დღეს საქართველოს XXIII ჩემპიონატი იწყება

AutoSharing Option
ახალი საფეხბურთო სეზონი ოთხი ქართული გუნდისათვის ("ზესტაფონი", "დინამო", "მეტალურგი", "გაგრა") უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე დანარჩენებისათვის; და აი, დღეიდან კი უმაღლესი ლიგის 12-ვე გუნდი "ათთვიან მარათონში" ჩაებმება - მცხეთის განახლებულ "არმაზის" სტადიონზე "ვიტ ჯორჯიასა" და "ბაიას" შეხვედრით საქართველოს XXIII ჩემპიონატი დაიწყება!

ნებისმიერი ახალი სეზონის დაწყებას ახალი იმედით ვხვდებით: მუდამ იმას ვნატრობთ, რომ ახალი ჩემპიონატი წინაზე უკეთესი იყოს, გათამაშება საინტერესოდ წარიმართოს, საეჭვო თამაშების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირებულიყოს, ახალ-ახალი "სახეები" გამოჩენილიყოს, ტრიბუნებზე (განსაკუთრებით - თბილისში) ქომაგების სიმრავლე ყოფილიყოს
და ასე შემდეგ. მოკლედ, მოლოდინი არის და ახლა ჯერი უკვე ფეხბურთელებზეა; მით უფრო, რომ XXIII ჩემპიონატი ახლებური სისტემით ტარდება და გათამაშების ფორმატის შეცვლამ, წესითა და რიგით, პირველობა ბევრად საინტერესო (გნებავთ, დამაინტრიგებელი) უნდა გახადოს. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა ვთქვათ, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზარდა - ათის ნაცვლად 12 კლუბი იასპარეზებს.

12-გუნდიანი ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორ წრედ ჩატარდება და გაზაფხულზე, 4 მარტს დასრულდება. აი, ამის მერე კი მართლაც საინტერესოზე-საინტერესო "ამბები" გველოდება: პირველი ეტაპის მიხედვით 8 საუკეთესო გუნდი მედლებისათვის ბრძოლას "ცალკე" გააგრძელებს! თანაც, ამ რვა გუნდს მეორე ეტაპზე მხოლოდ ის ქულები გადაჰყვებათ, პირველ ეტაპზე ერთმანეთში რომ მოიპოვებენ; აი, რაც შეეხება დარჩენილ ოთხ გუნდს (ანუ, პირველ ეტაპზე IX, X, XI და XII ადგილებს რომ დაიკავებენ), ამათთვისაც "ცალკე" ტურნირი იწყება, ოღონდ ამ ოთხეულს პირველი ლიგის საუკეთესო ოთხი გუნდი დაემატება. "ზედა რვიანისა" არ იყოს, "ქვედა რვიანის" გუნდებიც მეორე ეტაპზე ორ წრედ ითამაშებენ, ოღონდ არსებითი განსხვავება მაინც იქნება: არც უმაღლესი და არც პირველი ლიგის გუნდებს პირველ ეტაპზე მოგროვილი ქულები აღარ გადმოჰყვება და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ტურნირსაც ეს რვავე გუნდი ნული ქულით დაიწყებს.

მოკლედ, პირველ ეტაპს ყველა განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მიუდგეს; განსაკუთრებით კი ეს "საშუალო კატეგორიის" გუნდებს ეხება - "ქვედა რვიანში" აღმოჩენა ერთობ სახიფათო იმითაც იქნება, რომ უმაღლესი ლიგიდან ოთხი გუნდი ვარდება!

აი, ასეთი საინტერესო ჩემპიონატი გველოდება წინ და ახლა კი უმაღლესი ლიგის თითოეული გუნდის შანსებზეც ვისაუბროთ.

ზესტაფონი
წინა სეზონის ტრიუმფატორი ამ ჩემპიონატშიც ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ; "ზესტაფონმა", როგორც ყოველთვის, საკმაოდ ნაყოფიერი უცხოური შეკრება გაიარა და ავსტრიაში ყოფნის დროს ერთი-მეორეზე ძლიერ სპარინგ-პარტნიორებსაც ეთამაშა. სხვანაირად ვერც იქნებოდა: გია გეგუჩაძის გუნდს ხომ ჩემპიონთა ლიგაში დებიუტი ელოდა და იმის მიუხედავად, რომ "ზესტაფონი" ამ პრესტიჟულ გათამაშებაში ამჟამად აღარ მონაწილეობს, იმერულ გუნდზე ენა არავის უნდა მოუბრუნდეს. ბოლოს და ბოლოს, მართლაც არა ვართ განებივრებული ისეთი მაგალითებით, როცა ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.

რა თქმა უნდა, სასურველი იყო, რომ "შტურმის" ბარიერიც დაგვეძლია, მაგრამ "ზესტაფონისათვის" ევროტურნირები ხომ კვლავაც გრძელდება და ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი ამჯერად ევროპის ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებს.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, გუნდს რეალურად ხელეწიფება ტიტული შეინარჩუნოს - გია გეგუჩაძემ საჩემპიონო შემადგენლობა ხომ, ფაქტობრივად, 100 პროცენტით შეინარჩუნა, პლუს სწრაფი და ენერგიული მარჯვენა მცველი თემურ ღონღაძეც დაიმატა. ამას გარდა, "ზესტაფონს" სერიოზულად გააძლიერებენ უაღრესად გამოცდილი ფეხბურთელები ზურაბ მენთეშაშვილი და ედიკ საჯაია, რომლებიც გუნდის სხვა ლიდერებთან (როინ კვასხვაძე, გიორგი ონიანი, შოთა გრიგალაშვილი, ბუბა დაუშვილი, თორნიკე აფციაური, ჯაბა დვალი, ნიკა გელაშვილი) ერთად მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის ირძოლებენ.
ლელოს პროგნოზი: ჩემპიონობის ფავორიტი.

ტორპედო
ამ ზაფხულს "ტორპედოს" შემადგენლობაში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა, რაც, ერთი შეხედვით, ლოგიკურიც იყო: გასულ სეზონში ქუთათურთა გუნდს არც ფინანსური პრობლემები ჰქონდა და შემადგენლობაც სოლიდური ჰყავდა, მაგრამ ვერც სამეულში მოხვდა და თასის ფინალშიც დამარცხდა. კლუბის ამბიციური ხელმძღვანელების ცვლილებებებისკენ სწრაფვაც ამას უნდა მივაწეროთ: "ტორპედოს" უსათუოდ გააძლიერებენ როგორც გამოცდილი ფეხბურთელები (დავით ბოლქვაძე, რევაზ ქემოკლიძე, ნუკრი მანჩხავა), ასევე რამდენიმე საინტერესო პერსპექტიული ახალგაზრდაც (ცოტნე ხარაბაძე, გივი იოსელიანი).

რაც მთავარია, გუნდმა შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი (ომარ მიგინეიშვილი, სევასტი თოდუა, თეიმურაზ ფარულავა, თენგიზ ჩიკვილაძე, გია მეგრელაძე) და მომთხოვნზე-მომთხოვნი ქუთათური ქომაგები თავიანთი საყვარელი გუნდისაგან ახლა ბევრად უფრო მეტს მოითხოვენ. თუმცა, მთავარი სიახლე მაინც სამწვრთნელო საკითხს უკავშირდება: გარკვეული პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგას უბრუნდებიან ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელები ზაზა ზამთარაძე და გიორგი კიკნაძე!

ვნახოთ, რამდენად შეძლებს ეს "დუეტი" თავიანთი სამწვრთნელო შესაძლებლობების ქუთაისში გამოვლენას; ისე კი, გუნდს მაღალი მიზნებისათვის საბრძოლველად ყველა პირობა აქვს შექმნილი - "ტორპედო" ჯერ ქუთაისში ემზადებოდა ახალი სეზონისათვის, შემდეგ კი ნაყოფიერი შეკრება გაიარა სლოვენიაში.
ლელოს პროგნოზი: ევროტურნირების საგზურის მოპოვება.

ვიტ ჯორჯია
ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და წარმატებული ქართული გუნდისათვის წინა სეზონი აშკარად არაერთგვაროვნად უნდა შეფასდეს. ერთი მხრივ, გუნდი ევროტურნირების საგზურის გარეშე დარჩა, რაც ბოლო წლებში, ფაქტობრივად, არც მომხდარა; თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ წინა სეზონის დაწყების წინ "ვიტ ჯორჯია" გუნდის ყველა გამოცდილმა წევრმა დატოვა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კი სხვა ლიდერებმაც (ჯაბა ლიპარტია, ირაკლი კლიმიაშვილი) კარიერის სხვაგან გაგრძელება გადაწყვიტეს. ანუ, ერთიანად გაახალგაზრდავებული გუნდისათვის V ადგილი მთლად წარუმატებლობად არ უნდა მივიჩნიოთ და უკვე შეთამაშებული შემადგენლობით "ვიტ ჯორჯიამ" ახალ სეზონში არაერთი სიურპრიზიც უნდა შემოგვთავაზოს.

თანაც, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი საშინაო შეხვედრებს უკვე საკუთარ სტადიონზე, მცხეთაში, განახლებულ "არმაზზე" ჩაატარებს და ესეც დამატებითი სტიმული უნდა იყოს. ამას გარდა, ისიც აღსანიშნავია, რომ "ვიტ ჯორჯიამ" არც ამჯერად უღალატა საკლუბო ტრადიციას და მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელები (გიორგი ხუმარაშვილი, ირაკლი ხუჭუა, გიორგი ოთარაშვილი, ირაკლი სიხარულიძე) დაიმატა.
ლელოს პროგნოზი: პირველ რვა გუნდში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.

დინამო
ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს 7 წელია ასეთი წარმატებული ზაფხული არ ჰქონია - ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე "დინამოს" ერთი ნაბიჯიღა აშორებს! თუმცა, ვიდრე "დინამო" ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩებს ჩაატარებს, მანამდე გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვება და მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნისათვის იბრძოლებს; ამ მიზნის დაკონკრეტება კი, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში უადგილოა და "დინამოს" ქომაგებიც თავისი საყვარელი გუნდისაგან ასე მონატრებულ ოქროს მედლებს ელოდებიან.

ჰო, უკვე სამი წელია, "დინამო" ჩემპიონობის მოპოვებას ვერ ახერხებს და აი, განახლებული საკლუბო ხელმძღვანელობით, სამწვრთნელო შტაბითა თუ შემადგენლობით, როგორც იტყვიან, გუნდი უკვე მზად არის საჩემპიონო რბოლისათვისაც; მით უფრო, რომ "დინამოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ თავისი ახალი გუნდის გასაცნობად "გამოყოფილი" დროც უკვე ნაყოფიერად გამოიყენა და უამრავი ახალწვეულის ერთმანეთში შეთამაშების პრობლემაც, ასე თუ ისე, მოგვარებულია.

ახლა ესპანელი სპეციალისტის მთავარი საფიქრალი ის იქნება, თუ რამდენად მოახერხებს თავისი შეგირდების ევროპული ასპარეზიდან საქართველოს ჩემპიონატზე უმტკივნეულოდ გადმოყვანას. ამას გარდა, არცთუ უმნიშვნელო იქნება გადატვირთული კალენდარიც: "ზესტაფონის" მსგავსად, აგვისტოს თვეში "დინამოსაც" შვიდი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოუწევს.
ლელოს პროგნოზი: ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი.

მეტალურგი
რუსთავის გუნდი ახალ სეზონს... სახელწოდებაშეცვლილი და არცთუ ერთგვაროვან "განწყობაზე" ხვდება: ერთის მხრივ, ევროტურნირებზე "მეტალურგის" ასპარეზობა ნამეტნავ წარუმატებლობად არ უნდა შეფასდეს; ბოლოს და ბოლოს, სწორედ წლეულს მოხდა პირველად, რუსთაველებმა ევროტურნირებზე ორი ეტაპის გადალახვა რომ შეძლეს, ხოლო მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფრანგულ "რენთან" წარმატების იმედი არც არავის ჰქონდა.

თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სულ ცოტა ხნის წინ, კერძოდ, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ (სომხურ "ბანანცთან") რუსთავის უკვე სახელწოდებაშეცვლილი კლუბის ხელმძღვანელობაში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა. უფრო ზუსტად, ყველასათვის ცნობილია, რომ კლუბს ჯოზეფ ქეი აღარ უპატრონებს და ვინ იქნება ამიერიდან "მეტალურგის" მთავარი დამფინანსებელი, ჯერჯერობით უცნობია. არადა, "მეტალურგი" ახალი სეზონისათვის ურიგოდ არ მომზადებულა - კლუბის ექვსწლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად მოხდა, გუნდმა შეკრება უცხოეთში რომ გაიარა. ამას გარდა, რუსთავის გუნდისათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი "ტრადიციაც" დაირღვა: წინა წლებისაგან განსხვავებით, გუნდის ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა.

საერთოდაც, თორნიკე მაისურაძისა და არმაზ ჯელაძის განკარგულებაში ერთობ დაბალანსებული შემადგენლობაა და ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან ირაკლი მოდებაძე, რევაზ გეწაძე, ალექსანდრე კვახაძე, ლუკა რაზმაძე და ირაკლი მაისურაძე, გუნდს, სულ მცირე წინა სეზონში ნაჩვენები შედეგის (III ადგილი) გამეორება თუ გაუმჯობესება არ უნდა გაუჭირდეს.
ლელოს პროგნოზი: ევროტურნირების საგზურის მოპოვება.

ბაია
წინა სეზონის დაწყების წინ ზუგდიდის "ბაიას" პირველ ხუთეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებდნენ, - გუნდში იმდენად სოლიდური შემადგენლობა შეიკრიბა (ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით), რომ... ევროტურნირების საგზურის მოპოვებაზეც ალაპარაკდნენ. თუმცა, XXII ჩემპიონატის დაწყებიდან რამდენიმე ტურში "გაირკვა", რომ "ბაიას" თურმე სერიოზულზე-სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონია. ჰოდა, სეზონის ბოლომდე დარჩენილი ნაწილი გუნდმა, ფაქტობრივად, ადგილობრივი ახალგაზრდებითა და ორი-სამი გამოცდილი ფეხბურთელით ჩაამთავრა.

ამას უკვე ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებული სკანდალიც დაერთო: "ბაიას" ორ ფეხბურთელს, როინ ონიანსა და ლევან ვართაგავას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიესაჯა; თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, "ბაიამ" იმ მომენტისათვის, ყველაზე აქტუალური ამოცანაც წარმატებით შეასრულა (უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ვგულისხმობთ) და გუნდის მოკლე ისტორიის განმავლობაში საუკეთესო შედეგიც უჩვენა - სეზონი VI ადგილზე დაამთავრა! ყოველივე ეს კი, უდავოდ, მთავარი მწვრთნელის ელგუჯა ქომეთიანისა და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების (ზვიად სიხარულია, ირაკლი ეხვაია) დამსახურებაც იყო. აღარაფერს ვამბობთ 19 წლის ირაკლი ქობალიაზე, - "ლელოს" ვერსიით გასული სეზონის აღმოჩენა რომ გახდა. სამწუხაროდ, "ბაია" ფინანსური კეთილდღეობით ვერც ამჯერად დაიკვეხნის და თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, გუნდს კვლავაც მოკრძალებული მიზნები ექნება.
ლელოს პროგნოზი: დიდი ბრძოლა მოუწევს პირველ რვა გუნდში მოსახვედრად.

კოლხეთი
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი გუნდი უმაღლეს ლიგას შარშან დაუბრუნდა და ეს ფაქტი ყველას გაგვიხარდა: "კოლხეთი" წლების განმავლობაში ერთ-ერთ მოწინავე ქართულ კლუბად მიიჩნეოდა და ევროტურნირებზეც ხშირად ასპარეზობდა (90-იან წლებს ვგულისხმობთ). თუმცა, უშუალოდ სეზონის მსვლელობისას გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა, - მიზეზი კი, რაღა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები იყო. ამას შემადგენლობის მკვეთრი შეცვლაც მოჰყვა: წამყვან ფეხბურთელთა უმრავლესობამ სხვადასხვა გუნდს მიაშურა, მწვრთნელებიც ხშირად იცვლებოდნენ და ამა წლის გაზაფხულზე, ფაქტობრივად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "კოლხეთი" კვლავაც პირველ ლიგაში დაქვეითებისთვის იყო განწირული.

საბედნიეროდ, ფოთში ფეხბურთი ბოლომდე არ გაწირეს, ამ გუნდის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი სოსო ფილიაც "გაიხსენეს" და გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "კოლხეთმაც" ზედიზედ რამდენიმე სიურპრიზი შემოგვთავაზა. მოკლედ, "კოლხეთი" გავარდნას გადაურჩა და იმედი დავიტოვოთ, რომ ამ სეზონში გუნდს ბევრად უფრო განსხვავებული მიზნები ექნება. ყოველ შემთხვევაში, "კოლხეთს" უთუოდ გააძლიერებენ გამოცდილი ფეხბურთელები (მინდია ბობღიაშვილი, ლევან შავგულიძე, ლაშა ქებაძე, ვაჟა ლომაშვილი), რომლებთან ერთად პერსპექტიული ადგილობრივი მოთამაშეებიც შეეცდებიან საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას.
ლელოს პროგნოზი: პირველ რვა გუნდში მოსახვედრად ბრძოლა მოუწევს.

სპარტაკი
წინა სეზონის დასრულებამდე ერთი ტური რჩებოდა, XXII ჩემპიონატის რეგლამენტი რომ შეიცვალა; ასე რომ არ მომხდარიყო, "სპარტაკი"... პირველ ლიგაში აღმოჩნდებოდა. თუმცა ცხინვალელთა გუნდმა თავისი შანსი მაქსიმალურად გამოიყენა და პლეი-ოფში "ჩიხურას" დამარცხებით კვლავაც უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება მოახერხა. არადა, ერთი შეხედვით, "სპარტაკს" სხვა გუნდებთან შედარებით ურიგო შემადგენლობა არ ჰყოლია, მაგრამ გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო აი, ასეთი ნერვული ფინიში ელოდათ.

ჰოდა, ახლაც მსგავსი რომ არ განმეორდეს, გუნდი ახალი სეზონისათვის ერთობ სერიოზულად მოემზადა: უამრავი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა, ბაკურიანსა და ურეკში შეკრებებიც ჰქონდა, ბოლოს კი აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ახალ სეზონს "სპარტაკი" ერთობ სახეშეცვლილი შემადგენლობით ხვდება - გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა (მათგან, უპირველესად სოსო გრიშიკაშვილი, ვალერი ბოლქვაძე, ლევან ჭაფოძე, ნუკრი მანჩხავა და ლაშა ჯაკობია უნდა აღვნიშნოთ), სამაგიეროდ შევსებაც სოლიდურია (გივი კვარაცხელია, რევაზ ჯიქია და კობა შალამბერიძე), რომლებსაც გამოცდილება ნამდვილად არ დაეწუნებათ.
ლელოს პროგნოზი: პირველი ეტაპის შემდეგ პირველ რვა გუნდში უნდა მოხვდეს.

გაგრა
თუ ვინმესთვის იყო გასული სეზონი წარმატებული, ეს უპირველეს ყოვლისა, "გაგრაზე" ითქმის - გუნდმა, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა პირველი ლიგის გათამაშება და ერთწლიანი პაუზის შემდეგ სრულიად დამსახურებულად მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური. თუმცა, "გაგრას" წარმატებული ასპარეზობა ამით არ დამთავრებულა: ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა საქართველოს თასის გათამაშებაში "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" ძლევით ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა! ასეთი რამ კი საქართველოს თასის ისტორიაში არასდროს მომხდარა, როცა პირველლიგელი გუნდი ამ საპატიო პრიზისათვის იბრძოდა. თუმცა, "ზღაპარს" უფრო ლამაზი გაგრძელებაც ჰქონდა: "გაგრამ" თასი მოიპოვა და ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებაც მიიღო!

ამ ახალგაზრდული გუნდის ევროდებიუტი, მართალია, წარუმატებლად დამთავრდა, მაგრამ "გაგრაზე" აუგს ვერავინ იტყოდა და მეტოქე "ანორთოსისთანაც" დამარცხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი საერთაშორისო არენაზე ჩვენების გამოუცდელობა იყო. პისკოვეცს ძირითად შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები არ მოუხდენია და საერთოდაც, ახალ სეზონში "გაგრას" წარმატებული ასპარეზობა ამჯერად სიურპრიზად აღარ უნდა ჩაითვალოს.
ლელოს პროგნოზი: პირველ რვა გუნდში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.

მერანი
ორი წლის წინ, მარტვილის "მერანი" საქართველოს თასის ნახევარფინალში რომ გავიდა, ეს ფაქტი უდიდეს სენსაციად მოინათლა: მანამდე ხომ პირველლიგელს ასეთი წარმატება არასდროს ჰქონია და აი, თითქმის იმავე შემადგენლობამ უფრო მეტის მიღწევაც შეძლო: მარტვილელთა გუნდი, პირველად კლუბის ისტორიაში, უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს!

ისე, ერთის მხრივ, "მერანის" ეს წარმატება მთლად მოულოდნელობაც არ უნდა ყოფილიყო - "გაგრასთან" ერთად პირველი ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად ხომ სწორედ მარტვილელთა გუნდი მიიჩნეოდა. თუმცა, რამდენი მაგალითები გვახსოვს, როცა ფავორიტები ამ სტატუსს ვერ ამართლებენ, მაგრამ "მერანის" შემთხვევაში ასე არ მომხდარა და ახლა მარტვილელები 14 აგვისტოს მოლოდინშიც იქნებიან - ამ დღეს მათი საყვარელი გუნდი უმაღლეს ლიგაში პირველ საშინაო შეხვედრას ჩაატარებს!

დებიუტი ექნება უმაღლეს ლიგაში "მერანის" მთავარ მწვრთნელსაც, ახალგაზრდა სპეციალისტს მალხაზ ჟვანიასაც, რომელიც ამ გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც გახლავთ თავის ფეხბურთელებთან ერთად. ამ ყველაფრის მიუხედავად, "მერანს" ერთობ რთული სეზონი ელოდება - პირველსა და უმაღლეს ლიგას შორის... საქართველოშიც დიდი სხვაობაა.
ლელოს პროგნოზი: უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისათვის იბრძოლებს.

დილა
წინა სეზონის მიწურულს რეგლამენტის შეცვლამ გორის "დილაც" ბევრად უფრო კომფორტულ სიტუაციაში ჩააყენა: გუნდი პლეი-ოფის საგზურს, ალბათ, მაინც მოიპოვებდა, მაგრამ "ნაღდი" რეგლამენტის მიხედვით "სამტრედიაზე" ბევრად უფრო ძლიერ მეტოქესთან მოუწევდა დაპირისპირება.

ასეა თუ ისე, "დილა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა და ვერავინ იტყვის, რომ გია ცეცაძის გუნდს ეს პატივი დაუმსახურებლად ერგო. ისიც მნიშვნელოვან ფაქტორად მიგვაჩნია, რომ "დილას" ბედ-იღბალით სერიოზულად არიან დაინტერესებული ქალაქისა თუ რეგიონის ხელმძღვანელობაც. მოკლედ, წესითა და რიგით, "დილას" სერიოზული ფინანსური პრობლემები აღარ უნდა ჰქონდეს (ბოლო წლებში როგორც იყო ხოლმე), შემადგენლობაც ნამდვილად აკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს: წინა სეზონის ძირითადი ბირთვიც შენარჩუნდა და რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც დაიმატეს. თანაც, შიდაქართლელები ახალ სეზონს მშვენიერ განწყობაზე ხვდებიან: "დილამ" ახლახან აზერბაიჯანში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა! თანაც, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად "დილას" 22 წლის ნახევარმცველი დავით რაჟამაშვილი დაასახელეს!..
ლელოს პროგნოზი: პირველ რვა გუნდში მოხვედრისათვის იბრძოლებს.

სიონი
გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი იმედგაცრუება ბოლნისის "სიონის" არადამაჯერებელი ასპარეზობა იყო, - ერთი შეხედვით, არცთუ ურიგო შემადგენლობის მქონე გუნდი არასტაბილურადაც ასპარეზობდა და ჩემპიონატის მიწურულს უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეც კი დაემუქრა. ყოველივე ამას ბევრი წინაპირობა ჰქონდა: მწვრთნელთა ხშირი ცვლილებებიც, არასწორი სელექციაც; მაგრამ, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდისგან განსხვავებით "სიონს" მთელი ჩემპიონატის განმავლობაში ფინანსური პრობლემა არასდროს შეჰქმნია!

მაშინ როცა ახალი სეზონის დაწყების წინ უმაღლესი ლიგის 11 გუნდი მოსამზადებელ პერიოდს საქართველოსა თუ უცხოეთში გადიოდნენ და უამრავ სპარინგმატჩებსაც ატარებდნენ, "სიონის" ირგვლივ სრული გაურკვევლობა იყო; ეგ კი არა, უკვე იმაზეც საუბრობდნენ, რომ ბოლნისელთა ადგილი უმაღლეს ლიგაში შესაძლოა სხვა გუნდს დაეკავებინა!

და აი, გუშინ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდა: ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ნაყოფიამ გუნდს შუამდგომლობა გაუწია საწარმოო გაერთიანება "მადნეულთან" და ახალ სეზონში "სიონს" სწორედ ეს კომპანია დააფინანსებს. თანაც, როგორც ბოლნისური კლუბის უბერებელმა პრესატაშემ ჯემალ ჭიპაშვილმა სიხარულით გვაცნობა, "სიონს" არცთუ "ხელწამოსაკრავი" დაფინანსება ექნება და უახლოეს დღეებში გუნდში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელიც ჩაირიცხება; რაც შეეხება სამწვრთნელო საკითხს, ამ ეტაპზე გუნდს ადგილობრივი სპეციალისტები, ჯონი ჯაგიდისი და ვახტანგ ჩაგელიშვილი უხელმძღვანელებენ.
ლელოს პროგნოზი: პირველ რვა გუნდში მოსახვედრად იბრძოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
!
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიტ ჯორჯიასა და ბაიას შეხვედრით იხსნება თურმე საქართველოს XXIII ჩემპიონატი, მდააა. ავტორ, თუ გადაიკითხავთ საკუთარ ნაწერს სანამ ტიპოგრაფიას გადასცემთ, კარგს იზავთ! თუ თავად გეზარებათ საკუთარი სტატიების გადაკითხვა? :) ბაია გორის დილაში როგორ უნდა შეგეშალოთ???
უძლევი
05:05 07-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული