ნიკოლაი ნაკონეჩნი - საქართველოს უკრაინელი გმირი

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა Football.ua-მ საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული "გაგრას" უკრაინელ ლეგიონერთან ნიკოლაი ნაკონეჩნისთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

უკრაინელი ნახევარმცველი თანამემამულე ჟურნალისტს საქართველოზე, აქაურ ფეხბურთსა და "გაგრაზე" უამბობს, რაც უინტერესო არც ქართველი მკითხველებისთვის უნდა იყოს.

"ნიკოლაი ნაკონეჩნიმ თანამემამულეებთან - ვლადიმირ ორდინსკისთან და მთავარ მწვრთნელ ანატოლი პისკოვეცთან ერთად საქართველოს თასი დაისაკუთრა და პირველი დივიზიონი მოიგო, რითაც ისტორიაში შევიდა. ახლა "გაგრას" უკრაინელი ლეგიონერი ნიკოპოლში, მშობლებთან ერთად შვებულებას ატარებს. სულ მალე კი კლუბისთვის ეპოქალურ მოვლენაში - ევროთასებზე ასპარეზობაში ჩაერთვება.

- ნიკოლაი, როგორ აღმოჩნდით თქვენ და ორდინსკი კიევის
ოლქის ჩემპიონატიდან
საქართველოში?
- ჯერ კიდევ კიევის რეგიონში გამოსვლისას, ანატოლი პისკოვეცი ერთ-ერთ სხვა კლუბში მუშაობდა და როგორც ჩანს, მისი გუნდის წინააღმდეგ თამაშისას შემამჩნია. ყოველ შემთხვევაში, ერთ დღეს მან დამირეკა და მითხრა, რომ ერთ-ერთ ამბიციურ ქართულ კლუბში სამუშაოდ მიდიოდა და მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა.

რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესო იყო ცნობილ სპეციალისტთან ერთად ახალ ჩემპიონატში მუშაობა და გადავწყვიტე, გამერისკა. ჩემთან ერთად სხვა უკრაინელებიც იყვნენ, თუმცა საბოლოოდ პისკოვეცს მე შემოვრჩი. მოგვიანებით, ჩვენ ვალოდია ორდინსკიც შემოგვიერთდა, რომელსაც მწვრთნელი ასევე დედაქალაქში თამაშიდან იცნობდა.

- უცხო ქვეყანამ როგორ მიგიღოთ?
- ძალიან თბილად. საერთოდ, ქართველები განთქმულნი არიან თავიანთი სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობით. განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულება უკრაინელების მიმართ აქვთ. არამხოლოდ ფეხბურთელები, კლუბის თანამშრომლებიცა და რიგითი ადამიანებიც გულთბილად შეგხვდნენ.

- თქვენ სლავური გარეგნობა გაქვთ, თუმცა სულ სხვაა ორდინსკი... ის ალბათ "თავისიანებში" აღმოჩნდა.
- სახასიათო ცხვირისა და გარეგნული შტრიხების გამო ჩემიანები მეკითხებოდნენ: "ვინაა ეს ქართველი, ფოტოზე შენ გვერდით რომ არის?"

- ფლანგზე თამაშობთ?
- არა, მე ნახევარდაცვის ცენტრში ვთამაშობ, ორდინსკი კი - თავდამსხმელების უკან.

- გაგრა - აფხაზეთის საკურორტო ქალაქია, თუმცა თქვენი გუნდი თბილისშია დაბანაკებული...
- დიახ, ჩვენი პრეზიდენტი წარმოშობით აფხაზეთიდანაა და როგორც პატრიოტმა, გადაწყვიტა გუნდისთვის სახელი ამ ქალაქის პატივსაცემად დაერქმია.

დიახ, ვცხოვრობთ და ვვარჯიშობთ ქვეყნის დედაქალაქში. გაგრის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რამდენადაც იქ არასდროს ვყოფილვარ. სამაგიეროდ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება თბილისმა მოახდინა. ლამაზი ქალაქია და მუდმივად ვითარდება. ძალიან ბევრს აკეთებენ ბავშვებისთვის - საფეხბურთო, საჩოგბურთო მოედნებს...

- ევროთასებზე, საქართველოში მყოფ "კარპატს" თამაშის დროს შუქი ჩაუქრა. ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემებია?
- ზოგჯერ თბილისშიც ქვრება ხოლმე სინათლე, თუმცა თამაშის დროს ასეთი რამ არ მახსენდება.

- თბილისში სხვა გუნდებიცაა და როგორ ახერხებს "გაგრა" მაყურებლების მხარდაჭერის მოპოვებას?
- უპირველესად, თამაშით! გულშემატკივრების სიმპათიას დღითიდღე ვიმსახურებდით, სეზონის ბოლოს კი ისინი ჩვენი მომცრო სტადიონის ტრიბუნებზე სულ უფრო მომრავლდნენ. და არამარტო გულშემატკივრებმა, "გაგრას" თამაშზე დასწრება სპეციალისტებმა, სელექციონერებმა, აგენტებმა, სკაუტებმაც იწყეს. ჩვენ თამაშს თვით საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაიაც ესწრებოდა.

- არის ვინმე, ვისაც ის თვალს ადევნებს?
- რა თქმა უნდა. "გაგრას" მოთამაშეებმა ბოლო დროს მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს და სამი მათგანი ახალგაზრდულ ნაკრებშიც მოხვდა. ჩვენი ნიგერიელი ლეგიონერი აბაიომი ოვონიკოკო სულაც ნატურალიზაციის პროცესს გადის და საქართველოს ეროვნული გუნდის კანდიდატია. სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ მის ბელგიაში შესაძლო გადასვლაზე. წარმოიდგინეთ, საუბარია საქართველოს პირველი ლიგის მოთამაშეზე...

- ქართული ენა შეისწავლა?
- თანაც როგორ! ქართულად უკეთ საუბრობს, ვიდრე რუსულად. ის უკვე სამი წელია საქართველოშია და შეიძლება ითქვას, იქაურია. მასთან ბევრ დროს ვატარებ - ის მე ქართულსა და ინგლისურს მასწავლის, მე - რუსულსა და უკრაინულს.

- საერთოდაც, თქვენ გუნდში ახალგაზრდები ჭარბობენ. ასეთია კლუბის პოზიცია?
- დიახ. გუნში მოთამაშეთა ნახევარი 19-დან 21 წლამდეა. მთავარია, რომ ბიჭები ნამდვილად იზრდებიან და კლასს უმატებენ. ამასთან, ვფიქრობ ამაში დიდი წვლილი მთავარ მწვრთნელს მიუძღვის. ვერ წარმოიდგენთ, ანატოლი პისკოვეცის გარშემო საქართველოში რა ფურორია. მისი ფოტოები გაზეთებისა და ჟურნალების გარეკნებზეა, ტელევიზიებშიც მუდმივად იწვევენ. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ სწორედ მისი დამსახურებაა, სხვა გუნდებისგან წარმატებული თამაშის სტილით რომ განვსხვავდებით.

- ქართული ფეხბურთი მართლაც ისეთია, როგორიც უკრაინაში წარმოუდგენიათ - ტექნიკური და ცეცხლოვანი?
- ქართული ფეხბურთი ტექნიკაზეა აგებული. სხვათა შორის, პისკოვეცის თამაშის სტილს მთელი ქვეყანა ეცნობა. მე ქართული სტილით ვერ ვთამაშობ, მწვრთნელიც ხომ უკრაინელი მყავს.

- თქვენი გუნდი გასულ სეზონი ორ ფრონტზე იბრძოდა და შედეგად, ორივეში გამარჯვებული დარჩა. გვიამბეთ ამ ტრიუმფალურ სვლაზე.
- პირველ ლიგაში ჩვენი უმთავრესი კონკურენტი მარტვილის "მერანი" იყო. მასთან ჭიდილი საკმაოდ რთული იყო - საბოლოოდ ჩამორჩენამ მხოლოდ 2 ქულა შეადგინა, მაგრამ ვიტყვი, რომ ამ სერიოზულ მეტოქეს დამსახურებულად ვაჯობეთ. სეზონის დასაწყისში მნიშვნელოვნად დავწინაურდით, თუმცა შემდეგ თასზე გადავერთეთ და უპირატესობა გავფლანგეთ. სადაც უნდა მოგვეგო, ფრედ ვთამაშობდით, სადაც ფრედ უნდა გვეთამაშა - ვაგებდით. თუმცა, მწვრთნელის წყალობით, ძალების სწორად განაწილება შევძელით და მეორე წრეში სეზონის ამოცანა გადავწყვიტეთ. რაც მთავარია, ჩვენი გუნდი საკუთარ ძალებში ყოველთვის დარწმუნებული იყო.

- საქართველოს პირველი ლიგა დიდად განსხვავდება უმაღლესისგან?
- შედარებისთვის ასე ვიტყოდი - მათი უმაღლესი ლიგა დაახლოებით უკრაინის პირველი ლიგის დონეზეა, თუმცა უკრაინაში პირობები გაცილებით უკეთესია. თუ ჩვენ გუნდში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, სხვა გუნდებს ასეთი პირობები არ აქვთ.

- თქვენ რომელი ქართული გუნდი მოგეწონათ ყველაზე მეტად?
- რა თქმა უნდა, თბილისის "დინამო", რომელთანაც თასის მეოთხედფინალში ვითამაშეთ. შინ 1:2 წავაგეთ, მაგრამ "ბორის პაიჭაძეზე" ასეთივე ანგარიშით გავიმარჯვეთ და პენალტებში ვიხეირეთ. შემდეგ, ნახევარფინალში "ვიტ ჯორჯიას" ორჯერ (შინ - 3:0, სტუმრად - 4:2) მოვუგეთ, ფინალში კი ოვერტაიმის ბოლოს გატანილი ერთადერთი გოლით ქუთაისის "ტორპედოს" ვაჯობეთ. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ჩაწოდებული მეტოქის კაპიტანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. წარმოიდგინეთ, საქართველოს თასისთვის ბრძოლაში ჩვენ, პირველი ლიგის გუნდმა, ქვეყნის 4-5 საუკეთესო გუნდს ვაჯობეთ.

- უკრაინელ ფეხბურთელებს "გაგრას" ამ წარმატებაში რა წვლილი მიუძღვით?
- არ ვისურვებდი, ვინმეს გუნდისგან გამოვერჩიეთ და ეთქვა, ეს უკრანიელების დამსახურებააო. წარმატებისთვის ყველამ ერთად ვიშრომეთ - არა მარტო ფეხბურთელებმა, კლუბის თანამშრომლებმა, ფუნქციონერებმა...

- თასის ფინალს 15 ათასი მაყურებელი დაესწრო. ჩვეულებრივ მატჩებზე დასწრება როგორია?
- იქ ისე არაა, როგორც უკრაინაში. თასის ფინალი საქართველოში სეზონის უმთავრესი მატჩია და მასზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. პირველობის რიგით თამაშებზე კი დასწრება მცირეა.

- საქართველოს თასი და პირველი ლიგა მოიგეთ, მომავალ სეზონში რა იქნება თქვენი ამოცანა?
- ამის შესახებ ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, კლუბი სტატისტის როლს არ დასჯერდება და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. ისე კი, ჯერ უმაღლეს ლიგაზე არ ვფიქრობთ, რადგან სულ მალე, 14 ივლისს, ევროთასებზე უნდა ვითამაშოთ და ყველა ფიქრი იქეთაა მომართული - მეტოქეს ველით.

- უკრაინელები "გაგრას" მომავალშიც დაეხმარებიან?
- სწორედ ამ ზაფხულს დაგვიმთავრდა კონტრაქტები და ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მე, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავაგრძელებდი პისკოვეცის ხელმძღვანელობით ამ კლუბისთვის გარჯას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისთვის ამდენი გავაკეთეთ და წინ კიდევ რამდენი გვაქვს გასაკეთებელი...

ესაუბრა არტურ ვალერკო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული