გეთიაშვილი და ქანთარია - ზესტაფონიდან "დილაში"?

AutoSharing Option
"ლელო" უკვე იუწყებოდა, რომ "ზესტაფონი" ორ მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილსა და ზვიად ქანთარიას აკვირდებოდა. მათ ერთი კვირა გუნდის შემადგენლობაში ივარჯიშეს და საკონტროლო შეხვედრაშიც მიიღეს მონაწილეობა.

თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის წევრებს პერსპექტიულ ფეხბურთელებად იცნობენ, დუშან უჰრინი და რაინერ ცობელი ორივეს ძირითად შემადგენლობაში უკვალავდნენ გზას, მაგრამ ბოლო დროს გეთიაშვილი დუბლებში იყო, ქანთარიამ კი "დინამო" დატოვა.

"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის თქმით, ორივე პერსპექტიული მოთამაშეა და მათ ავსტრიულ შეკრებაზე წაყვანას აპირებდა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შანსიც მიმეცა, ახალგაზრდების დაწინაურება მიყვარსო, მაგრამ ფეხბურთელები კლუბში აღარ
ვარჯიშობენ.

თავის დროზე გეთიაშვილსა და ქანთარიას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშიათ, მაგრამ ახლა ორივე უთამაშებელია, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო კი "ზესტაფონში" ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ სახლში დაბრუნებულებმა ჩათვალეს, რომ ამჯერად ჩემპიონი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის დიდი შანსი არ ჰქონდათ და ფორმის აღსადგენად შედარებით სუსტ კლუბში თამაში ამჯობინეს.

ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, მათ გორის "დილაში" განაგრძონ კარიერა - უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდიდან "დინამომ" მათ იჯარაზე წინადადება უკვე მიიღო. სხვათა შორის, 21 წლის ქანთარიათი ქუთაისის "ტორპედოს" ძველი მწვრნელთა შტაბი იყო დაინტერესებული, მაგრამ ისინი გაათავისუფლეს და მოლაპარაკება შეჩერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული