"სპარტაკი" - სამწვრთნელო კმაყოფილება

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის ცხინვალის "სპარტაკი" სერიოზულად ემზადება - ბადრი კვარაცხელიას გუნდი 20 ივნისიდან შეკრებაზე ბაკურიანში იმყოფება. როგორც "სპარტაკის" პრესატაშემ დავით ცაბაძემ გვაცნობა, გუნდი ბაკურიანში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა.

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, ლაშა ძაგანია, ნუკრი დაუშვილი;
მცველები: ფრიდოლინ ბოიომო, გიორგი ციმაკურიძე, ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ალავიძე, უჩა ბურძენაძე, გიორგი სეფიაშვილი;
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია, გიორგი მამუჩიშვილი, კობა შალამბერიძე, ბესიკ დეკანოიძე, ვალერი კილასონია, კახაბერ კაკაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, თორნიკე თუხარელი, დავით ზერეკიძე, ერეკლე ხაჭვანი;
თავდამსხმელები: ზვიად მეტრეველი, რევაზ ჯიქია, ილია ბუზალაძე, ზვიად ლობჯანიძე.

"სპარტაკი" ბაკურიანში პირველ ივლისამდე
იქნება და ბადრი კვარაცხელიას სავარჯიშო პროცესში ფიზმომზადების ახალი მწვრთნელი ალექსანდრ ალექსეევი დაეხმარება. ეს უკანასკნელი ადრე "ზესტაფონსა" და "ბაიაში" მუშაობდა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის, ბადრი კვარაცხელიას თქმით, ბაკურიანში "სპარტაკს" ჩინებულ პირობებში უწევს მომზადება; მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია თითოეული ფეხბურთელის საქმისადმი მიდგომით და იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეკრება მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციების (გამძლეობა, სისწრაფე) გაუმჯობესებას მაქსიმალურად ხელს შეუწყობს.

"სპარტაკი" თბილისში პირველ ივლისს დაბრუნდება, ორ-სამ დღეში კი აქ გააგრძელებს ვარჯიშს; სავარაუდოდ, 5 ან 6 ივლისისათვის გუნდს საკონტროლო მატჩიც აქვს დაგეგმილი ერთ-ერთ აზერბაიჯანულ კლუბთან; ამის მერე კი, 10 ივლისიდან "სპარტაკი" მეორე შეკრებაზე, - ურეკში გაემგზავრება, სადაც საკონტროლო შეხვედრებსაც ჩაატარებს.

ახლა კი გუნდის ახალწვეულებზე: 27 წლის გიორგი ციმაკურიძესთან, 26 წლის კობა შალამბერიძესთან და 30 წლის რევაზ ჯიქიასთან კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა; გასულ სეზონში ჯერ "სამტრედიაში", მერე კი ფოთის "კოლხეთში" ჩინებულად მოასპარეზე 23 წლის ლაშა ძაგანიასთან კი - სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. რაც შეეხება 20 წლის თორნიკე ზარქუას, "სპარტაკმა", ფაქტობრივად, შეთანხმებას მიაღწია "დინამოსთან" და ეს პერსპექტიული მეკარე ორწლიანი იჯარით გადაიბირა.

ბაკურიანში წასვლამდე "სპარტაკში" რამდენიმე პოტენციური ახალწვეულიც ისინჯებოდა, თუმცა გიორგი სალარიძემ სხვაგან ამჯობინა კარიერის გაგრძელება; საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი გუგავა და გასულ სეზონში "სპარტაკის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, 18 წლის ტიერი-ანს კლოვისი კი დუბლშემადგენლობასთან ერთად, თბილისში ივარჯიშებენ და ძირითად გუნდს მერე შეუერთდებიან. კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეულის, ზვიად ლობჟანიძის "სპარტაკში" ჩარიცხვის საკითხი კი ბაკურიანის შეკრების შემდეგ გაირკვევა.

ს.კ "სპარტაკის" პრესსამსახურის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნებოდა უცხოურ შეკრებაზე წასულიყო
tedo
19:52 22-06-2011
0

სიახლეები პოპულარული