"მეტალურგის" პირველი გამარჯვება სეზონში

AutoSharing Option
14. 08. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი
მეტალურგი-ბაია 2:0
1:0 მოდებაძე (13, გეწაძის პასით), 2:0 გეწაძე (37, მოდებაძის პასით)

მეტალურგი (4-2-3-1) ბაია (4-2-3-1)
ბათიაშვილი სომხიშვილი
ორბელაძე რიგვავა
კვახაძე აფაქიძე
მახვილაძე მგელაძე
ჯაფარიძე გერგედავა
რაზმაძე ნ. შონია
ი. მაისურაძე სიხარულია
გეწაძე ეხვაია
გ. მიქაბერიძე გუგუჩია
მოდებაძე წურწუმია
ტატანაშვილი ქობალია
მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: ე. ქომეთიანი

მეტალურგი
44. დობროვოლსკი-ორბელაძე
57. ქავთარაძე-მიქაბერიძე
80. პავლიაშვილი-ტატანაშვილი
სათადარიგოები: ბედიაშვილი, მურველაშვილი, ლომაია, ჩადუნელი

ბაია
53. ენდელაძე-სიხარულია
63. სამუშია-წურწუმია
79. პაჭკორია-გუგუჩია
სათადარიგოები: ჯომიდავა, ვეკუა, ახვლედიანი, კუკავა
გაფრთხილება: რაზმაძე (22), ქობალია (68)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია

წარმატებული გამოდგა საქართველოს ჩემპიონატში კობა ჟორჟიკაშვილის დებიუტი, რომლის ხელმძღვანელობითაც
"მეტალურგმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ახალ მწვრთნელს ძირითადი შემადგენლობა არ შეუცვლია, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალა; ასე მაგალითად, სერგი ორბელაძე მარჯვენა მცველად მოგვევლინა, მიხეილ მახვილაძე ცენტრალური მცველის ფუნქციებს ასრულებდა, რევაზ გეწაძე მარჯვენა გარემარბი გახლდათ, ირაკლი მოდებაძე კი საპირისპირო ფლანგზე ასპარეზობდა (აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "მეტალურგის" სამწვრთნელო შტაბიც უცვლელი დარჩა).

ვიდრე გუშინდელი მატჩის პერიპეტიებზე ვისაუბრებდეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ფოლადის" სტადიონის ვიპ-ლოჟაში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო და მეტალურგიული კომბინატის, ქალაქისა თუ გუბერნიის ხელმღვანელობა, ალბათ, კმაყოფილი დარჩებოდა "მეტალურგის" აშკარად შეტევაზე ორიენტირებული თამაშის ხილვით.

ჰო, წინა შეხვედრასთან შედარებით მასპინძლები ბევრად უფრო მოტივირებულნი იყვნენ და საკმაოდ იოლადაც გაიმარჯვეს. ეგ კი არა, დიდი შანსი იყო, მასპინძლებს უფრო შთამბეჭდავი ანგარიშითაც მოეგოთ, მაგრამ სტუმართა გუნდის გამოცდილმა მეკარემ გიორგი სომხიშვილმა ჯერ მარტო პირველ ტაიმში, სულ მცირე, ოთხჯერ გადაარჩინა "ბაია".

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და გიორგი მიქაბერიძეს მეათე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ სომხიშვილმა რუსთაველთა გუნდის შემტევის 3 მეტრიდან (!) დარტყმული ბურთის მოგერიება შეძლო; "ბაიას" კაპიტანმა ამის მერე რევაზ გეწაძის შორეული დარტყმის ტრაექტორიაც გამოიცნო, თუმცა მომდევნო შეტევაში უძლური გახლდათ: გეწაძის კუთხურს ირაკლი მოდებაძის ეფექტური თავური დარტყმა მოჰყვა და ანგარიშიც გაიხსნა.

ტაიმის ბოლომდე მასპინძლები ზეწოლას ახორციელებდნენ მეტოქეზე და ჯერ ტატანაშვილს შეეძლო გოლის გატანა, მერე მოდებაძეს, - ორივეჯერ სომხიშვილმა ითამაშა უშეცდომოდ. თუმცა, ტაიმის ბოლომდე "მეტალურგმა" მაინც შეძლო მეორე და "დამამშვიდებელი" გოლის გატანა: კომბინაცია ირაკლი მაისურაძემ და გიორგი მიქაბერიძემ წამოიწყეს, მერე მარჯვენა ფლანგიდან შეტევა ირაკლი მოდებაძემ გააგრძელა, საბოლოო და ზუსტი დარტყმა კი რევაზ გეწაძემ შეასრულა. აი, რაც შეეხებათ სტუმრებს, პირველ ტაიმში მათ ერთადერთხელ შეუტიეს: მარცხენა ფლანგიდან ირაკლი ეხვაიას დარტყმული ზურაბ ბათიაშვილმა მოიგერია, ლევან წურწუმიამ კი არაზუსტად დაარტყა და ეს ეპიზოდიც ასე დამთავრდა.

აი, ეს იყო "ბაიას" პირველი და უკანასკნელი შეტევა მთელი მატჩის განმავლობაში, - დანარჩენი დრო სტუმრები ბურთის მოგერიებითა და მონდომებული მასპინძელთა იერიშების შეჩერებით იყვნენ დაკავებულნი.

მეორე ტაიმზე სალაპარაკო არც არაფერია: თამაშის ტემპი დაეცა, მასპინძლები ბურთს უნარიანად აკონტროლებდნენ და 45 წუთის განმავლობაში სამი სახიფათო შეტევაც განახორციელეს. ირაკლი მოდებაძის დარტყმული ბურთი სომხიშვილმა მოიგერია, ლაშა ჯაფარიძისა და გიორგი ქავთარაძის დარტყმები კი არაზუსტი აღმოჩნდა. აი, ასე უპრობლემოდ და დამსახურებულად გაიმარჯვა "მეტალურგმა", რომლის შემადგენლობაშიც, უდავოდ, გამორჩეულნი იყვნენ ირაკლი მოდებაძე და რევაზ გეწაძე, - და არა მხოლოდ იმის გამო, მეტოქის კარში გოლები რომ გაიტანეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული