"სიონი" სეზონის დაწყებამდე 18-მა ფეხბურთელმა დატოვა, ჩემპიონატამდე მცირე ხნით ადრე შეიკრიბა და ერთადერთი გუნდია, რომელმაც შეკრებაც ვერ გაიარა. ცხადია, ამან მთავარ მწვრთნელად დანიშნულ ჯონი ჯაგიდისს თავსატეხი გაუჩინა.
აკი მან მატჩის შემდეგ გვითხრა კიდეც, 4-5 ახალ ფეხბურთელს დავიმატებთ, თორემ ძალიან გაგვიჭირდებაო. ძნელია, არ დაეთანხმო - "სიონი" ზუგდიდში მეორე მეკარის გარეშე, მხოლოდ 16 მოთამაშის ამარა ჩავიდა და ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა. მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ თუ ვითარება დროულად არ შეიცვალა, "სიონის" მთავარი საზრუნავი უმაღლესში დარჩენა
შედარებით უკეთეს პირობებში ემზადებოდა "ბაია", რომელმაც ევროპის ლიგაზე რუსთავის "ოლიმპში" გამოცდილებამიღებული ირაკლი ქობალია, აზერბაიჯანულ "თურანში" გასინჯვიდან დაბრუნებული მეკარე გიორგი სომხიშვილი და ქუთაისის "ტორპედოში" იჯარადასრულებული ლუკა გუგუჩია დაიბრუნა.
საერთოდ, გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დამსახურებულად გაიმარჯვა, მაგრამ არასრული მოსამზადებელი ეტაპიც დაეტყო - გუნდი მეორე ტაიმში დაიღალა. "ბაიას" გამარჯვებაში ლომის წილი დაბრუნებულებმა დაიდეს: მე-8 წუთზე კარისკენ გუგუჩია დაიძრა, საჯარიმოს ხაზთან მცველს დაუსხლტა და მეკარეს ცხრიანში დაურტყა - 1:0.
21-ე წუთზე დათა რიგვავამ საჯარიმოში გახსნილი ქობალია მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა - 2:0.
მალე მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ლევან წურწუმიას გადაცემით ლობჟანიძესთან პირისპირ დარჩენილმა მას ვერ აჯობა.
73-ე წუთზე ქობალიამ საჯარიმოში შოთა ლომია მოძებნა და მანაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"