სოსო ფილია: მილიონიანი ბიუჯეტი დაგვიმტკიცეს

AutoSharing Option
გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული გუნდის დაფინასებას მხოლოდ მაშინ დავიჯერებთ, როდესაც შეპირებული თანხა გუნდის ანგარიშზე დაჯდება. თუმცა ფოთის "კოლხეთი", სავარაუდოდ, წლეულს წელში უნდა გაიმართოს.

ამის იმედს გამოთქვამს გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფილია, რომელმაც ბევრი სხვა საინტერესოც გვითხრა.

- "კოლხეთს" მომზადება ჯერ არ დაუწყია და რას აპირებთ?
- სეზონისთვის მზადებას ორშაბათს, 27 ივნისს დავიწყებთ. თუმცა მანამდე გარკვეული საკითხებია მოსაგვარებელი.

- ალბათ, დაფინანსებას გულისხმობთ.
- ცხადია, უნდა გაირკვეს, ვინ და რა ოდენობით დაგვაფინანსებს.

- კონკრეტულ რიცხვებზეა ლაპარაკი თუ შარშანდელივით გაურკვეველი
მდგომარეობაა?

- ახლა უკეთესი მდგომარეობაა, კონკრეტული თანხა დასახელდა - მომავალი სეზონისთვის "კოლხეთის" ბიუჯეტი მილიონი ლარი იქნება. ფაქტია, რომ ხარჯთაღრიცხვა გაკეთდა და თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს. როგორც გასული ჩემპიონატის მეორე წრეში, გუნდს კვლავ დირექტორთა საბჭო მიხედავს, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი თენგიზ სარიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი დავით ბაბილუა, ამ პროცესს კი ქალაქის მერი კურირებს.

- თანხას ვინ ჩარიცხავს?
- ფოთის პორტი, მერია და ადგილობრივი ბიზნესმენები, ანუ რამდენიმე დამფინანსებელი გვეყოლება.

- რა ცვლილებებია გუნდში?
- ორმა ფეხბურთელმა დაგვტოვა: მიხეილ მახვილაძე რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა, ლაშა ძაგანია – ცხინვალის "სპარტაკში", განთავისუფლების ფურცელს ითხოვს დათა სიჭინავაც. მისი საკითხი მალე გადაწყდება.

- ვინმე დაიმატეთ?
- სამწუხაროდ, სანამ ჩვენი დაფინანასების საკითხი წყდებოდა, სხვა გუნდებში წავიდნენ ის მოთამაშეები, რომელთა დამატებაც გვსურდა: რევაზ ჯიქია და კობა შალამბერიძე - ცხინვალის "სპარტაკში", რევაზ გოცირიძე ქუთაისის "ტორპედოს" დაუბრუნდა, ოლეგ გველესიანი და, როგორც ვიცი, ნიკა გუშარაშვილიც - გორის "დილაში" მიდიან. თუმცა ჯერ კიდევ არიან თავისუფალი ფეხბურთელები და მილიონიანი ბიუჯეტით შეიძლება სხვათა დამატება.
აქვე ვიტყვი, რომ გუნდში რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გვყავს, რომლებმაც გასულ სეზონშიც გამოავლინეს პოტენციალი.

- ნიჭიერები ახსენეთ და, ვიცით, რომ ცენტრალურ ნახევარმცველ ლაშა გვალიას რუსთავის "მეტალურგი" იწვევს.
- დიახ, იწვევს, რადგან მართლაც ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ერთი წელი "კოლხეთში" დარჩენით უფრო გაიზრდება. ჯერ კიდევ უნდა დავხვეწოთ, მერე კი, დარწმუნებული ვარ, დიდ ფეხბურთს ითამაშებს. მას დიდი პოტენციალი აქვს, დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ნაკრებში თამაშსაც შეძლებს. დიდი ხანია, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფოთში არ გვყოლია - მოაზროვნე ფეხბურთელია, ეხერხება თამაშის გახსნა, ფეთქებადია. და რაც ყველაზე უცნაურია და მახარებს: ამ სტილის ნახევარმცველებს საქართველოში სირბილი და მოძრაობა არ უყვართ, ლაშა კი უბურთოდაც ბევრს მოძრაობს და მისი აზროვნება თანაგუნდელებისას უსწრებს. აუცილებლად უნდა დაველაპარაკო ოთარ გაბელიას და ამ ბიჭის ახალგაზრდულში აყვანა ვურჩიო, 19 წლისაა და, ამის მიუხედავად, ერთი წელია, უმაღლეს ლიგაში გამოცდილი ფეხბურთელივით თამაშობს.

ამას გარდა, მარცხენა ფლანგზე ვათამაშებდი დავით მეგრელიშვილს, საყრდენად კი გიორგი ლემონჯავას – 18-19 წლის ბიჭები არიან და მჯერა, მომავალ სეზონში თავის სიტყვას იტყვიან. ასე რომ, უიმედო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს.

- ახალ სეზონში რა მიზანი გექნებათ?
- მილიონიანი ბიუჯეტით სავსებით შესაძლებელია ხუთეულში მოსახვედრად ბრძოლა, პროგრამა მინიმუმი კი საუკეთესოში რვა გუნდში ყოფნაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული