კლუბის დირექტორი უჩა ნებიერიძე ამბობს, რომ დაშლის საფრთხე არ არსებობს: "ჩვენი კლუბის პირველ ლიგაში დარჩენის საკითხი მალე გადაწყდება. დიდი შანსია, "ლოკომოტივმა" კვლავ პირველ ლიგაში ითამაშოს, რადგან ამ ლიგის ბევრ კლუბს აქვს ფეხბურთის ფედერაციის დავალიანება. არაერთმა არათუ გასული სეზონის, არამედ იმის წინას საწევრო ვერ გადაიხადა. "ლოკომოტივმა" კი ფინანსური ვალდებულებები ჩემპიონატის დაწყებამდე გაისტუმრა, კლუბს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა და ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის საჭირო ლიცენზია. ასე
სხვათა შორის, ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტშიც დაგვიდასტურეს, რომ, შესაძლოა, "ლოკომოტივი" პირველ ლიგაში დარჩეს. თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელი კლუბი ვერ გაივლის ლიცენზირების "ფილტრს".
აქვე პირველ ლიგასთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო ამბებსაც გეტყვით: მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, ტურნირში მონაწილეობის სურვილი აქვს "ნორჩ დინამოს", რომელიც, ტრადიციულად, სკოლის აღზრდილი ახალგაზრდების დაწინაურებას განაგრძობს.
გაურკვეველია, დააფინანსებენ თუ არა პირველ ლიგაში გავარდნილ "სამტრედიას". იმედია, გასული სეზონის მოვლენები არ განმეორდება და საფეხბურთო ქალაქის გუნდს პატრონი გამოუჩნდება. სხვათა შორის, "სამტრედიას" მიხედვა საქართველოს ნაკრების კაპიტან კახა კალაძეს სურდა, მაგრამ "არსენალ-სიტისთან" დაკავშირებულმა და სხვა პრობლემებმა ჩანაფიქრზე დროებით ხელი ააღებინა. არადა, კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა, სამტრედიელი ახალგაზრდების ხელშეწყობა, სტადიონის მოვლა-პატრონობა და სხვა, მაგრამ...
საჩხერის "ჩიხურას", რომელიც უმაღლესი ლიგის გადათამაშების მატჩში ცხინვალის "სპარტაკთან" დამარცხდა, ბიძინა ივანიშვილი კვლავ დააფინანსებს და კვლავ გააგრძელებენ ახალგაზრდების გაზრდას.
ბათუმში "დინამოს" აღორძინების იმედს სტადიონის აშენებას უკავშირებებენ. არადა, 2011 წელი ეკვატორზეა, სტადიონის მშენებლობა კი, ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია. უპატრონო გუნდი ნამდვილად არ ეთქმის, მაგრამ ბათუმის "დინამოს" სხვა ამბიციები აქვს, ვიდრე ელემენტარულად დაფინანსებულ კლუბს.
ვიცოდით, ლანჩხუთის "გურიას" აღორძინება ირლანდიელმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა, მაგრამ ის ირლანდიაშია, გურულთა სატკივარს კი საშველი არ დაადგა.
როგორც გვითხრეს, არსებობს ბიზნესმენი, რომელსაც პირველ ლიგაში გადასული "ზოოვეტის" დაფინანსება სურს. მაისში კლუბების წარმომადგენლებთან გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი წალენჯიხის გუნდის მიხედვას აპირებს. მას შემდეგ კონკრეტული არაფერია ცნობილი.
პირველ ლიგაში კლუბს საგარანტიო წერილს და მინიმალურ ბიუჯეტს მოსთხოვენ, მაგრამ ჯერ მისი ოდენობა ზუსტდება. უმაღლეს ლიგაში კი, სიჭინავას თქმით, მინიმალური ზღვარი 300 ან 500 ათასი ლარი იქნება. თუმცა ჯერ მინიმუმი არ დადგენილა.
რამდენი გუნდი იასპარეზებს პირველ ლიგაში, პარასკევს ან კვირას, კლუბებთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, სავარაუდოდ - 16 ან 14. რაოდენობაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყება ტურნირი. G16-გუნდიანი თუ იყო - ივლისის ბოლოს, 14 გუნდით კი ტურნირის ადრე დაწყების საჭიროება აღარ იქნება და სტარტს აგვისტოში აიღებს. დღევანდელი მონაცემებით, პირველი ლიგის არც ერთ კლუბს მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს.
პირველი და რეგიონული ლიგები ის ტურნირებია, რომელთა უმაღლესი ლიგის და, საერთოდ, ქართული ფეხბურთის მასაზრდოებლის ფუნქცია აკისრია და სანამ მათი დონე არ ამოიწევა, გუნდები არ გაძლიერდებიან და დაძაბული ტურნირები არ გვექნება, მანამ უმაღლეს ლიგას და ნაკრებებსაც არაფერი ეშველებათ - ეს ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმულ-გადაჯაჭვული.