ოპტიმისტური ფონი
ამ შემთხვევაში ყველაზე ტიტულიან ქართულ გუნდზე, თბილისის "დინამოზე" ვისაუბრებთ, ხუთშაბათის მატჩისთვის დღეიდან რომ დაიწყებს მზადებას დიღმის საწვრთნელ ბაზაზე. უფრო ზუსტად გააგრძელებს, - შეგახსენებთ, რომ ახალი მწვრთნელის, ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით "დინამომ" ახალი სეზონისთვის მზადება 7 ივნისს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო; ხუთი დღის შემდეგ კი გუნდი უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრა - ჯერ სლოვენიაში, შემდეგ კი ავსტრიაში "დინამომ" სამი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა.
გარსიას ხანმოკლე ესპანურ ვოიაჟზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ევროპის ლიგის კენჭისყრის შედეგებს გვინდა დავუბრუნდეთ. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ვთქვათ, რომ "დინამოს" მართლაც რომ სასურველი მეტოქეები შეხვდა: მოლდოვური "მილსამი" (პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე) და უელსური "ლანელი " (მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე) დაუძლეველ ბარიერად ნამდვილად არ მივიჩნიოთ. ანუ, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "დინამომ", სულ მცირე, შარშანდელი შედეგი უნდა გაიმეოროს: შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა 2010/11 წლების ევროპის ლიგის გათამაშებაში ჯერ ესტონურ "ფლორას" აჯობა, მერე კი შვედურ "გეფლეს". სხვათა შორის, "დინამო" არც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე შერცხვენილა და უამრავი საკადრო პრობლემის მიუხედავად, ავსტრიის "შტურმს" ღირსეულად ეთამაშა. ჰო, საკადრო პრობლემები შემთხვევით არ გვიხსენებია: "შტურმთან" განმეორებით მატჩში "დინამოს" იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, კახა კაჭარავას სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ 19-20 წლის ბიჭები ჰყავდა და მათგან სამმა (გიორგი მამუჩიშვილი, გიორგი გეთიაშვილი, გიორგი გველესიანი) მონაწილეობა მიიღო კიდეც ამ შეხვედრაში, "ფლორასთან" და "გეფლესთან" მატჩებში ევროტურნირებზე სადებიუტო მატჩები ჩაატარეს 19 წლის ირაკლი ლეკვთაძემ და 20 წლის ირაკლი სიხარულიძემ; თუმცა, ყველაზე "უცნაური" ის იყო, რომ ესტონეთში, შვედეთსა და ავსტრიაში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში "დინამოს" განაცხადში 18-ის ნაცვლად 16 ან 17 ფეხბურთელი გახლდათ ხოლმე...
საბედნიეროდ, ეს პრობლემა (ისე როგორც - სხვა) "დინამოს" ახალ თავკაცს არ უნდა აწუხებდეს; თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მოლდოვურ "მილსამისთან" პირველ შეხვედრაში გარსიას ორი წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება: 26 წლის ლევან ხმალაძე და 24 წლის გიორგი კახელიშვილი დისკვალიფიცირებულნი არიან (შარშან, "შტურმთან" თბილისურ მატჩში გააძევეს მოედნიდან).
საერთოდაც, ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო "დინამოს" სავარაუდო შემადგენლობა უნდა იყოს; მით უფრო, რომ ესპანელმა მწვრთნელმა სამივე სპარინგ-მატჩში "დინამო" ახალი ტაქტიკური სქემით (4-3-3) ათამაშა. რა თქმა უნდა, ამხანაგური მატჩების (მით უმეტეს, სეზონისწინა შეკრებაზე) შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მაგრამ იმის მიხედვით, თუ რომელ ფეხბურთელებს უფრო ენდობოდა ესპანელი მწვრთნელი სლოვენიურ- ავსტრიულ შეკრებაზე, გარკვეული მონახაზის გაკეთება, ალბათ, უკვე შესაძლებელიც არის.
ახალი ტაქტიკა
ძირითადი მეკარის საკითხი საკამათო არავისთვის უნდა იყოს: 25 წლის გიორგი ლორიამ შეკრებაზე სამივე მატჩი ძირითადში დაიწყო და მხოლოდ ერთ შეხვედრაში (სლოვენიურ "კოპერთან") შეცვალა "დინამოში" დაბრუნებულმა 37 წლის სოსო გრიშიკაშვილმა.
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დაცვის ცენტრში 22 წლის გულვერდ თომაშვილისა და 20 წლის ლევან კაკუბავას "ტანდემი" უნდა ვიხილოთ - გარსიამ ამ ორივე ფეხბურთელს სამივე მატჩში ძირითადში აყენებდა. დისკვალიფიცირებულ ლევან ხმალაძის არყოფნაში დაცვის მარცხენა ფლანგზე, სავარუდოდ გიორგი რეხვიაშვილი ითამაშებს - "დინამოს" 23 წლის ახალწვეულს ცენტრალურ მცველადაც (თან, წარმატებულად) რომ შეუძლია ასპარეზობა, არახალი ამბავია. საერთოდაც, ამ უცხოურ შეკრებაზე ესპანელმა მწვრთნელმა მეკარეების გარდა, ფაქტობრივად თითქმის ყველა ფეხბურთელი რამდენიმე პოზიციაზე გამოსცადა, და ვფიქრობთ, გარკვეული დასკვნებიც გამოიტანა. მაგალითად, პირველ მატჩში მარჯვენა მცველად ("ზარიასთან") 26 წლის შოთა კაშიამ ითამაშა, მეორე ტაიმში ვის ნაცვლადაც დავით ოდიკაძე გამოჩნდა! შესაძლოა, ბევრს გაუკვირდა კიდეც, მაგრამ ფაქტია: გარკვეული პაუზის მერე "დინამოში" დაბრუნებულმა 30 წლის ოდიკაძემ სამივე შეხვედრა მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჩაატარა!
რაც შეეხება კიდევ ერთ მცველს, 30 წლის ირჟი ჰომოლას, ჩეხ ლეგიონერს ამ ეტაპზე ძირითადში მოხვედრა, ალბათ, გაუჭირდება.
ცალკეულ რგოლებს შორის ყველაზე "არაპროგნოზირებადი" ნახევარდაცვის ხაზია; გარსია სამივე მატჩში სხვადასხვა ვარიანტს მიმართავდა და ჩვენი აზრით, უალტერნატივო, ალბათ მხოლოდ 29 წლის ალექსანდრე კოშკაძე უნდა იყოს; მით უფრო, რომ "დინამოს კაპიტანს ნახევარდაცვაში (თანაც, ნებისმიერ განლაგებაში) სხვადასხვა ადგილას ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში; აი, ვინ იქნება დანარჩენი ორი შუახაზელი, ეს ძნელი სათქმელია, - ყოველ შემთხვეაში, 24 წლის ნიკა ფირცხალავას, 20 წლის გიორგი თექთურმანიძესა და 19 წლის ნიკა კვეკვესკირს, ფაქტობრივად, ერთნაირი შანსი აქვთ ძირითადში მოსახვედრად; 24 წლის სამირ ჰაჯიბულიჩი ორ მატჩში შეცვლაზე შევიდა, ერთი შეხვედრა კი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა; სამაგიეროდ, სამი მატჩი ჩაატარა (თანაც, ორი ძირითადში დაიწყო) 18 წლის ჯაბა ჯიღაურმა, რომელსაც წინა სეზონში მართლაც შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა: უმაღლეს ლიგაში პირველსავე მატჩში ("ტორპედოსთან") ეფექტური გოლი გაიტანა.
ნახევარდაცვის მსგავსად, თავდასხმის ხაზშიც სერიოზული კონკურენციაა; თანაც, "დინამო" ხომ სამფორვარდიანი ტაქტიკით თამაშს უნდა შეეჩვიოს და ამ უცხოურ შეკრებაზე გარსიამ რამდენიმე ვარიანტი მოსინჯა: პირველ მატჩში ძირითადში თამაში გარემარბებად გიორგი კახელიშვილმა და 21 წლის დონალდ ჯუისმა დაიწყეს, 23 წლის რობერტინიო კი ცენტრფორვარდად მოგვევლინა! მეორე შეხვედრაში ფლანგებზე ძირითადში გამოჩნდნენ 19 წლის ირაკლი ლეკვთაძე და 19 წლის ლადო ახალაია. გარკეული პაუზის მერე "დინამოში" დაბრუნებულმა ახალაიამ სამივე საკონტროლო მატჩი სხვადასხვა პოზიციაზე ჩაატარა, აი, რაც შეეხება კიდევ ერთ ახალწვეულს, 26 წლის სანდრო იაშვილს, სამივეჯერ შეცვლაზე ითამაშა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მხოლოდ ერთ მატჩში (ისიც, მხოლოდ ნახევარი საათით) მოუწია თამაშმა 21 წლის ვახტანგ ფანცხავას, რომელსაც (ისე როგორც სანდრო იაშვილს) ძირითად შემადგენლობაში სწორედ ცენტრფორვარდის პოზიციაზე უნდა ჰქონდეს პრეტენზია. ფანცხავამ ერთი არასრული მატჩი მაინც ჩაატარა, აი, 27 წლის გოგა ბერაიას კი ტრავმამ შეუშალა ხელი თავის ახალ გუნდში საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინა.
ესპანელები მოდიან
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "დინამოს" მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაცვლად ესპანეთში გაემგზავრა. მართალია, კლუბში ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მაგრამ "დინამოს" ქომაგები თითქმის დარწმუნებით ამტკიცებენ, რომ მოლდოვურ გუნდთან მატჩამდე ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში , სულ მცირე, ორი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდება. ანუ, ესპანეთიდან გარსია "ხელცარიელი" არ ჩამოვა და, როგორც ადრევე ვივარაუდეთ, "დინამოში" თანამემამულე ფეხბურთელებსაც ჩამოიყვანს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ესპანელი მწვრთნელი ნამდვილად ვერ იქნებოდა კმაყოფილი "დინამოს" შედეგიანობით: სამ საკონტროლო მატჩში გუნდმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ისიც - პენალტით! ანუ, პოტენციურ ახალწვეულთა შორის სწორედ წინა ხაზის ფეხბურთელები უნდა ყოფილიყვნენ და აი, უკვე ორმა კონკრეტულმა გვარმაც გაიჟღერა.
ეგ კი არა, ინტერნეტ-ენციკლოპედია "ვიკიპედიაზე" ამ ორი ფეხბურთელის ახლანდელ კლუბად თბილისის "დინამოა" მითითებული! ამათგან ერთი, საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი ფეხბურთელია: 30 წლის ხისკოს (ფრანსისკო ხავიერ მუნიოს ლომპარტი) მართლაც გამორჩეული კარიერა ჰქონდა და სხვადასხვა დროს წარმატებით ასპარეზობდა "ვალენსიას", "ბეტისისა" და "ლევანტეს" შემადგენლობაში. ბოლო სეზონი ხისკომ "ლევანტეში" ჩაატარა (26 მატჩი), სხვადახვა დროს თამაშობდა ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში. რაც შეეხება ტიტულებს, "ვალენსიას" შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონიც იყო და უეფას თასის მფლობელიც. თუმცა, 2004 წლის უეფას თასის ფინალში "მარსელის" წინააღმდეგ ხისკოს არ უთამაშია (განაცხადში იყო); ისე იმ დროს "ვალენსიას" მართლაც ჩინებული გუნდი ჰყავდა: სანტიაგო კანისარესი, რობერტო აიალა, კარლოს მარჩენა, ამადეო კარბონი, დავიდ ალბელდა, რუბენ ბარახა, მიგელ-ანხელ ანგულო, ვისენტე, პაბლო აიმარი, მწვრთნელად კი რაფაელ ბენიტესი მუშაობდა.
აი, რაც შეეხება მეორე პოტენციურ ახალწვეულს, 22 წლის კარლეს კოტო "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, თუმცა ესპანეთში მხოლოდ მეორე ("სევილია-ბ") და მესამე ("ბენიდორმი") დივიზიონში უწევდა თამაში. ბოლო სეზონი კი კვიპროსის "ანორთოსისში" გაატარა და 23 მატჩში 1 გოლიც გაიტანა.
კიდევ ვიმეორებთ: ხისკოსა და კოტოს "დინამოში" ჩამოსვლის ამბავი ოფიციალურად არავის დაუდასტურებია; თუმცა, იმას კი ვერავინ უარყოფს, რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ალექს გარსია ესპანეთიდან... "ხელცარიელი" ნამდვილად არ ჩამოვა!..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"