აბსოლუტური უმრავლესობა ვთქვით და, ბარემ დავკონკრეტდეთ: ბოლნისის "სიონის" გარდა ყველა დანარჩენმა გუნდმა ერთი-ორი უცხოური შეკრება გაიარა. აი, "სიონის" შემთხვევა კი მართლაც "განსაკუთრებულია": უცხოურს ვინ ჩივის, გუნდმა ახალი სეზონის დაწყებამდე "ჩვეულებრივ" შეკრების გავლაც ვერ მოახერხა.
ეგ კი არა, ბოლნისელებმა ერთი კვირაა, რაც ვარჯიში დაიწყეს და, აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, თუ რა მიზნები ექნება ამ ქვემოქართლურ გუნდს ახალ სეზონში. მართალია, ჩემპიონატის დაწყებამდე 6 დღეა
მოკლედ, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი უძველესი ბინადარი ახალ სეზონს უამრავი პრობლემითა და საგრძნობლად შესუსტებული შემადგენლობით ხვდება, - წინა ჩემპიონატთან შედარებით, გუნდში რამდენიმე ფეხბურთელიღაა დარჩენილი. თუ რაოდენ სახეშეცვლილი შემადგენლობა ეყოლებათ ახალ სეზონში ბოლნისელებს, ამაში თავად დარწმუნდებით: სხვადასხვა გუნდებში აგრძელებენ კარიერას დავით ლომაია, ირაკლი ჩირიკაშვილი, რევაზ ჯიქია, სერგი ორბელაძე, კობა შალამბერიძე, მირზა მერლანი, მინდია ბობღიაშვილი, ალექსანდრე გოგობერიშვილი, ლაშა ნოზაძე, გივი დიდავა, ნიკოლოზ კვასხვაძე, გიორგი მელქაძე, ვლადიმერ ზუხბაია, ლაშა ვაშაკიძე, ლევან სანიკიძე, გიორგი ქუცურუა, გიორგი ჩივაძე, ვაჟა ქორიძე...
როგორც უკვე აღვნიშნეთ, "სიონმა" ერთი კვირაა რაც მზადება დაიწყო: გუნდი ვარჯიშებს სოფელ რატევანში ატარებს, შაბათს კი პირველი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. "სიონის" მეტოქე საქართველოს თასის მფლობელი "გაგრა" იყო და რა გასაკვირვია, რომ ამ სპარინგ-მატჩში გამარჯვება ანატოლი პისკოვეცის გუნდს დარჩენოდა;
ასეც მოხდა: ლევან შარიქაძისა და შალვა კვანტალიანის გოლებით "გაგრამ" 2:0 გაიმარჯვა. "სიონს" ამ შეხვედრაში ჯონი ჯაგიდისი და ვახტანგ ჩაგელიშვილი მოძღვრავდნენ და ახალ სეზონშიც, ალბათ, ეს "დუეტი" გაუძღვება ბოლნისურ კლუბს.
"გაგრასთან" მატჩში "სიონმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ჯინჭარაძე-კობაური, სვანიძე, თარგამაძე, ლ. ჩხეტიანი - უგრეხელიძე, მ. ოქროპირიძე, მგელაძე, მ.ოქროპირიძე - ისიანი, რეხვიაშვილი. ამათგან პოტენციური ახალწვეული მხოლოდ მეკარე კახა ჯინჭარაძე (წინა სეზონში "სამტრედიაში" თამაშობდა) და ცენტრალური ნახევარმცველი ნიკა მგელაძე ("სპარტაკში" ასპარეზობდა) არიან. თუმცა, როგორც "სიონის" პრესატაშემ ჯემალ ჭიპაშვილმა გვაცნობა, ჯინჭარაძე ბოლნისურ კლუბში აღარ დარჩება.
სამაგიეროდ, დიდი შანსია, რომ ახალ სეზონში "სიონის" ძირითად მეკარედ 21 წლის ვახტანგ ლობჟანიძე ვიხილოთ, - რუსთავის ფეხბურთის აღზრდილმა გასული ჩემპიონატის მეორე წრე "კოლხეთში" გაატარა. ლობჟანიძე "გაგრასთან" მატჩში შეცვლაზე შემოვიდა, ისე როგორც ბოლნისური გუნდის სხვა პოტენციური ახალწვეულები: გიორგი მოდებაძე, ლაშა ნინიკაშვილი და გაგა გაგუნაშვილი. ამათგან ყველაზე გამოცდილი მოდებაძეა, ბოლოს აზერბაიჯანულ "თურანში" რომ ასპარეზობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"