ის შეხვედრა "სპარტაკმა" მოიგო და უმაღლეს ლიგაში ადგილიც შეინარჩუნა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობაც და სამწვრთნელო შტაბიც, ალბათ, იმ დღიდანვე შეუდგნენ გუნდის სერიოზულ გადახალისებაზე ფიქრს. ასეც მოხდა: "სპარტაკში" სერიოზული საკადრო ცვლილებები უკვე დაწყებულია და ახალი სეზონის დაწყებამდეც გაგრძელდება ახალი ფეხბურთელების შერჩევის პროცესი.
მოკლედ, უკვე ამ ეტაპზევე შეიძლება იმის თქმა, რომ XXIII ჩემპიონატში "სპარტაკს" წინა სეზონისაგან განსხვავებული მიზნები ექნება. რა
- ამჟამად ურეკში ვიმყოფები და შეკრების მოსაწყობად სასტუმროს ვარჩევთ. ოღონდ, ამ შემთხვევაში საუბარია მეორე შეკრებაზე, 10 ივლისიდან რომ უნდა დავიწყოთ, - ჩვენი სურვილია, რომ ეს შეკრება შავიზღვისპრეთში გავიაროთ და, ალბათ, ურეკს ავირჩევთ. მანამდე კი პირველი შეკრება ბაკურიანში გვექნება - სადაც 20 ივნისს გავემგზავრებით და 12 დღეს დავყოფთ.
- უპირველესად, გუნდში მომხდარ საკადრო ცვლილებებზე გკითხავთ და და ჯერ ის ფეხბურთელები ჩამოგვითვალეთ, ახალ სეზონში "სპარტაკში" რომ აღარ ითამაშებენ.
- მეკარეები - სოსო გრიშიკაშვილი, იოსებ ხომერიკი, მცველები - ნიკა მგელაძე, ლევან ჭაფოძე, ნუკრი მანჩხავა, გიორგი ოთარიშვილი, დიეგო ლობჟანიძე, ნახევარმცველები - ვლადიმერ უგრეხელიძე, მიხეილ ბარაბაძე, ვალერი ბოლქვაძე, თავდამსხმელი - ლაშა ჯაკობია, - ყველა ეს ფეხბურთელი "სპარტაკიდან" გათავისუფლებულია. ოღონდ, ზოგს კონტრაქტი დაუმთავრდა, ზოგიც - კლუბმა ტრანსფერზე დააყენა და ასე შემდეგ...
- გრიშიკაშვილის შემთხვევა გასაგებია - გამოცდილი მეკარე "დინამომ" მიიწვია და ასეთ შეთავაზებაზე უარს ვინ იტყოდა...
- გეთანხმებით, თანაც გრიშიკაშვილს ჩვენს კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა და ჩვენც არც მის "დინამოში" გადასვლას შევეწინააღმდეგეთ; პირიქით, გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადავუხადეთ და არა მხოლოდ გრიშიკაშვილს - ყველა იმ გამოცდილ ფეხბურთელს, გასულ სეზონში რომ გვეხმარებოდნენ.
- ჩამოთვლილ ფეხბურთელთაგან ორზე ცალკე უნდა დაგეკითხოთ: გასულ სეზონში უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა ჩაატარა 36-ვე მატჩი და ერთ-ერთი ლევან ჭაფოძე გახლდათ...
- ჭაფოძე ჩვენი გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახალ სეზონში მარჯვენა მცველის პოზიციაზე თბილისის "დინამოდან" გადმოყვანილ გიორგი ციმაკურიძეს მოვიაზრებთ. თანაც, ვფიქრობ, რომ სათადარიგოთა სკამზე ახალგაზრდები უნდა ისხდნენ და გამოცდილებს კონკურენცია გაუწიონ. ოღონდ, უმაღლეს ლიგაში გუნდის ერთიანად გაახალგაზრდავების პროცესიც გამართლებულად არ მიმაჩნია, - რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის ყოფნა აუცილებელია.
- არ დაგიმალავთ და ძალიან გაგვიკვირდა, წამსვლელთა სიაში ვალერი ბოლქვაძე რომ აღმოჩნდა...
- არავინ უარყოფს, რომ, უდავოდ, ნიჭიერი ფეხბურთელია; მაგრამ, როგორც მწვრთნელი, სულ დაძაბული ვიყავი - სულ იმის შიში მქონდა, დისკვალიფიკაცია არ მიეღო. არადა, იმას ვერავინ იტყვის, თავის გამოჩენის შანსს არ ვაძლევდი.
- როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბოლქვაძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი აკავშირებს.
- არა მგონია, "სპარტაკის" ხელმძღვანელობამ წასვლაზე პრობლემა შეუქმნას და, ალბათ, გათავისუფლების ფურცელსაც მისცემენ.
- ციმაკურიძე ახსენეთ და სხვა ახალწვეულებზეც გვითხარით.
- "დინამოდან" იჯარით გადმოვიყვანეთ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, პერსპექტიული მეკარე თორნიკე ზარქუა; ამას გარდა დავიმატეთ ფოთის "კოლხეთის" მეკარე ლაშა ძაგანია, და ბოლნისის "სიონიდან" ორი ფეხბურთელი - ნახევარმცველი კობა შალამბერიძე და თავდამსხმელი რევაზ ჯიქია. თუმცა, ამით დაკომპლექტება არ დამთავრდება და უახლოეს დღეებში რამდენიმე ახალწვეულის შესახებაც შეიტყობთ.
- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საკადრო ცვლილებები კლუბისა და გუნდის სტრუქტურაშიც მოხდა.
- დუბლშემადგენლობას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - თენგიზ სიჭინავა, ხოლო მეკარეების მწვრთნელად გიორგი გაბელია იმუშავებს. გვეყოლება ახალი ექიმი (ზურაბ ლომინაძე) და ფიზმომზადების ახალი მწვრთნელიც.
- ახალ სეზონში "სპარტაკს", ალბათ, წინასგან განსხვავებული მიზნები ექნება...
- ყოველ შემთხვევაში, წინა სეზონის შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ; ამიტომაც ვამბობ, რომ გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის ყოფნა აუცილებელია, თორემ მხოლოდ პერსპექტიული ბიჭებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ. თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და თავს ვინც გამოიჩენს, ძირითად გუნდშიც გადავიყვანთ. აი, მაგალითად წინა სეზონში კილასონიას შემთხვევაში როგორც იყო; ამას გარდა, ძალიან მეიმედება სხვა ბიჭებისაც - კაკაშვილს, ნარიმანიძეს, სეფიაშვილსა და ზერეკიძეს ყველა მონაცემები აქვთ, ძირითადში მოსახვედრად რომ იბრძოლონ.