ახალი სეზონის დაწყებას მუდამ ახალი იმედებით ვხვდებით და მუდამ იმას ვნატრობთ, რომ ახალი ჩემპიონატი წინაზე უკეთესი იყოს, გათამაშება საინტერესოდ წარიმართოს, საეჭვო თამაშების რაოდენობას საგრძნობლად ეკლოს, ახალ-ახალი სახეები გამოჩენილიყოს, ტრიბუნებზე (განსაკუთრებით - თბილისში) ქომაგების სიმრავლე ყოფილიყოს და ასე შემდეგ.
მოკლედ, მოლოდინი არის და
უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ვთქვათ, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზარდა - ათის ნაცვლად 12 კლუბი იასპარეზებს. 12-გუნდიანი ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორ წრედ ჩატარდება და გაზაფხულზე, 4 მარტს დასრულდება. აი, ამის მერე კი მართლაც საინტერესოზე საინტერესო ამბები გველის: პირველი ეტაპის შედეგებით საუკეთესო 8 გუნდი მედლებისთვის ბრძოლას "ცალკე" განაგრძობს. თანაც, ამ რვას მეორე ეტაპზე მხოლოდ ის ქულები გადაჰყვება, პირველ ეტაპზე ურთიერთშეხვედრებში რომ მოიპოვებენ.
რაც შეეხება დარჩენილ ოთხ გუნდს (პირველ ეტაპზე IX, X, XI და XII ადგილებს რომ დაიკავებენ), მათთვისაც ცალკე ტურნირი მოეწყობა, ოღონდ ამ ოთხეულს პირველი ლიგის საუკეთესო ოთხი გუნდი დაემატება. "ზედა რვიანისა" არ იყოს, "ქვედა რვიანის" გუნდებიც მეორე ეტაპზე ორ წრედ ითამაშებენ, ოღონდ არსებითი განსხვავება მაინც იქნება: არც უმაღლესი და არც პირველი ლიგების გუნდებს საწყის ეტაპზე მოგროვებული ქულები აღარ გადაჰყვებათ და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას რვავე ნული ქულით დაიწყებს.
ერთი სიტყვით, პირველ ეტაპს ყველა ერთობ სერიოზულად უნდა მოეკიდოს, განსაკუთრებით, "საშუალო კატეგორიის" გუნდები - ქვედა რვიანში მოხვედრა ძალიან სახიფათო იმითაც იქნება, რომ უმაღლესი ლიგიდან ოთხი გუნდი ვარდება!
აი, ასეთი საინტერესო ჩემპიონატი გველოდება, უმაღლესი ლიგის თითოეული გუნდის შანსებზე წერილს კი ხვალ, 6 აგვისტოს ჩემპიონატის გახსნის დღეს შემოგთავაზებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"