ქუთაისში ახალგაზრდებს აწინაურებენ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" თავისივე გაზრდილების დაწინაურებას ცდილობს. რა თქმა უნდა, არიან ახალწვეულებიც, მაგრამ გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი პაპიაშვილის თქმით, ახალმა თავკაცებმა გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ დუბლშემადგენლობიდან სამი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიმატეს - ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი გივი იოსელიანი, გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით 17-წლამდელთა ნაკრებში ნათამაშევი ცოტნე ხარაბაძე და ტაბატაძე.

"კარგია შედეგზე ფიქრი და ამ მიზნით გამოცდილი მოთამაშეების მიწვევა, მაგრამ "ტორპედომ" მომავალზეც უნდა იფიქროს, ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ფეხბურთელები გაუზარდოს. სწორედ ამით არის გამოწვეული ამ სამი მოთამაშის დაწინაურება და დარწმუნებული ვართ, მათ დიდი
მომავალი აქვთ", - თქვა პაპიაშვილმა.

საინტერესო ბედი აქვს ხარაბაძეს. 15 წლისა იყო, 17-წლამდელების ძირითად შემადგენლობაში რომ დაიმკვიდრა ადგილი და უმაღლეს ლიგაში "გაგრას" შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ შემდეგ გადავიდა "ტორპედოში" და ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ კარიერა კი აერია - ბოლოს პირველი ლიგის ხარაგაულის "ჩხერიმელაში" თამაშობდა. კიდევ კარგი, დამნახავი გამოუჩნდა, თორემ ეს ნიჭიერი ბავშვიც დაიკარგებოდა...

პაპიაშვილმა დაადასტურა, სავსებით შესაძლებელია, ხმაურიანი ტრანსფერი განვახორციელოთო, თუმცა დასძინა:"მწვრთნელებმა გადახედეს შემადგენლობას და რადიკალური ცვლილებებისგან თავს იკავებენ. მათი აზრით, დღევანდელ შემადგენლობას პოტენციალი აქვს, ჩვენ კი მათი გვჯერა. თუმცა მზად ვართ, მათი მოთხოვნით სასურველი ფეხბურთელები კიდევ ავიყვანოთ".

ქუთაისის "ტორპედო" 24 ივნისიდან 4 ივლისამდე ურეკში, სასტუმრო "თბილისში" დაბინავდება და მოემზადება. მართალია, ამ ეტაპზე საკონტროლო მატჩებზე აქცენტს არ აკეთებენ, მაგრამ ურეკში აზერბაიჯანულ კლუბს ელიან და, შესაძლოა, მათთან ითამაშონ.

პაპიაშვილის თქმით, ქუთაისის "ტორპედო" ურეკში 22 ფეხბურთელით გაემგზავრება:"მათი 95 პროცენტი ჩემპიონატს ჩვენთან გააგრძელებს, მაგრამ ვინმეს დამატებას, გაშვებას ან განათხოვრებასაც არ გამოვრიცხავთ. მწვრთნელები ყველას აკვირდებიან და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ სურთ".

პაპიაშვილმა რევაზ გოცირიძის დაბრუნება დაადასტურა, მაგრამ დავით ბოლქვაძესა და რევაზ ქემოკლიძეზე იგივეს ვერ ამბობს.

"გოცირიძეს მართლაც შევუთანხმდით, გასარკვევია სევასტი თოდუას ამბავიც. 24 ივნისს გვეცოდინება, დარჩება თუ არა გუნდში. რაც შეეხება ბოლქვაძესა და ქემოკლიძეს - მათი საკითხი ჯერ შესათანხმებელია. ასე რომ, ჯერ მათ დამატებას ვერ დაგიდასტურებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული