გიორგი ტყავაძე – "მეტალურგის" ახალი ხელმძღვანელი

AutoSharing Option
ევროპის ლიგაზე "მეტალურგისა" და ერევნის "ბანანცის" შეხვედრის დასრულებისას გავრცელებული ცნობა, რომ "მეტალურგის" მეპატრონე ჯოზეფ კეი აღარ იქნებოდა, დადასტურდა. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ხელისუფლებასთან 3-წლიანი დავა მორიგებით დაასრულა და, როგორც ჩანს, ამ გარიგებით ოჯახს რუსთავის მეტალურგიული კომბინატი დაუბრუნდა.

მეპატრონის შეცვლის თაობაზე "ლელოსთან" ინტერვიუში ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემაც განაცხადა. თუმცა მას ახალი მეპატრონის ვინაობა არ დაუსახელებია.

ცხადია, მომხდარი დომინოს პრინციპით იმოქმედებს ყველა იმ ობიექტზე, რომლებსაც კომბინატთან ჰქონდათ კავშირი. უკვე ცნობილია, რომ შეიცვალა საფეხბურთო კლუბ რუსთავის "მეტალურგის" ხელმძღვანელობა, გუნდიდან გამოსული ხმების თანახმად, ამიერიდან
"მეტალურგს" გიორგი (ბუბა) ტყავაძე უხელმძღვანელებს. ეს ამბავი კლუბში შაბათს, 9 ივლისს შეიტყვეს.

ბუბა ტყავაძე ბათუმიდან თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ჯერ კომენტარს არ აკეთებს და არც კლუბის კრება მოუწვევია, რასაც ფეხბურთელები ელოდნენ. გუშინ, 10 ივლისს მთელი დღე ვცდილობდით ტყავაძის დანიშვნაზე ცნობების მოპოვებას. თავიდან გვითხრეს, დანიშნეს, მაგრამ ჯერ არ ამბობენო, შემდეგ - არც დანიშნულა, მხოლოდ საფეხბურთო საკითხებზე სთხოვეს კონსულტაციებიო. თუმცა ეს ხომ ტრამპლინზე შედგომის მდგომარეობაა - ვისაც კონსულტაციებს სთხოვენ, მას შემდეგ პოსტსაც აბარებენ ხოლმე.

ტყავაძემ კომბინატის ახალ მეპატრონესთან უნდა შეათანხმოს გუნდის გეგმები, მიზნები და, ცხადია, ბიუჯეტი. ძნელი წარმოსადგენია, რომ "დინამოს" ყოფილი თავკაცი ისეთ გუნდში მუშაობას დათანხმდეს, რომელსაც მწირი ბიუჯეტი ექნება. ვინაიდან ევროპის ლიგაზე "მეტალურგმა" 14 ივლისს უნდა ითამაშოს, დრო აღარ ითმენს და, წესით, გუნდში საქმიანობას მალევე უნდა შეუდგეს.

45 წლის გიორგი ტყავაძე წარსულში ცნობილი ფეხბურთელი იყო, უთამაშია ქუთაისის "ტორპედოში", თბილისის "მრეტებში", ბოლნისის "სიონში", თურქმენეთის ნაკრებში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებში, არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მინი-ფეხბურთში.

ტყავაძე თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა 2005 წლიდან 2010 წლის დეკემბრამდე. მას ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ისე ენდობდა, 2010 წლის მიწურულს "დინამოს" გაყიდვასთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარმართვა დაავალა.

რა ცვლილებები მოჰყვება ტყავაძის დანიშვნას, ჯერ უცნობია. გვითხრეს, ევროთასზე გამოსვლისას გუნდში არაფერი შეიცვლებაო. თუმცა ცვლილებების ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგან ახალი მეპატრონე ახალი მმართველების მიყვანის წინაპირობაც არის.

ამბობენ, რომ ახალი თავკაცები 14 და 21 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "მეტალურგის" ყაზახეთის "ირტიშთან" მატჩებს ელოდებიან, მწვრთნელთა შტაბს კი შემდეგი პირობა წაუყენეს - გუნდმა ყაზახებთან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.

თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ ტყავაძე კომენტარს არ აკეთებს.

მერაბ მამულაშვილი
გაზეთი "ლელო", სპეციალურად "სპორტალ.გე"-სთვის
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწუხაროდ მეტალურგი დამარცხდება ყაზახებთან...,მწვრთნელი, რბილად რომ ვთქვათ, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს!!
temo
18:15 11-07-2011
0
კომენტარებს რატომ არ მიქვეყნებთ
?
beka gurgenidze
12:51 10-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული