დაეუფლა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

თუმცა ჯერ კლუბის ხელმძღვანელობას არ გადაუწყვეტია, მოსამზადებელ ეტაპს სად და როდის გამართავს. კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე ამბობს, რომ გრაფიკი უახლოეს დღეებში შედგება.

"როდესაც უმაღლეს ლიგაში გადავედით, ცხადია, მომზადების ვარიანტი ჩამოვაყალიბეთ. თუმცა ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებამ გეგმები შეგვიცვალა. ახლა ჩვენი მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი უკრაინაშია და მოსამზადებელ გრაფიკს ორიოდე დღეში შეადგენს, გუნდი კი ორი კვირით შვებულებაში გაუშვა. შეიძლება გაგიკვირდეთ ასეთი გადაწყვეტილება,
მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ვითამაშებთ, მხოლოდ მეორიდან ჩავერთვებით და ბიჭებს დასვენების საშუალება მიეცემათ".

ჯერ უცნობია, ევროთასზე გამოსვლამდე "გაგრაში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდება თუ არა. ფაქტია, რომ ევროპის ლიგამდე გუნდს გაძლიერება სჭირდება, მაგრამ "გაგრას" ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

ჩიხრაძემ დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინელი ლეგიონერი ვლადიმერ ორდინსკი გაუშვეს: "დიახ, ორდინსკი გავუშვით, რადგან უფრო ძლიერი ნახევარმცველი გვჭირდება. საერთოდ, ვინ წავა და ვინ დარჩება, ამას პისკოვეცი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს. ცვლილებები კი აუცილებლად იქნება. გადაწყვეტილია ნაკონეჩნის დარჩენაც, რადგან პროფესიონალი და ძალიან კარგი პიროვნებაა, ასეთს კი არ შეველევით."

რაც შეეხება შევსებას, შესაძლოა, გუნდმა უკრაინიდან ორი ახალგაზრდა დაიმატოს: "ჩვენი კლუბის პარტნიორია ლვოვის ოლქის მორშჩინის საფეხბურთო აკადემია "სკალა". უკრაინაში ტალანტების აღზრდით ცნობილ ამ აკადემიას უკრაინის ჩემპიონატის მეორე ლიგაში გუნდი ჰყავს და ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებს ყოველწლიურად ნიჭიერი ფეხბურთელებით ამარაგებს. იქიდან, ალბათ, 18-19 წლის ორ ნიჭიერ უკრაინელ ახალგაზრდას დავიმატებთ."

"გაგრა" ევროპის ლიგის საწყის ეტაპზე მეტოქეებს ზესტაფონის სტადიონზე მიიღებს: "პირველ ეტაპზე მეტოქეს ზესტაფონში ვუმასპინძლებთ, რადგან საკუთარი სტადიონი არ გვაქვს, იქ კი გამართული არენაა და უეფას ლიცენზია აქვს. ამას გარდა, დიდი შანსია, სტადიონი შეივსოს, რადგან ზესტაფონი საფეხბურთო ქალაქია და ასეთი რანგის მატჩებში ნებისმიერ ქართულ გუნდს უქომაგებენ. ზესტაფონთან ახლოსაა წყალტუბო და სამტრედია, სადაც აფხაზეთიდან ლტოლვილი მრავალი ადამიანი ცხოვრობს - ჩვენი გადაწყვეტილება ამანაც განაპირობა. და თუ "გაგრა" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდება, მაშინ მეტოქეს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ვუმასპინძლებთ."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული