გველესიანი, თოდუა და ჩაგელიშვილი "დილაში"

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა გორის "დილამ" სეზონისთვის მზადება გუშინ გორში დაიწყო, შემდგომისთვის კი გუნდის ხელმძღვანელებმა ორი უცხოური შეკრება დაგეგმეს.

გორელთა მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის თქმით, უცხოურ შეკრებამდე "დილა" საკონტროლო შეხვედრას "გაგრასთან" გამართავს, თუმცა მატჩის დღე ჯერ არ დაზუსტებულა.

"29 ივნისიდან 13 ივლისამდე ყირიმში, სევასტოპოლის მახლობლად, კუიბიშევოს სპორტულ კომპლექსში მოვემზადებით. საკონტროლო მატჩებს ჯერ უკრაინის პირველი ლიგის გუნდებთან ვგეგმავთ, ბოლოს კი - უფრო ძლიერთან.

14 ივლისიდან მომზადებას სლოვაკეთის ქალაქ პოპრადში გავაგრძელებთ. სამი მატჩის გამართვა გვსურს, რაზეც ადგილობრივი უმაღლესი ლიგის გუნდებთან მოლაპარაკება დაწყებულია და
მეტოქეები მალე გვეცოდინება. გორში კი, სავარაუდოდ, 29 ივლისს დავბრუნდებით" - თქვა ცეცაძემ.

რაც შეეხება ახალწვეულებს, "დილაში" რამდენიმე საინტერესო ცვლილება უკვე მოხდა, თუმცა უფრო მეტი უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

"რამდენიმე ფეხბურთელს დაველაპარაკეთ და მალე გადაწყდება, ვის დავიმატებთ. ახლა მხოლოდ სამი მოთამაშის გვარი შემიძლია დავასახელო: ჯერ კონტრაქტები არ გაუფორმებიათ, თუმცა გუნდში ვარჯიშობენ და შეკრებაზე გამოგვყვებიან თაუზის "თურანიდან" დაბრუნებული მცველი ოლეგ გველესიანი, საჩხერის "ჩიხურას" თავდამსმხელი დავით ჩაგელიშვილი და მარტვილის "მერანის" ფორვარდი გია თოდუა. მათ გარდა, შეკრებაზე 1993-94 წლებში დაბადებულ რამდენიმე ნიჭიერ ბავშვსაც წავიყვანთ. ცხადია, მათ ჯერ შემადგენლობაში ვერ ვათამაშებ, მაგრამ თავის გამოჩენის შანსს მივცემ, ვინ იცის, თავს როგორ გამოიჩენენ" - ამბობს ცეცაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული