ამასობაში კი, ახალი საფრის დაგება ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყო. "ტორპედოს" პრესსამსახურუის ცნობით, მოედანი 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურამდე მზად იქნება, სამუშაოებს კი ბერძნული კომპანია "კრისტიან სიმუნოვიჩი - სპორტენგი" აწარმოებს, რომელმაც მინდორი ეროვნული ნაკრების ბაზაზეც მოაწყო, ახლა კი თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზაზეც იგივეს აკეთებს.
"ამ დროისთვის ახალი
ბალახის მოსავლელი ჰოლანდიური, ბერძნული და იტალიური ტექნიკური საშუალებები უკვე ადგილზეა და მათ უკეთ ასათვისებლად კლუბის კადრებსაც გადაამზადებენ. გარდა ამისა, სტადიონზე გარემონტდა სველი წერტილები" - იუწყება "ტორპედოს" ვებგვერდი.
ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელები ორდღიანი შესვენების შემდეგ გუშინ შეიკრიბნენ და საღორიის ბაზაზე ვარჯიში განაახლეს. გუნდი 22 ივლისიდან სლოვენიაში 9-დღიან შეკრებას გამართავს. დაგეგმილია სამი საკონტროლო შეხვედრა, სპარინგპარტნიორები კი უახლოეს დღეებში დაზუსტდება.
***
ქუთაისის "ტორპედო" კი სეზონისთვის მომზადებას აგრძელებს. გუშინ გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილებს სოსო ფილიას ფოთის "კოლხეთთან" საკონტროლო მატჩი უნდა გაემართათ.თავდაპირველად შეხვედრის ადგილად ფოთის სტადიონი იყო დათქმული, მაგრამ საბოლოოდ თამაში სენაკში ამჯობინეს და ალბათ, ინანეს. ქუთაისელთა პრეს-ატაშე რამაზ ჩხიკვაძის თქმით, სენაკში ისეთი საშინელი წვიმა იყო, თამაშის გამართვა შეუძლებელი იყო.
იმერლები ურეკში დაბრუნდნენ, სადაც მზადებას გააგრძელებენ და საკონტროლო მატჩებს გამართავენ: 15 ივლისს უმაღლესლიგელ მარტვილის "მერანთან", 19 ივლისს კი - პირველი ლიგის საჩხერის "ჩიხურასთან".
20 ივლისს `ტორპედო" ქუთაისში დაბრუნდება და ორ დღეში გუნდი სლოვენიაში გაემგზავრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"