ტური კი, მოგეხსენებათ, ორ დღეზეა "გაწერილი" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ორი მატჩი შაბათისთვის რომ გადმოიტანა, ვფიქრობთ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა; სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ, ჩვენი აზრით, ევროტურნირებს შემორჩენილ ორივე ქართულ გუნდს ("ზესტაფონსა" და "დინამოს" ყველამ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, - ბოლოს და ბოლოს, ამ ორივე წარმატებულ კლუბს
მეორე ტურის ცენტრალური მატჩი დღეს, ჩვენს მთავარ საფეხბურთო სარბიელზე ჩატარდება: თბილისის "დინამომ" ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს "ვიტ ჯორჯიას" უნდა უმასპინძლოს. ამ შეხვედრას ინტრიგას ის ფაქტიც მატებს, რომ მასპინძელთა შემადგენლობაში, შესაძლოა, ერთდროულად ოთხი ესპანელი ფეხბურთელი ვიხილოთ!
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჩისკოს, 26 წლის იაგუესა და 23 წლის კოტოს წინა ტურში ჰქონდათ დებიუტი საქართველოს ჩემპიონატში; თანაც, "დინამომ" სწორედ ესპანელების (ჩისკო, კოტო) გოლებით შეძლო მოღონიერებული და ამბიციური "სპარტაკის" დამარცხება. დღეს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ჩემპიონატში შესაძლოა მეოთხე ესპანელის დებიუტიც ვნახოთ: 28 წლის ნახევარმცველი მიკელ ალვარო ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის სრულუფლებიანი წევრია.
ისე, "დინამოს" მართლაც "ცხელზე-ცხელი" აგვისტო აქვს: ალექს გარსიას გუნდი დღეს, 13 აგვისტოს ძველ და პრინციპულ მეტოქეს დაუპირისპირდება, ამას ბერძნულ აეკ-თან ევროპის ლიგის პლეი ოფის შეხვედრები მოჰყვება და, რაც მთავარია, საქართველოს ჩემპიონატში ორი ურთულესი მატჩი უნდა ჩაატაროს ქუთაისის "ტორპედოსთან" და "ზესტაფონთან"! თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, "დინამოში" ამჟამად საკმაოდ სერიოზული კონკურენციაა და, აქედან გამომდინარე, გუნდის მთავარ მწვრთნელს, ესპანელ სპეციალისტს ალექს გარსიას შემადგენლობის როტაციას, ალბათ, უპრობლემოდ მოახდენს.
"დინამოს" მსგავსად ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო "ვიტ ჯორჯიამაც": ზურაბ ბერიძის გუნდმა განახლებულ "მცხეთა-პარკზე" (ასე ჰქვია ამჟამად მცხეთის "არმაზის" სტადიონს) გორის "დილას" 4:3 მოუგო! "ვეტერინარებს" უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული კლუბი ჰყავთ, თანაც "დინამოს" წინააღმდეგ მუდამ განსაკუთრებული მოტივაციით ასპარეზობენ და გამონაკლისი, ალბათ, არც დღევანდელი მატჩი იქნება.
რაც შეეხება ევროტურნირებზე შემორჩენილ კიდევ ერთ ქართულ გუნდს, წესითა და რიგით, "ზესტაფონს" "დაგეგმილი" სამი ქულის აღება არ უნდა გაუჭირდეს; თუმცა, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით მაინც ძნელია მოქმედ ჩემპიონს წყვილში "უეჭველი ფავორიტი" რომ ვუწოდოთ: ჯერ ერთი, წამყვანი ფეხბურთელების (ჯაბა დვალი, თორნიკე აფციაური) არყოფნა უნდა ვახსენოთ, შემდეგ კი, რაღა თქმა უნდა, მეტოქეც უნდა "დავაფასოთ". რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, ფოთის "კოლხეთს" რომ აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს, ვიდრე - "ზესტაფონს"; თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ "კოლხეთს" უმაღლესი ლიგის გუნდების მთავარ მწვრთნელთა შორის ყველაზე გამოცდილი სპეციალისტი, სოსო ფილია თავკაცობს;
თანაც, ჩემპიონატის პირველსავე ტურში გამოჩნდა, რომ "კოლხეთი" ქულების აქეთ-იქით დარიგებას არავისთან დააპირებს: ფოთელთა გუნდმა რუსთავიდან სრულიად დამსახურებული ქულა წამოიღო. ეგ კი არა, მასპინძლები თავიანთ გამოცდილ მეკარეს, 31 წლის ზურაბ ბათიაშვილს უნდა უმადლოდნენ ჩემპიონატი მარცხით რომ არ დაიწყეს.
რუსთავი ვახსენეთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მასპინძლებს 14 აგვისტოს ახალი მწვრთნელი დამოძღრავს: კობა ჟორჟიკაშვილი საქართველოს ჩემპიონატს გარკვეული პაუზის მერე უბრუნდება და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ საკლუბო დონეზეც წარმატებები ვუსურვოთ; იმის შეხსენება კი, თუ რა წარმატებები ჰქონდა კობა ჟორჟიკაშვილს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, ვფიქრობთ, ზედმეტია.
სხვათა შორის, "მეტალურგი"-"ბაიას" შეხვედრაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კონკრეტული ფეხბურთელის ასპარეზობაც; სტუმართა 19 წლის ცენტრფორვარდს ირაკლი ქობალიას წინა სეზონში (კერძოდ, მეორე ეტაპზე) მართლაც შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა და "ლელოს" ვერსიით "ჩემპიონატის აღმოჩენაც" გახდა. ჭაბუკი ფორვარდის წარმატებული თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ "მეტალურგის" აწ უკვე ყოფილ სამწვრთნელო შტაბს და ირაკლი ქობალიაც ივნის-ივლისში სწორედ რუსთაველთა გუნდის ღირსებას იცავდა. ოღონდ, დავაზუსტოთ: ათლეტური და ტანმაღალი თავდამსხმელი რუსთავულ გუნდში იჯარის წესით ასპარეზობდა და ამჟამად ისევ "ბაიას" დაუბრუნდა; თანაც, დაბრუნდა და პირველსავე ტურში გოლიც გაიტანა. ხვალ კი იმ გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, რომლის შემადგენლობაშიც ამ ზაფხულს ევროტურნირებზე ორი გოლი გაიტანა!
დაბოლოს, მეორე ტურის კიდევ ორ გამორჩეულ ფაქტზეც: სამწლიანი პაუზის შემდეგ გორის "დილა" უმაღლეს ლიგაში პირველ საშინო მატჩს ჩაატარებს; აი, მარტვილში კი, წესითა და რიგით, ტრიბუნებზე ანშლაგს უნდა ველოდოთ: ამ პატარა რაიონული ცენტრის გუნდი წლეულს პირველად ასპარეზობს უმაღლეს ლიგაში და 14 აგვისტოს პირველი საშინაო მატჩია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"