კონტრაქტი პირდაპირ ეთერში

AutoSharing Option
გუშინ, 4 ივლისს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "არენას" პირდაპირ ეთერში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და მაუწყებლის გენერალურმა პროდიუსერმა გიორგი გაჩეჩილაძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რითაც ჩვენი ჩემპიონატის მაყურებელმა დაისვენა - კონტრაქტი ეროვნული ჩემპიონატის მთელი სეზონის ჩვენებაზეა გათვლილი.

სიჭინავას თქმით, მატჩების რეპორტაჟები მხოლოდ კეთილმოწყობილი და განათების საერთაშორისო სტანდარტების მქონე სტადიონებიდან დაიგეგმება - ეროვნული სტადიონიდან, ქუთაისიდან, "მიხეილ მესხიდან", რუსთავიდან, ზესტაფონიდან. შესაძლოა, ქალაქების ჩამონათვალს ფოთიც შეემატოს, ვინაიდან სტადიონის რეკონსტრუქცია და განათების სისტემის გაძლიერება "ფაზისზეც" იგეგმება.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" შეხვედრების გაშუქებას 11 კამერით აპირებს, რაც ქართულ
სინამდვილეში დიდი ფუფუნებაა. ასე მატჩები მხოლოდ დასრულებული ჩემპიონატის ბოლო შვიდ ტურში გადაიცა, ახლა კი ეს სისტემატურად მოხდება.

"გადაწყდა, რომ სატელევიზიო ეთერის ინტერესებიდან გამომდინარე, ტურის თამაშები კვირაობით 18 საათზე დაიწყება, ზამთარშიც და ხაფხულშიც ამ დროს იქნება და მაყურებელი რეპორტაჟს ერთ დროს და დღეს მიეჩვევა. ჩვენ მატჩის არჩევის ექსკლუზიური უფლება გვაქვს. დღე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თანაც გამონაკლის შემთხვევაში, თუ ტური სხვა დღეს რელიგიური დღესასწაულის ან სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების გამო დაიგეგმება", - გვითხრა "საზოგადოებრივის" სპორტულმა პროდიუსერმა დავით მინაშვილმა.

სიჭინავას თქმით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ეროვნული ჩემპიონატის კადრების ჩვენების ექსკლუზიური უფლება ექნება, სხვებს კი ეს მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, როდესაც მატჩის კადრებს "საზოგადოებრივის" მაყურებელი იხილავს - ცხადია, შეზღუდვები საინფორმაციო გამოშვებებში გასაშვებ ხანმოკლე კადრებს არ შეეხება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ პირველი ლიგის მატჩების გაშუქებას ერთ-ერთი ინტერნეტტელევიზია აპირებს.

მინაშვილის თქმით, "საზოგადოებრივი" პირველი ლიგის გაშუქებასაც აპირებს:"ეროვნული ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, 8 აგვისტოდან გადაცემა "არენა" ორ ნაწილად გაიყოფა, ხუთშაბათს სპორტულ თოქ-შოუში გაშუქდება ყველა სახეობა, ორშაბათს კი მხოლოდ საფეხბურთო მიმოხილვა იქნება ეთერში, ოღონდ უფრო ვრცლად - შევეცდებით, მაყურებელს უფრო ახლოს გავაცნოთ წამყვანი მოთამაშეები, გუნდები, ჩვენი საფეხბურთო ცხოვრება, ორივე გადაცემა კი 23 საათზე დაიწყება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კომენტატორები გვინდა! გამოაცხადონ კონკურსები! ახალი ხალხი გვინდა: ზრდილობიანი, წესიერი, განათლებული, ქართულის მცოდნე და ფეხბურთის მცოდნე. გვეყო ჩამყაყება!
tuxa
23:35 06-07-2011
0
ჩვენი კომენტატორები მართლა მძიმე მოსასმენია, თამაშში ვერ ერკვევი ეს ერთია, მაგრამ მოემზადე მაინც რა და მოწინააღმდეგე გუნდებზე ინფორმაცია მაინც მოაგროვე (სხვათა შორის ამას ობოლაძე პრიმიტიულ დონეზე აკეთებს ხოლმე, ესეც საქმეა).

მაგრამ სხვა დარგებშიც ეგრე არ ვართ? ზოგადი ტოტალური არაპროფესიონალიზმია ჩვენთან, სადაც ხათუნა მაღლაკელიძე და ვერა ქობალია მინისტრები არიან, აკო მინაშვილი დეპუტატია, მინაშვილი სპორტული კომენტატორი, ნინა წკრიალაშვილი მომღერალი, ლაშა ხარაზიშვილი ჟურნალისტი, გია ნოდია ფილოსოფოსი, მიშა თავხელიძე ეკონომიკის ექსპერტი და მიდიიი - გაგიხარია, ყვავის ქვეყანა. განათლების სისტემაც ისეთ დღეში გვაქვს არ მგონია ახლო დროში რაიმე შეიცვალოს. ხო, 1 დამავიწყდა, მთავრობის მომხრე რეპერი საქართველოს მეტი არსებობს სადმე?
buxuti
13:49 06-07-2011
0

სიახლეები პოპულარული