ნოდარ მაჭავარიანი: გარსია მხოლოდ ბურთით გვავარჯიშებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი ნოდარ მაჭავარიანი თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს. გუშინ მას ინტერვიუ ჩამოვართვით.

- "დინამოში" უკვე ჩაირიცხე?
- "დინამოს" ჩემი დამატება სურს და გუნდში უკვე ვივარჯიშე კიდეც, მაგრამ ქუთაისის "ტორპედოს" საბოლოო პასუხს ველოდები. თუმცა, ასეც რომ მოხდეს, გუნდს შეკრებაზე ვერ გავყვები, რადგან ვარჯიშზე ფეხი ვიტკინე და 10 დღე დასვენება მომიწევს.

- "ტორპედოსთან" კონტრაქტი დაგიმთავრდა?
- კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება, მაგრამ "დინამოს" გამოსყიდვა სურს.

- "ოლიმპიდან" საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედლით მისულს "ტორპედოში" არ გათამაშებდნენ. ტრავმა ხომ არ გაწუხებდა?
-
არაფერი მაწუხებდა, მაგრამ არ მინდა მიზეზებზე ლაპარაკი, ფაქტია, რომ თამაში შემეძლო, მაგრამ... სეზონი დასრულდა თუ არა, ჩემით თბილისის "დინამო" დაინტერესდა, რამაც ძალიან გამახარა. ასეთი გუნდი რომ გიწვევს, მერე სხვაზე აღარც ფიქრობ.

- ვიცოდით, თითქოს რუსთავის "ოლიმპში" უნდა დაბრუნებულიყავი.
- "ოლიმპში" დაბრუნება მართლაც შემომთავაზეს, საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო, როდესაც "დინამო" გამოჩნდა. თუმცა მადლობა რუსთაველებს ყურადღებისა და ნდობისთვის.

- ასეა თუ ისე, დასრულებული ჩემპიონატი შენს აქტივში ვერ ჩაიწერება, ფაქტობრივად, სეზონი დაკარგე.
- ასე გამოდის. რომ მეთამაშა, ბევრად უკეთ ვიქნებოდი, მაგრამ ფორმა მაინც არ დამიკარგავს. უთამაშებლობით უკმაყოფილო ენერგიას ვარჯიშში ვხარჯავდი. "ტორპედოს" ბაზაზე ტრენაჟორების მშვენიერი დარბაზია და იქ საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი. თუმცა თამაში საშინლად მომწყურდა.

- რას იტყვი "დინამოს" ახალი მწვრთნელის, ალექს გარსიას ვარჯიშებზე?
- ბევრ მწვრთნელთან მივარჯიშია, მაგრამ ასეთი საინტერესო ვარჯიშები არ მახსენდება. გამუდმებით ითხოვს პერსონალურ თამაშს კვადრატებში, დაბალ პასებს, გვამუშავებს ბურთის დაჭერაზე, იმაზე, შეტევები მოკლე პასებით და "კედლის" გათამაშებით რომ წამოვიწყოთ, კატეგორიულად კრძალავს უაზრო გადაცემებს, ბურთის დაუფიქრებლად მოგერიებას. გვითხრა, მთელი სეზონი ამაზე ვივარჯიშებთო.

საერთოდ, ყველა ვარჯიში ბურთით მიმდინარეობს. ანუ "დინამოში" "ბარასელონას" სტილს რეალურად ამკვიდრებს. ხშირად გვიმეორებს, რომ უნდა ვითამაშოთ სანახაობრივი და არა ანტიფეხბურთი.

- გასულ სეზონში რომელიმე ჩვენი გუნდი ასეთ ფეხბურთს აჩვენებდა?
- მაგალითად, "ზესტაფონი", თუმცა უმრავლესობა უფრო ანტიფეხბურთს თამაშობდა.

- რას იტყვი ახალ "დინამოზე"?
- გუნდი ძირეულად შეიცვალა. როგორც ვამჩნევ, ეს ეხება არა მხოლოდ შემადგენლობას, არამედ საქმისადმი მიდგომას. აქ უკვე ფიქრობენ არა კონკრეტული ტურნირის ან მატჩის მოგებაზე, არამედ სამომავლო გუნდის ჩამოყალიბებაზე და ნიჭიერ ბავშვებს აწინაურებენ. ვფიქრობ, სერიოზული მუშაობა დაიწყო და პერსპექტიული გუნდი ყალიბდება, სადაც ახალგაზრდებსა და გამოცდილებს შორის ბალანსი დაცული იქნება. ეს უმნიშვნელო ამბავი არ არის, ბევრგან ხომ გუნდს ისე უაზროდ აახალგაზრდავებენ, პატარა ბიჭებს ჭკუის დამრიგებელი უფროსი გვერდში არ ჰყავთ და ვერ იზრდებიან.

რაც მთავარია, შემტევი ფეხბურთის დამკვიდრების მცდელობა მახარებს. მცველი კი ვარ, მაგრამ "ავაზაზე" გავიზარდე და ჩაკეტილ გუნდს და სტილს ვერ ვეგუები, ისევე, როგორც ქართველი გულშემატკივარი. "ავაზას" მოედნიდან "დინამოს" ბაზისკენ რომ გავიხედავდი, ოცნებად მქონდა "დინამოს" ფორმის მორგება, ეს გუნდი კი ბავშვებს შემტევი სტილის გამო გვიყვარდა.

- თბილისის "დინამოში" მოხვედრა ძველებურად საამაყოა?
- როდესაც ბაზაზე შევედი და გუნდთან პირველად ვივარჯიშე, უცებ მივხვდი, რომ ამაყი და ბედნიერი ვიყავი. მარტო "დინამოს" ფორმის მორგებაც კი უფრო თავადჯერებულს გხდის. მერწმუნეთ, ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვინ არ მიცა 1 ამას შანსი? :D დუბლებში იყო და დაიზანტებოდა. ძირითადში ათამაშეს და თუ რამე გოლი გავიდა ამის ბრალი იყო. ფორმაში არა ტოროლას ბუდეში იყავი კიდე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს და წარმატებებს გისურვებთ მარა არავინ არ გჩაგრავდა შენ აქ. (FANKLUB "JUNGLEBI)
trumania
15:10 13-06-2011
0
ბიჯო შენ არ იყავი რო ჩამოდი და იძახე ეს რა სტადიონი გაქვთ აქო? შენი სტადიონი არ იყო? მოღალატე ხარ ქუთაისის ტორპედოსი და შენნაირი შემარცხვენლები არ გვჭირდება აქ და მაგ სიტყვებისთვის პასუხს აგებ
trumania
15:14 13-06-2011
0

სიახლეები პოპულარული