გიორგი ივანიშვილი: ”დინამოში” მხოლოდ ვივარჯიშე

AutoSharing Option
კითხვა, ითამაშებს თუ არა გიორგი ივანიშვილი თბილისის ”დინამოში", მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი,  შვეიცარიული ”ციურიხის" კუთვნილი და ჩელენჯლიგის ”შაფჰაუზენში" იჯარით გაშვებული 21 წლის თავდამსხმელი ”დინამოს" ვარჯიშებზე გამოჩნდა.

საქმეში გასარკვევად გიორგის დავუკავშირდით.

- გავიგეთ, რომ ”დინამოში" ივარჯიშე.
- ”დინამოში" მართლაც ვივარჯიშე და საკონტროლო მატჩიც ჩავატარე, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად გავაკეთე, გუნდში ჩემს ჩარიცხვაზე ლაპარაკი არც ყოფილა. მაგრამ, ეტყობა, არასწორი დასკვნა გამოიტანეს, თითქოს ”დინამოში" მოვდიოდი. დაინტერესებული რომ ყოფილიყვნენ, ავსტრიულ შეკრებაზე წავყვებოდი.

- გუნდთან მოლაპარაკება არ გქონია?
-
კი დაინტერესდნენ, მაგრამ ”ციურიხთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავარდება, ისინი კი უსასყიდლოდ არ გამომიშვებენ.

- ”შაფჰაუზენი" ჩელენჯლიგიდანაც გავარდა და რას აპირებ?
- გუნდთან იჯარის ვადა ამომეწურა და ჯერ შემოთავაზება არ მაქვს. თუმცა შვეიცარიაში გავერკვევი, არის თუ არა რაიმე რეალური ვარიანტი. დაინტერესებული კლუბი თუ გამოჩნდა, ”ციურიხი" პრობლემას არ შემიქნის.

- ტრანსფერში ”ციურიხი" რა თანხას ითხოვს?
- მხოლოდ საფეხბურთო აკადემიისთვის გადასახდელ თანხას მოითხოვენ. დიდი ფული არ უნდა იყოს, წელიწადზე 40 ათასი შვეიცარიული ფრანკი იანგარიშება. ოთხი წლის თანხაზე მეტი არ უნდა გამოვიდეს.

- დაინტერესებული ხარ ”დინამოში" თამაშით?
- საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დიდი სურვილი არ მაქვს, თუმცა, მაინც კარგი იქნება, ოჯახში ვიქნები და საქართველოში მეტ დროს გავატარებ.

- ერთი ხანობა ”შაფჰაუზენში" რატომ არ გათამაშებდნენ?
- შემადგენლობაში კი ვიყავი, მაგრამ მწვრთნელთან უსიამოვნება მომივიდა. სომხეთის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ მითხრა, დაღლილი ჩანხარო და აღარ დამაყენა, ამ მიზეზით მერე შემადგენლობიდან საერთოდ ამომაგდო. კიდევ კარგი, შუა სეზონში გაუშვეს, მისი შემცვლელი კი სულ ძირითადში მაყენებდა.

- სეზონისთვის სად მოემზადები?
- ”ციურიხი" ორშაბათს იკრიბება, შვეიცარიაში ჩავფრინდები და მთავარ გუნდს შეკრებაზე გავყვები. შვეიცარიელებმა ფეხბურთელების კარგად მომზადება იციან, შარშან, ზაფხულში ისე მავარჯიშეს, მთელი სეზონი ჯანზე ვიყავი, არაფერი არ მტკენია.

- ასეთი რა განსაკუთრებული ვარჯიშებია?
- სუნთქვის, გამძლეობისა და სირბილის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ, ფსიქოლოგებიც გვამზადებენ. სხვათა შორის, გუნდში დაახლოებით ათი მწვრთნელია და ყველას თავისი საქმე აქვს ჩაბარებული. მაგალითად, გამძლეობაზე 3 მწვრთნელია, ერთი პულსს და სხვა მონაცემებს გიმოწმებს, სირბილზე ორი თუ სამია....

გიორგი ივანიშვილის თაობაზე თბილისის ”დინამოს" გენერალურ დირექტორ ზურაბ პოლოლიკაშვილსაც დავევკითხეთ.

”გიორგი ჩვენთან ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობდა. მას კონტრაქტი აქვს ”ციურიხთან" და მისი ტრანსფერის გამოსყიდვის საკითხი არ დასმულა", - თქვა პოლოლიკაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული