”დილამ” უცხოური შეკრებები დაგეგმა

AutoSharing Option
გორის ”დილას" წლევანდელი მოსამზადებელი გეგმები განსხვავდება იმ ნაცნობი და მობეზრებული სქემისგან, რომელსაც შეჩვეულები ვიყავით. როდესაც ”დილა" უმაღლესი ლიგიდან პირველში და უკან ”მოგზაურობდა", გუნდი თავის წვენში იხარშებოდა და სერიოზული ამბიცია არც ჰქონია. მოსამზადებელ ეტაპზეც, ფაქტობრივად, საქართველოს არ გასცდენია.

უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნებული ”დილას" მესვეურებს მოსამზადებლად ამბიციური გეგმა აქვთ - კლუბი ორ უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებას აპირებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელ გია ცეცაძეს ჩანაფიქრის ხარისხიანად განხორციელების საშუალება მიეცემა.

”15 ივნისს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 17-დან 27 ივნისამდე გორში მოვემზადებით.
ამის შემდეგ ორი უცხოური შეკრება დაიგეგმა: სავარაუდოდ, ორი კვირა, 15 ივლისამდე უკრაინაში მოვემზადებით, იქიდან კი ასევე ორი კვირით სლოვაკეთში გადასვლა გვსურს, სადაც იქაური უმაღლესი ლიგის ოთხ გუნდთან შეხვედრები დავგეგმეთ. საქართველოში 29 ან 30 ივლისს უნდა დავბრუნდეთ", - ამბობს ცეცაძე.

"დილას" მთავარი მწვრთნელის თქმით, წესით, წლეულს გუნდს ფინანსური პრობლემები არ უნდა შეექმნას: "მართალია, ჯერ ”დილას" ანგარიშზე თანხა არ ჩარიცხულა, მაგრამ რაიონის და მხარის ხელმძღვანელთა დამოკიდებულება დამაიმედებელია. ჩვენი ვარაუდით, საკმაოდ კარგი ბიუჯეტი უნდა გვქონდეს".

ცეცაძე ამბობს, რომ ”დილას" გაძლიერებას გამოცდილი ფეხბურთელებით აპირებს: "ნიჭიერი ბიჭები გვყავს, მაგრამ გაძლიერება გვჭირდება, რადგან საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა გვინდა. მხოლოდ ირაკლი ცნობილაძემ და ლევან თედიაშვილმა დაგვტოვეს, ვაპირებთ რამდენიმე ცნობილი და გამოცდილი მოთამაშის დამატებას. ვარჯიშების პარალელურად, საკონტროლო შეხვედრებზე გასასინჯებსაც დავაკვირდებით. ჯერ კი კონტრაქტი არავისთან გაგვიფორმებია."
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული