"გაგრასთან" მატჩში არ დაჯარიმდეთ!

AutoSharing Option
ამ ტურს ჩვენც განსაკუთრებულად ველოდით და ქუთაისშიც: ამბიციურ "ტორპედოსთან" საპაექროდ ხომ ქართული ფეხბურთის მარადიული ფავორიტი თბილისის "დინამო" უნდა ჩასულიყო. სამწუხაროდ, "დინამოს" ესპანელ თავკაცს, ალექს გარსიასა და მის ოთხ თანამემამულე ფეხბურთელს (ჩისკოს, ალვაროს, იაგუეს, კოტოს) მომთხოვნი ქუთაისელი ქომაგების "გაცნობა" ამჯერად არ მოუწიათ: ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად მიჩნეული "ტორპედო"-"დინამოს" შეხვედრა ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით გადაიდო;

გასულ ტურში არც "ზესტაფონს" უთამაშია და, ალბათ, ლოგიკური გადაწყვეტილებაც იყო: ევროტურნირებზე ორი გუნდი შემოგვრჩა და თუ "დინამოს" ინტერესებს ვითვალისწინებთ, მაშინ "ზესტაფონმა" რაღა დააშავა? გასაგებია, რომ წინა ხუთშაბათს "დინამოს" გასვლითი
მატჩი ჰქონდა საბერძნეთში და ათენიდან თბილისში მეორე დღეს დაბრუნებულ გუნდს "ტორპედოსთან" მატჩამდე მოსამზადებლად ძალზედ ცოტა დროღა რჩებოდა.

ეს ყველაფერი მართლაც გასათვალისწინებელია, მით უფრო, როცა ევროპის ლიგის პლეი-ოფის მატჩები ერთკვირიან შუალედში ტარდება; მაგრამ, "ზესტაფონის" ფეხბურთელებმა ნაკლები ენერგია დახარჯეს "ბრიუგესთან" უხვგოლიან "ტრილერში"? მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ შეღავათი ევროტურნირებზე მოასპარეზე ორივე გუნდს ეკუთვნოდა და ასეც მოხდა: "დინამოსა" და "ზესტაფონს" ევროპის ლიგის პლეი ოფის განმეორებითი მატჩებისათვის მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო აქვთ და დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული.

ისე, ჩვენი აზრი ვინმეს თუ აინტერესებს, წინასწარ დადგენილი კალენდარი არ უნდა იცვლებოდეს! რა თქმა უნდა, ყველას გვიხარია ევროტურნირებზე "დინამოსა" და "ზესტაფონის" წარმატებული ასპარეზობა და უფრო დიდი სურვილიც გვაქვს, რომ ჩვენმა ორივე გუნდმა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს; ჰოდა, ასე რომ მოხდეს, ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩის წინაც იგივე უნდა განმეორდეს?

თუმცა, კალენდრის შეცვლა გვიკვირს? აბა, გაიხსენეთ წინა სეზონი, როცა ჩემპიონატის რეგლამენტი ბოლოსწინა ტურის წინ შეიცვალა! ისე, სხვანაირად, ალბათ, ვერც იქნებოდა - მაშინ უმაღლესი ლიგიდან ხომ კონკრეტული გუნდი უნდა გავარდნილიყო და ამ გუნდის დაქვეითება კი "ძალიან ზემოთ" არავის აწყობს. ანუ, რეგლამენტის შეცვლის გადაწყვეტილება, ალბათ, ბევრად უფრო "მაღლა" გადაწყდა, ვიდრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში.

გოლები ცოტაა, მაგრამ განსაკუთრებული
ტური არასრული გამოდგა და, ალბათ, მხოლოდ ამას უნდა მივაწეროთ ერთობ დაბალი შედეგიანობა; შეგახსნებთ, რომ ჩემპიონატის სტარტზე ამ მხრივ სასაყვედურო ჩვენს ფეხბურთელებს არაფერი ჰქონდათ: პირველ ტურში 19 გოლი გავიდა, მეორეში - 14. ახლა კი, მართლაც დაბალი მაჩვენებელია - ოთხ შეხვედრაში ოთხი გოლი ვიხილეთ! ჰოდა, ოთხივე გოლის ავტორი უნდა ვახსენოთ, მით უფრო, რომ ოთხივე შემთხვევა განსაკუთრებული თუ არ იყო, გარკვეულ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებდა.

უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ლევან შარიქაძის მართლაც ზღაპრულად შესრულებული საჯარიმო უნდა ვახსენოთ: "გაგრას" 22 წლის ნახევარმცველმა მხოლოდ მესამე ტურის კი არა, საერთოდ, ახლადდაწყებული სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა! ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა "გაგრამ" მეორე გოლიც შორეული დარტყმით გაიტანა: საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო ბურთი შეაგდო გუნდის უკრაინელმა ლეგიონერმა, 26 წლის ვლადიმირ ორდინსკიმ. დანარჩენი ორი გოლი კი ზუგდიდში, "მეგრულ დერბიში" გავიდა: ჯერ იყო და ამ ჩემპიონატის პირველი "ავტოგოლი" დაფიქსირდა (ლევან შავგულიძე), შემდეგ კი თავი მასპინძელთა ნახევარმცველმა ავთანდილ ენდელაძემ გამოიჩინა. სხვათა შორის, 16 წლის ენდელაძე შეცვლაზე ათი წუთის შემოსული იყო, უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი რომ გაიტანა.

ძველები და ახლები
აგვისტოს ბოლოს "სატრანსფერო ფანჯარა" იხურება და საქართველოს ჩემპიონატში კვლავაც არაერთ საინტერესო ტრანსფერებს უნდა ველოდოთ. ნურც ის ფაქტი გაუკვირდეს ვინმეს, რომ პირველ სამ ტურში კონკრეტულ ფეხბურთელს ერთ გუნდში ჰქონდეს ნათამაშები, მერე კი სხვაგან გადავიდეს. მსგავსი პრეცედენტი ამ ტურში უკვე მოხდა: 32 წლის გივი კვარაცხელიამ სეზონი "სპარტაკში" დაიწყო (ორი მატჩი ჩაატარა), ახლა კი უკვე "მეტალურგის" ღირსებას იცავს. კვარაცხელიას გარდა გასულ ტურში სხვა ფეხბურთელებმაც ჩაატარეს პირველი მატჩი ახალი გუნდის მაისურით: დავით ლომაიამ, გელა ხუბუამ, ირაკლი სამხარაძემ, ზვიად ქანთარიამ (ყველა-"სპარტაკი"), ხოლო 18 წლის ნიგერიელ შემტევს უმარ მაგაჯის საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა.

მეკარეთა აღლუმი
ტურის დაბალი შედეგიანობა აღვნიშნეთ, მაგრამ ის კი "დაგვავიწყდა" გვეთქვა, რომ ეს, დიდწილად, მეკარეთა დამსახურებაც იყო. უპირველესად, რაღა თქმა უნდა, "გაგრას" 25 წლის მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი უნდა აღვნიშნოთ - "მეტალურგთან" მატჩში საიმედოდ და უშეცდომოდ რომ გაისარჯა. იგივეს ვიტყოდით იმ მეკარეებზეც, გასულ ტურში თავიანთი კარი მშრალად რომ შეინახეს: 30 წლის გიორგი სომხიშვილმა ("ბაია"), 25 წლის ვლადიმერ ზუხბაიამ და 21 წლის ჯონი შეროზიამ ("მერანი") საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. სომხიშვილმა სულაც პენალტი მოიგერია, ზუხბაიას უშეცდომო თამაშმა კი "სიონს" ჩემპიონატში პირველი ქულა მოუტანა.

"სტანდარტული" მიმდინარეობა
საქართველოს თასის წლევანდელ ფინალში ყველანი დამატებითი დროის მოლოდინში ვიყავით, როცა "გაგრას" სტანდარტულს გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა! "გაგრამ" მეორე გოლი კვიპროსულ "ანორთოსისთან" განმეორებით მატჩშიც ასევე გონივრულად გათამაშებული საჯარიმოს შემდეგ გაიტანა ; აი, დაიწყო XXIII ჩემპიონატი და ამ ახალგაზრდული გუნდის გოლების თითქმის ნახევარი კვლავაც სტანდარტულ მდგომარეობებზე მოდის და გამონაკლისი არც ტურის ცენტრალური მატჩი ყოფილა.

ფაქტია, რომ უკრაინელი სპეციალისტი ანატოლი პისკოვეცი ამ კომპონენტზე თავის ფეხბურთელებთან ბევრს მუშაობს და "გაგრას" მომავალი მეტოქეებიც ამ გუნდთან პაექრობისას მაქსიმალურად უნდა მოერიდონ ჯარიმების "აკიდებას"; თანაც, საფრთხეს ერთი-ორი კონკრეტული ფეხბურთელისგან კი არა, ლამის ნახევარი გუნდისგან უნდა ელოდოთ, - "გაგრაში" ბევრია ისეთი ფეხბურთელი, ეფექტური თუ ეფექტიანი საჯარიმოთი მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლა მადლობა თქვენ საიტ იმისთვის რომ ასე დაწვრილებით წერთ ეროვნულ ჩემპიონატზე და არა მარტო ჩემპიონატზე არამედ ქართველ ფეხბერთელებზე!
ისე ერთი დიდი ინტერვიუ რომ აგეგოთ პესკუნისგან მაგრად გამიხარდებოდა, ტარგმნა არაა აუცილიბელი, იყოს რუსულად! წინასწარ მადლობა!
geosochi
16:48 23-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული