მოკლედ, 2004 წლის გაზაფხულზე არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ”დინამო” მორიგ ტიტულს მოიპოვებდა; მაგრამ დაიწჟო მეორე ეტაპი და კონკურენტებთან არსებული სოლიდური უპირატესობაც ”უცბად” გაქრა: ”დინამომ” ექვს მატჩში ექვსი ქულის მოგროვება მოახერხა და ხორვატი მწვრთნელიც იძულებული იყო თანამდებობა დაეტოვებინა.
თუმცა, იმ სეზონის მსვლელობის დროს კიდევ ორი
წარუმატებელი ბრაზილიელი
დე კამპუში ქუთაისის ”ტორპედოში” იმ პერიოდში მივიდა, ამ გუნდს სერიოზული კრიზისი რომ ჰქონდა დაწყებული. პირველი ეტაპის დამთავრებამდე დრო ცოტა არ იყო დარჩენილი და თერთმეტი ტურის განმავლობაში ბრაზილიელ მწვრთნელს, ერთი შეხედვით, იოლი მისია ჰქონდა შესასრულებელი: ქვეყნის სამგზის ჩემპიონი და წინა გათამაშების ვერცხლის პრიზიორი ”როგორმე” პირველ ექვსეულში მოეხვედრებინა! ქუთათურ ქომაგთა სამწუხაროდ, კამპუშმა ეს ვერ შეძლო: პირველი ეტაპის დასკვნით მატჩში ”ტორპედოს” ორბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა უშუალო კონკურენტი გორის ”დილა”, მაგრამ მხოლოდ 1:0-ს დასჯერდა...
ისე, 2003-04 წლების ჩემპიონატი მართლაც ”უცნაური” იყო: ”დინამოსა” და ”ტორპედოს” ნაცვლად, საჩემპიონო დავაში ”ვიტ ჯორჯია” და ”სიონი” ჩაებნენ; თუმცა, ისევ ”ტორპედოსა” და, კერძოდ, კამპუშის საქმიანობას დავუბრუნდეთ: სხვა უცხოელი კოლეგებისგან განსხვავებით, ბრაზილიელ მწვრთნელს საქართველოს ჩემპიონატში ერთობ წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა (0:4 დამარცხდა ბათუმის ”დინამოსთან”); ეგ კი არა, პირველ გამარჯვებას მხოლოდ მეოთხე მატჩში მიაღწია და იმის მიუხედავად, რომ, ფაქტობრივად, წინა წლის შემადგენლობა ჰყავდა (მალხაზ ასათიანის გამოკლებით), სასურველ შედეგს ვერ მიაღწია და როგორც იმ დროს ამბობდნენ, ქუთაისიდან არც თუ ”სასიამოვნოდ” გააცილეს. არადა,
ზოგი იმასაც ამტკიცებდა, რომ ბრაზილიელი მწვრთნელი ურიგო სპეციალისტი არ იყო. რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა დააწინაურა, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულს მოგვიანებით კარიერაც რომ დაენგრა და ცხოვრებაც...
არაფრით გამორჩეული
მომდევნო სეზონი ჩვენ ჩემპიონატში მხოლოდ ერთმა ლეგიონერმა მწვრთნელმა დაიწყო: უმაღლესი ლიგის დებიუტანტ ”ზესტაფონის” თავკაცმა უკრაინელმა ვლადიმერ ზემლიანოიმ. ლეგიონერი მწვრთნელის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა: ”ზესტაფონმა” საკუთარ მოედანზე წააგო გიორგი დევდარიანის ”თბილისთან”; ამას კიდევ უარესი მარცხიანი სერია მოჰყვა და 7 ტურის მერე ზემლიანოიც გაათავისუფლეს: უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ”ზესტაფონმა” 6 მატჩი წააგო და მხოლოდ 1 მოიგო...
გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2004-05 წლების ჩემპიონატში უცხოელი მწვრთნელის გარეშე ვიყავით დარჩენილი; მერე კი, ერთდროულად ორი ლეგიონერი სპეციალისტი გამოჩნდა და ორივე ”ძველი ნაცნობი”: ”თბილისი” ლუის ცაკარიასმა ჩაიბარა და საბოლოოდ, ეს მართლაც გამორჩეული გუნდი მესამე ადგილზე გაიყვანა. ცაკარიასს ისეთი ნახევარდაცვის ხაზი ყავდა, მეტოქეებს უამრავ პრობლემას რომ უქმნიდა: გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა, თორნიკე აფციაური, რევაზ გეწაძე;
მეორე ეტაპიდან კი პერუელმა სპეციალისტმა ორი ჭაბუკი ფეხბურთელიც დააწინაურა - რევაზ ბარაბაძე და გიორგი ფოფხაძე. ამასთან, მეორე ეტაპიდან კვლავაც ვიხილეთ უცხოელ სპეციალისტთა ”დუელიც”: ”ვიტ ჯორჯიაში” ჯანი კარნევალე დაბრუნდა! სხვათა შორის, სწორედ 2005 წლის გაზაფხულზე დასრულდა ლუის ცაკარიასისა და ჯანე კარნევალეს ქართული სამწვრთნელო კარიერაც...
2005-06 წლების სეზონი ისე დაიწყო და პირველი წრეც ისე დამთავრდა, საქართველოს ჩემპიონატში არც ერთი უცხოელი მწვრთნელი არ ყოფილა; აი, მეორე წრიდან კი თბილისის ”დინამოს” მთავარ მწვრთნელად რუსი სპეციალისტი, იმ დროისათვის 37 წლის ანდრეი ჩერნიშოვი დაინიშნა. სხვათა შორის, ”დინამოს” ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება ბევრს გაუკვირდა: საქართველოში ჩამოსვლამდე ჩერნიშოვს არანაირი სამწვრთნელო მიღწევები არ ჰქონდა და საერთოდაც, რუსეთშიც ერთობ სკანდალური სპეციალისტის იმიჯით სარგებლობდა.
ჩერნიშოვმა მოგებებით დაიწყო: ჯერ ”კახეთს” მოუგო, მერე კი, ცოტა არ იყოს, უცნაურ მატჩში ”თბილისს” აჯობა (3:2). თუმცა, ამის მერე ”დინამო” არასტაბილურად ათამაშდა და, ფაქტობრივად, ვერც ერთი პრინციპული მატჩი (”სიონთან”, ”ვიტ ჯორჯიასთან”, ”ამერთან”) ვერ მოიგო. საბოლოოდ, ”დინამომ” მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, არადა, სწორედ მეორე ეტაპის დაწყებიდან (ანუ ჩერნიშოვის მოსვლიდან) გუნდს ვიტალი დარასელია, ლადო ბურდული, ლადო ახალაია და გიორგი შაშიაშვილი დაუბრუნდნენ; არანაკლებ უცნაური იყო ის ფაქტიც, როცა ჩერნიშოვი სრულ იგნორირებას უკეთებდა გუნდის ბრაზილიელ ახალწვეულს ჟილვან ვიეირას, ვინც შემდგომში ”ზესტაფონში” ასპარეზობისას წლების განმავლობაში ამტკიცებდა თავის მაღალ კლასს.
სახელოვანი დუშანი
ჩერნიშოვს ”დინამოში” რომ აღარ დატოვებდნენ, ყველასათვის ცხადი იყო და საერთოდაც, მომდევნო სეზონის დასაწყისისათვის ჩვენ ჩემპიონატში არც ერთი უცხოელი მწვრთნელი არ მუშაობდა. და აი, ექვსი ტურის შემდეგ თბილისის ”დინამოს” მთავარ მწვრთნელად ცნობილი ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი დაინიშნა.
წინდაწინვე უნდა ვთქვათ, რომ არც მანამდე და არც მერე საქართველოს ჩემპიონატში ასეთ ტიტულოვან მწვრთნელს არ უმუშავია - უჰრინს ხომ სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე არაერთი წარმატება ჰქონდა მოპოვებული. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, XX საუკუნის ჩეხეთის საუკეთესო მწვრთნელად სწორედ დუშან უჰრინია დასახელებული...
”დინამოში” უჰრინის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა: პრინციპულ მეტოქესთან ”ზესტაფონთან” სტუმრად 0:1 დამარცხდა; თუმცა, ამის მერე ”დინამო” ჩინებულად ათამაშდა და სეზონის ბოლომდე გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (არანაკლებ პრინციპულ მოწინააღმდეგე ”ვიტ ჯორჯიასთან”). ამის მიუხედავად, გუნდმა ჩემპიონობა ვერ მოიპოვა და მხოლოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. სამაგიეროდ, მომდევნო სეზონში უჰრინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ”დინამო” უკვე უკონკურენტო იყო და ჩემპიონატიც დამაჯერებლად მოიგო - მეორე ადგილზე გასული ”ვიტ ჯორჯია” 10 ქულით ჩამოიტოვა! ისიც საინტერესო ფაქტია, რომ დუშან უჰრინმა თავისი მართლაც შთამბეჭდავი სამწვრთნელო კარიერა საქართველოს ჩემპიონის რანგში დაასრულა!
2007-08 წლების სეზონში უჰრინი ერთადერთი ლეგიონერი მწვრთნელი არ ყოფილა: II ტურიდან რუსთავის ”ოლიმპის” მთავარ მწვრთნელად ანატოლი პისკოვეცი დაინიშნა. უკრაინელ სპეციალისტს წარმატებული დებიუტი ჰქონდა და ზედიზედ ორი მატჩიც მოიგო; თუმცა, პისკოვეცს სეზონის დამთავრება არ აცალეს - მეორე წრის დასაწყისში, ზედიზედ ორი მარცხის მერე გუნდიდან გაათავისუფლეს.
ამის მიუხედავად, პისკოვეცზე ვერავინ იტყოდა: ურიგო სპეციალისი იყოო - რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელიც (დავით დევდარიანი, გიორგი გაბედავა) დააწინაურა და დსთ-ს თასზეც ღირსეულად ათამაშა გუნდი. პისკოვეცის ხელმძღვანელობით იმ სეზონში ყველაზე გამორჩეული მატჩი კი ”ოლიმპმა” თბილისში, ”დინამოს” წინააღმდეგ ჩაატარა: რუსთაველებმა 18-წლიანი (!) პაუზის მერე შეძლეს სტუმრად ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება...
კლებადობის ტენდენცია
საიუბილეო, XX ჩემპიონატის დაწყებამდე თბილისის ”დინამოში” ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა - რაინერ ცობელი; გერმანელი სპეციალისტის დებიუტი ევროტურნირებს დაემთხვა: ”დინამომ” საშინაო მატჩში ფარერების ”რუნავიკს” მოუგო (3:0). მართალია, განმეორებით მატჩში 0:1 წავაგეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გავედით, სადაც, თავიდანვე განწირულები ვიყავით: ბერძნულ ”პანათინაიკოსთან” ორი მატჩის ჯამში (0:3, 0:0) დავმარცხდით.
რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ცობელს პირველსავე მატჩში ფიასკო ელოდა: უმაღლესი ლიგის დებიუტანტ ”გაგრასთან” დამარცხდა. საერთოდაც, იმ სეზონში ”დინამომ” კლუბის ანტირეკორდი დაამყარა: საწყის ხუთ შეხვედრაში სამი წაგება ჰქონდა! მერე, სიტუაცია გამოსწორდა, თუმცა მეორე წრეში, როცა ”დინამომ” ზედიზედ ორი ფრე ითამაშა (”სპარტაკთან” და ”ლოკომოტივთან”), ცობელს კარისკენ მიუთითეს და, ალბათ, დამსახურებულადაც - გერმანელი მწვრთნელი მართლაც არ გახლდათ მაღალი დონის სპეციალისტი. ისე, საქართველოდან ცობელი უტიტულოდ მაინც არწასულა: 2008 წლის დეკემბერში ლევან ხმალაძის ერთადერთი გოლის წყალობით ”დინამომ” სუპერთასი მოიპოვა.
ცობელი 2009 წლის მარტის ბოლოს ”დაგვემშვიდობა”, და ყველას რომ გვეგონა, უცხოელი მწვრთნელის გარეშე დარჩა საქართველოს ჩემპიონატიო, სწორედ მაშინ გამოჩნდა კიდევ ერთი ლეგიონერი სპეციალისტი: სეზონის დასკვნითი 6 მატჩი ”გაგრამ” უკრაინელი სპეციალისტის, ვლადიმერ კაშჩეის ხელმძღვანელობით ჩაატარა.
რადგან შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა: კაშჩეის ოფიციალურად კონსულტანტის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ, ფაქტობრივად, სწორედ უკრაინელი გახლდათ ”გაგრას” მთავარი მწვრთნელი. კაშჩეიმ სადებიუტო მატჩიც წააგო (”სიონთან”) და საერთოდაც, მთავარი მიზანი ვერ შეასრულა: ”გაგრა” პირველ ლიგაში დაქვეითებისაგან ვერ იხსნა. თუმცა, ”მშველელად” სხვა გუნდი მოევლინა: ”მესხეთმა” ლიცენზირება ვერ გაიარა და 2009-10 წლების სეზონი ”გაგრამ” კვლავაც უმაღლესში დაიწყო. გუნდს ისევ ვლადიმერ კაშჩეი თავკაცობდა და ისევ კონსულტანტის სტატუსით, თუმცა შედეგი აშკარად არასახარბიელო ჰქონდა და როცა პირველი ეტაპის მიწურულს უკრაინელი გაათავისუფლეს, ეს ამბავი არავის გაჰკვირვებია.
ჰოდა, ისე მოხდა, რომ 2009-10 წლების სეზონის გარკვეულ პერიოდში უმაღლეს ლიგაში არც ერთი უცხოელი მწვრთნელი არა გვყავდა; თუმცა, სეზონის მიწურულს ერთი ლეგიონერი სპეციალისტი მაინც ”გამოჩნდა”: დასკვნითი ცხრა ტურის განმავლობაში ”გაგრას” ანატოლი პისკოვეცი მოძღვრავდა, ვინც საქართველოს ჩემპიონატს ორწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.
სამწუხაროდ, პისკოვეცის მოწვევა დაგვიანებული აღმოჩნდა და ”გაგრაც” პირველ ლიგაში დაქვეითდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ 2001-11 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატი უცხოელი მწვრთნელის გარეშე დარჩა, - პირველად, 1999 წლის შემდეგ! თუმცა, უნდა დავაზუსტოთ: ამ შემთხვევაში ლაპარაკია უმაღლეს ლიგაზე, თორემ წინა სეზონში ლეგიონერი მწვრთნელი I ლიგაში გვყავდა და საკმაოდ წარმატებულიც გახლდათ; ყოველ შემთხვევაში, მართლაც ბევრი კოლეგა ინატრებდა ანატოლი პისკოვეცის მიღწევებს - უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ”გაგრამ” უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა და, რაც მთავარია, საქართველოს თასის გათამაშებაში გაიმარჯვა!
საქართველოს XXIII ჩემპონატი ერთ თვეში დაიწყება და დღესდღეობით უმალღესი ლიგის მხოლოდ ორ გუნდს ჰყავს უცხოელი მწვრთნელი: ”დინამოს” ესპანელი სპეციალისტი ალექს გარსია ხელმძღვანელობს, ”გაგრას” კი - უკრაინელი ანატოლი პისკოვეცი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"