ბუბა დაუშვილი: პირველობა მიხარია, მაგრამ ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია!

AutoSharing Option
დოსიე:
მურთაზ დაუშვილი
ნახევარმცველი
დაიბადა 1989 წლის 1 მაისს
სიმაღლე: 177 სმ
წონა: 78 კგ
კლუბი: "ზესტაფონი"
კარიერა:
2004-2005 - "დინამო 2" 1 (0)
2005- "ზესტაფონი" 82 (4)

ასაკობრივი ნაკრებები:
U17 - 3 (0)
U19 - 2 (0)
U21 - 11 (0)
ეროვნული - 6 (0)

საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მურთაზ (ბუბა) დაუშვილი (550 ათასი ევრო) "ლელომ" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

"ზესტაფონის" ნახევარმცველი ერთადერთი იყო საქართველოს ჩემპიონატიდან მიწვეულთაგან, რომელსაც თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად ათამაშებდა - შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ
მეკარე გიორგი ლორია და ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ნიკა გელაშვილი;  "ზესტაფონის" ჩემპიონობაში მან საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა; მოკლედ, კრიტერიუმებს (ეროვნულ ნაკრებში სარგებლიანობა და საქართველოს ჩემპიონატში წამყვან როლში ყოფნა) ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა და პირველობა მას მივაკუთვნეთ.

თავად ფეხბურთელი კი ხაზგასმით ამბობს, რომ ჯერ არაფრისთვის მიუღწევია და, ეტყობა, მართლაც ასე ფიქრობს.

- სეზონის დაწყებამდე ყველა ფეხბურთელს აქვს მიზანი. შენ რაზე ოცნებობდი?
- "ზესტაფონის" დუბლზე, ეროვნული ნაკრების ძირითადში დამკვიდრებაზე და ორივეგან სასარგებლო რომ ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, თასი ვერ მოვიპოვეთ და გული დამწყდა.

- ჩემპიონატში საუკეთესოობაზე არ გიფიქრია?
- ჩემპიონატში ბევრი კარგი მოთამაშეა და, სიმართლე გითხრათ, ვერც წარმომედგინა, საუკეთესოდ მე თუ დამასახელებდით. თავიდან ვერც ვიჯერებდი.

- ეს შენთვის რას ნიშნავს?
- საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ჩემი კარიერისთვის. მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ უკვე ბევრს მივაღწიე. მიმაჩნია, რომ ახლა უფრო მეტი მონდომება დამჭირდება, "ზესტაფონსა" და ეროვნულ ნაკრებს რომ გამოვადგე და გულშემატკივარი გავახარო. აღიარება დიდი პასუხისმგებლობა უფროა, მისით გამოწველი სიხარული კი უკვე წარსულია.

- განვლილ სეზონზე ვილაპარაკოთ.
- რთული სეზონი გამოდგა, "დინამოსთან" და "ოლიმპთან" ბრძოლა იოლი არ იყო, ძალიან მომეწონა ქუთაისის "ტორპედოც". დიდი პოტენციალის გუნდია და დასაწყისში ბევრი ქულა რომ არ დაეკარგა, ჩემპიონობისთვის ისიც იბრძლებდა. მაგრამ "ზესტაფონმა" ოქროს მედლები ერთსულოვნებითა და მონდომებით დაიმსახურა.

სხვათა შორის, სეზონში ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა, მეორე ეტაპზე "დინამოს" შინ 1:0 რომ მოვუგეთ, არ მითამაშია. იმ დღეს ჭანკოტაძის გოლმა, ფაქტობრივად, ჩემპიონობა მოგვიტანა... გიორგი ძალიან ნიჭიერი ბიჭია და წარმატებას ვუსურვებ. დამამახსოვრდა ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩიც ზესტაფონში - 0:1-ს ვაგებდით, მაგრამ დუბლი შევასრულე და გავიმარჯვეთ.

რაც მთავარია, ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი ჩავატარე. ეს იყო ჩემი ოცნება და მიხარია, ქეცბაია რომ მენდო.

- შენი საუეკეთესოდ დასახელება ეროვნულ ნაკრებში სისტემატურმა თამაშმა განაპირობა. არადა, საქართველოს ჩემპიონატიდან სანაკრებო დონეზე გადართვა საკმაოდ ძნელია.
- რა თქმა უნდა, ძნელია. სულ სხვა არის მოთამაშეთა კლასი, სისწრაფეები, ასპროცენტიანი კონცენტრაცია და მონდომება მოგეთხოვება. თავიდან გადაწყობა მიჭირდა, ვნერვიულობდი, რადგან გამოცდილება მაკლდა. მაგრამ თამაშებმა ბევრი რამ შემძინა. ისიც ბევრს ნიშნავს, ცნობილი ფეხბურთელების გვერდით რომ ვთამაშობ. ამ ყველაფრის შედეგად მღელვარება დავძლიე და უფრო გავთამამდი. თანაც, ეროვნულ სტადიონზე 60 ათასი კაცი იმედით რომ გიყურებს, ეს დიდ ძალას გმატებს და, შეგიძლია თუ არა, თავი უნდა დადო.

თუმცა, ვიმეორებ, მე ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია და ყველა შეხვედრაში უნდა დავამტკიცო, ეროვნულში თამაშს რომ ვიმსახურებ. იქ მოდუნებისა და შეცდომის უფლება არავის აქვს, მით უფრო, მე. რეალურად რომ ვთქვათ, გულშემატკივარი გასულ წელს კარგად არც მიცნობდა, რადგან ეროვნული ჩემპიონატის მიმართ დიდი ინტერესი არ აქვთ.

- ხორვატიასთან ბოლო შეხვედრაზე რას იტყოდი?
- ბევრი კი ვეცადეთ, ვიომეთ, 75 წუთი თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ წინ წასვლას ვერ ვახერხებდით. ხორვატებს მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ და უპირატესობა გამოიყენეს. მეტი კონცენტრაციაც მოგვეთხოვებოდა, ერთ ეპიზოდში პირდად მე დავუშვი შეცდომა... სეზონის ბოლოს ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური გადაღლა გვახასიათებს, ეტყობა, 3 ივნისს ეს ჩვენ უფრო დაგვეტყო, ვიდრე ხორვატებს.

- წინ ვერ მივდიოდითო, თქვი, მწვრთნელმა დაგავალათ დაცვაზე ორიენტაცია თუ შეტევას ფიზიკურად ვერ ახერხებდით?
- სამწუხაროდ, ვერ ვახერხებდით. თბილისური წაგების გამო ხორვატებმა განსაკუთრებული მონდომებით ითამაშეს. დასანანი წაგება იყო, მაგრამ ძლიერი მეტოქე გვყავდა და 3 ივნისის მერე ნაკრებს მთლად ხაზსაც ნუ გადავუსვამთ.

საქართველოს ნაკრებს არაერთი უცხოელი ავარჯიშებდა, ცნობილიც და არაცნობილიც, ჟირესი, ტოპმიოლერი, კუპერი, მაგრამ ბოლოს ვეღარ ვიგებდით. ვერც ერთმა მოახერხა იმდენი, რამდენიც ქეცბაიამ. კი ბატონო, ხორვატიასთან წავაგეთ, მაგრამ გუნდში ვარ და ვხედავ, ეს კაცი სამართლიანია და ფორმაში თუ ხარ, არ გიკარგავს. ვინ იყო მისთვის დაუშვილი, ნორმალურად არც მიცნობდა, მაგრამ შანსი მომცა. ერთი წლის წინ იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნაკრებში ხორვატიასთან ვითამაშებდი და იმ დიდი გამარჯვების ერთერთი მონაწილე ვიქნებოდი. როდესაც მწვრთნელი სამართლიანია, იქ ფეხბურთელი თამამად თამაშობს, მე კი დღემდე ვცდილობ შანსის გამოყენებას.

ხორვატიაში წაგება არ ნიშნავს, რომ საქმე ცუდად მიდის, ძლიერი ნაკრების ჩამოყალიბებას წლები სჭირდება, ქეცბაიამ კი ეს უმოკლეს დროში მოახერხა. არ გახსოვთ, მის დანიშვნამდე ხალხი სტადიონისკენ აღარ იხედებოდ, ახლა კი გულშემატკივარი შემოტრიალდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქეცბაიას ნაკრების მშენებლობა უნდა ვაცადოთ.

- მაგრამ ნაკრებმა სპლიტში იმდენად უსახურად ითამაშა, ყველა კითხულობდა, ნუთუ ამის მეტი არ შეგვიძლია?
- პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია, მაგრამ გუნდზე მისი მშენებლობის პროცესში ვერ იმსჯელებ, როდესაც ტრავმირებულები და ახალი თაობის ნიჭიერი ბიჭები დაგვემატებიან, გუნდის პოტენციალზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა იმხელა კონკურენციაა, შეუძლებელია, ეს შედეგზე არ აისახოს.

- "ზესტაფონში" როდემდე რჩები?
- კონტრაქტი დეკემბერში მიმთავრდება და მინდა, უცხოეთში მოვსინჯო ძალა. "ზესტაფონმა" და საქართველოს ჩემპიონატმა ბევრი შემძინა, სწორედ აქ შემნიშნეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა, მაგრამ კიდევ უნდა მოვუმატო, გავიზარდო და ბევრი ვისწავლო, რაც ევროპაში უფრო შესაძლებელია.

ნაკრებში მოხვედრით რომ დავკმაყოფილდე, ერთი ადგილის ტკეპნას დავიწყებ. თანაც "ზესტაფონში" 6 წელია ვთამაშობ, გუნდს სულითა და გულით ვემსახურე და ალბათ, წასვლის დრო დადგა. თუმცა ჯერ კონკრეტული წინადადებით არავის მოუმართავს.

- ჩემპიონათა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა არაფერია, თუ გუნდმა ევროპის ლიგამდე მაინც არ მიაღწია. შენი აზრით, დღევანდელი "ზესტაფონი" საამისოდ მზად არის?
- გუნდის პოტენციალში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს სერიოზული ტურნირია და გამართლებაც გვჭირდება. თუმცა ევროტურნირი ყველაზე კარგად გვაჩვენებს, რეალურად რა დონეზე ვართ.

- საინტერესო დეტალი შევნიშნე - ადრე ნაკრებში ბურთს უკან ხშირად აგზავნიდი, ახლა კი შეტევებს იწყებ. ეს იმიტომ, რომ გაცილებით თავდაჯერებული გახდი. ცხადია, სპლიტურ მატჩს არ ვგულისხმობ, სადაც გუნდი თავის თავს არ ჰგავდა.
- ნაკრებში თამაში იმხელა პასუხისმგებლობაა, ახლაც ვღელავ, მაგრამ გამოცდილებამ მართლაც თავდაჯერებული გამხადა. და მაინც, საკუთარ თავს ნაკრებში ბევრად უკეთეს თამაშს ვთხოვ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
დაუშვილი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა??? რა კრიტერიუმებით აფასებენ საქართველოში ფეხბურთელებს? საქ.ჩემპიონატის რა გითხრათ და ნაკრებში ეს ბიჭი, 10 ბალიანი სისტემით, 3-3.5 კი იმსახურებს...
დევიდ აირონს
13:45 09-06-2011
0
საქართველოს ჩემპიონატის და არა საერთოდ ქართველ ფეხბურთელებში, ყურადღებით წაიკითხეთ
devids
15:00 09-06-2011
0

სიახლეები პოპულარული