ხმაურიანი აგვისტო - "ზესტაფონი" და "დინამო" ისვენებენ

AutoSharing Option
ქართულ საკლუბო ფეხბურთში ასეთი "ხმაურიანი" აგვისტო ადრე არასდროს გვქონია: ჯერ კიდევ ვერ შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ ორ ქართულ გუნდს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი ნაბიჯიღა აშორებს!

ჰო, მართლაც უჩვეულო და, ამასთან, სასიამოვნო რეალობასთან გვაქვს საქმე: თურმე, ჩვენს გახრიოკებულ და გავერანებულ მოედნებზეც შეიძლება ევროპულ გუნდებთან წარმატებულად თამაში; ისიც ძნელი გასახსენებელია, ოფიციალურ (გნებავთ, - სანაკრებო, გნებავთ - საკლუბო) დონეზე ჩვენი გუნდი 0:2-ის მერე "ყურებს რომ არ ჩამოყრის" და მეტოქეს შეტევების კორიანტელს დაატეხს; ხვდებით, ალბათ, რომ "ზესტაფონის" ფრიად საამო მეორე ტაიმზე ვსაუბრობთ:
ჩვენმა ჩემპიონმა ბელგიურ "ბრიუგესთან" შეხვედრის მეორე ტაიმში ხომ მართლაც "თავზეხელაღებული" და სუპერშემტევი თამაში უჩვენა!

მოკლედ, წლევანდელ ევროტურნირებზე ქართული გუნდების წარმატებულმა ასპარეზობამ ყველა ჩვენთაგანს ოპტიმისტური გაწყობა დაუბრუნა; არ დაგვავიწყდეს, რომ სულ მალე სანაკრებო ბატალიებიც დაიწყება: სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ხომ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდებათ. თუმცა, მანამდე ჩვენი ჩემპიონატი მოექცევა ყურადღების ცენტრში - ახლაც და მომდევნო ტურშიც რამდენი ისეთი თამაში გველოდა, ცენტრალურსაც რომ ვუწოდებთ ხოლმე, პრინციპულსაც და დამაინტრიგებელსაც. თუმცა, მესამე ტურის "მშვენებად" მიჩნეული ძველ მეტოქეთა დაპირისპირება გაურკვეველი ვადით გადაიდო და "ტორპედო"-"დინამოს" მატჩი როდის ჩატარდება, ჯერჯერობით უცნობია.

ვფიქრობთ, არ სჭირდება იმას ახსნა, თუ რა მიზეზით გადაიდო ეს შეხვედრა: "დინამო" ათენიდან გუშინ დაბრუნდა და ალექს გარსიას გუნდს უპრინციპულეს მეტოქესთან მოსამზადებლად, ფაქტობრივად, ერთი დღეღა რჩებოდა. მოვლენების ასეთი განვითარება კი იმას გვაფიქრებინებს, რომ დიდი ალბათობით, შესაძლოა მომავალი ტურის და, საერთოდ, პირველი წრის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრაც გადაიდოს: "დინამოსა" და "ზესტაფონის" პაექრობა ხომ 28 აგვისტოს არის დანიშნული, არადა, ჩვენს ორივე მოწინავე გუნდს 25 აგვისტოს ევროპის ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი მატჩები აქვს ჩასატარებელი.

"ტორპედო"-"დინამოს" მატჩის გადადებამ ტური კი "დააობლა", მაგრამ რამდენიმე მეტ-ნაკლებად საინტერესო პაექრობა მაინც გველოდება; ბოლოს და ბოლოს, ზუგდიდში ჩასატარებელი "მეგრული დერბი" ხომ მართლაც დიდ ინტრიგას გვპირდება: ვნახოთ, შეძლებს თუ არა სოსო ფილიას დამოძღვრილი "კოლხეთი" ზედიზედ მესამე საგარეო მატჩში ქულ(ებ)ის აღებას.

პრინციპულ დაპირისპირებად უნდა მივიჩნიოთ აუტსაიდერთა მატჩიც, საგურამოში, "ლოკომოტივის" საწვრთნელ ბაზაზე რომ უნდა ჩატარდეს: "სპარტაკმაც" და "სიონმაც" ჩემპიონატის სტარტზე ორივე მატჩი წააგო და, აქედან გამომდინარე, ორივე გუნდი ხვალინდელ შეხვედრაში პირველი ქულების მოსაპოვებლად იბრძოლებს.

ასევე ორივე მატჩი წააგო გორის "დილამ", თუმცა "ვიტ ჯორჯიასთანაც" და "ტორპედოსთანაც" გუნდმა ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა. ისე, "დილას" ამჟამინდელ მეტოქესთან დამაფიქრებელი კი არა, მართლაც კოშმარული სტატისტიკა აქვს: უმაღლეს ლიგაში გორელთა გუნდი ათჯერ შეხვედრია "ზესტაფონს" და ათივეჯერ დამარცხებულა! (გუშინ, გვიან ღამით გაირკვა, რომ იმავე მიზეზით "ზესტაფონი"-"დილაც" გადაიდო).

მეორე საშინაო მატჩის მოგებას შეეცდება "ვიტ ჯორჯია" - ზურაბ ბერიძის გუნდი განახლებულ-გაკოხტავებულ "მცხეთა-პარკზე" უმაღლესი ლიგის დებიუტანტს, მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს და ამ წყვილში ფავორიტის სტატუსიც "ვეტერინარებს" უფრო ეკუთვნით.

დაბოლოს, "შემორჩენილი" წყვილებიდან ყველაზე დამაინტრიგებელ პაექრობაზეც: ჩემპიონატის "მოულოდნელი" ლიდერი "გაგრა" სახელდახელო გარდაქმნების პროცესში მყოფ "მეტალურგს" მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ რუსთავის გუნდში პირველი ტურის მერე მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგმა" სეზონში პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

რუსთაველები ამჟამად "გზადაგზა" ძლიერდებიან (ორი ფეხბურთელი - გია კვარაცხელია და გიორგი ჭედია უკვე დაიმატეს, ამათ სხვებიც დაემატებიან) და ამ სეზონშიც მხოლოდ და მხოლოდ ამბიციური გემები უნდა ჰქონდეთ. თუმცა, ხვალ "მეტალურგს" ურთულესი მატჩი ელოდება: ანატოლი პისკოვეცის ახალგაზრდულმა "გაგრამ" სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო და, საერთოდაც, ამ გუნდისგან, ვფიქრობთ, კიდევ ბევრ "მოულოდნელობასაც" უნდა ველოდოთ. თანაც, პისკოვეცისათვის რუსთავის გუნდი "ჩვეულებრივი" მეტოქე ნამდვილად ვერ იქნება - შეგახსენებთ, რომ გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტი 2007 წლის აგვისტოდან 2008 წლის მარტის შუა რიცხვებამდე მეტალურგთა და ქიმიკოსთა ქალაქის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ; თანაც, რამდენად გვახსოვს, ანატოლი პავლოვიჩი რუსთავიდან საკუთარი სურვილით ნამდვილად არ წასულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Au pirveli ar xi romel tamashs da rodis achvenebs gagviget da daweret ra visac shegidzliat. .
Leo-dzia
13:54 20-08-2011
0
ნეტა მეტალურგი გაგრა აჩვენონ! ვინ იცის რა მიზეზი იყო პისკოვეცის წასვლა მეტალურგიდან?
geosochi
00:27 21-08-2011
0

სიახლეები პოპულარული