გივი კვარაცხელია "მეტალურგში" ბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში ამ ბოლო დროს ერთობ უცნაური ტენდენცია შეინიშნება: ფაქტობრივად, თითზე ჩამოსათვლელია 30 წელს მიღწეულ ფეხბურთელთა რიცხვი;

რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მოთამაშეებს მაქსიმალური მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ გუნდების ერთიანად "გაახალგაზრდავების პროცესიც" ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ქართული საკლუბო ფეხბურთის წინსვლას.

ანუ, იმის თქმა გვსურს, რომ ნებისმიერ გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის ყოფნა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა; მით უფრო, თუ ეს ფეხბურთელი უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და, რაც მთავარია, ახალგაზრდა თანაგუნდელებისათვისაც მისაბაძი მაგალითია.

ერთ-ერთმა ასეთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა ახალი სეზონი ცხინვალის "სპარტაკში" დაიწყო და არც
არავის გაუკვირდა, გუნდის კაპიტნადაც რომ აირჩიეს: გივი კვარაცხელიაზე მოგახსენებთ, ორთვენახევარში 32 წელი რომ უსრულდება. კვარაცხელიამ თავის ახალი გუნდის შემადგენლობაში 2 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და აი, გუშინდელი დღიდან უკვე "მეტალურგის" ფეხბურთელი გახდა!

ერთი შეხედვით, ამ ტრანსფერში მოულოდნელი არაფერია: ჯერ ერთი, საქართველოს ჩემპიონატში "სატრანსფერო ფანჯარა" 31 აგვისტომდე ღია არის და ამ თვის ბოლომდე კვლავაც არაერთ საინტერესო "შიდა ტრანსფერებს" უნდა ველოდოთ; არც ის ფაქტი იყო გასაკვირი, "მეტალურგმა" შემადგენლობის გაძლიერება ასეთი გამოცდილი და უნივერსალი ფეხბურთელით რომ გადაწყვიტა: ორი დღის წინ, რუსთაველთა გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა "ლელოსთან" ინტერვიუში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ხაზგასმით ისაუბრა;

სხვათა შორის, ჟორჟიკაშვილს ჩვენც ვეთანხმებით: "მეტალურგის" შემადგენლობაში მართლაც არის რამდენიმე პოზიცია (ჩვენი სუბიექტური აზრით, სულ მცირე, ოთხი-ხუთი), გაძლიერებას რომ საჭიროებს. ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელი შემადგენლობით "მეტალურგს "გამოკვეთილ ფავორიტებთან ("ზესტაფონი", "დინამო") "საჩემპიონო რბოლაში" ჩაბმა მართლაც გაუჭირდება.

და აი, პირველი ტრანსფერიც, "მეტალურგს" უდავოდ რომ გამოადგება: კვარაცხელიას არც ადაპტაცია გაუჭირდება იმ კლუბში, შარშან ჩემპიონობა რომ მოიპოვა და ჟორჟიკაშვილიც საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს გამოცდილი ახალწვეულის უნივერსალურ თვისებებს. კვარაცხელია დაცვის ცენტრში ითამაშებს თუ საყრდენ ნახევარმცველად, ეს, რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადასაწყვეტია, - ფაქტია, რომ "მეტალურგმა" ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში საკმაოდ გონივრული ტრანსფერი განახორციელა.

უმაღლეს ლიგაში გივი კვარაცხელიას დებიუტი 14 წლის წინათ ჰქონდა, როცა თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა; "დინამოს" შემდეგ კვარაცხელია "თბილისსა" და "ლოკომოტივში" თამაშობდა, რის მერეც ლატვიურ "სკონტოში" გააგრძელა კარიერა. ბალტიისპირეთიდან ისევ სამშობლოში დაბრუნდა: ჯერ ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა, შემდეგ "ლოკომოტივსა" და "თბილისში". კვარაცხელია "სკონტოს" შემადგენლობაში ლატვიის ჩემპიონიც გახდა და თასსაც დაეუფლა.

"ტორპედოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო "ლოკომოტივში" ასპარეზობისას თასის მფლობელიც შეიქმნა. თუმცა, ტიტულების ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია: ლიტვურ "კაუნასში" ასპარეზობისას "დუბლი" შეასრულა, ხოლო მოგვიანებით ბელარუსის "მტზ-რიპოში" გადავიდა და ამ ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანიც გახდა.

2010 წლის დასაწყისში კვარაცხელია სამშობლოში დაბრუნდა და მორიგი ტიტული მოიპოვა: რუსთავის "ოლიმპის" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა! შემდე იყო მცირე ხნით ბელარუსული პრესტის "დინამოში" ასპარეზობა და აი, შარშან თავის პირველ კლუბში დაბრუნდა - თბილისის "დინამოში". ისე, არც დავმალავთ: გასული სეზონის დასრულების შემდეგ, თბილისის "დინამოსა" და კვარაცხელიას გზები რომ გაიყო, მართლაც გაგვიკვირდა; ყოველ შემთხვევაში, როცა "დინამოს" ძირითადში თამაშობდა, მოედანზე მუდამ ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და რამდენიმე გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.

გივი კვარაცხელია სხვადასხვა დროს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერი გახლდათ, რამდენიმე მატჩი ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები და ასეთი გამოცდილი და ტიტულიანი ფეხბურთელის დამატებით რუსთავის "მეტალურგის" ეს ტრანსფერი, ჩვენი აზრით, წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული