ახლებური და საინტრიგო პირველი ლიგა

AutoSharing Option
23 აგვისტოს პირველი ლიგის გათამაშება დაიწყო და წინდაწინ შეიძლება იმის თქმა, რომ მეტად საინტერესო ტურნირი გველოდება. ჯერ ის ვთქვათ, რომ პირველი ლიგის ამჟამინდელი გათამაშების ფორმატი წინა სეზონისაგან განსხვავებულია: ჩემპიონატში მონაწილე 20 გუნდი "ა" და "ბ" ზონაშია გადანაწილებული.

"ა" ზონაში იასპარეზებენ: "სამტრედია", "დინამო" (ბათუმი), "კოლხეთი" (ხობი), "მეშახტე" (ტყიბული), "ჩხერიმელა" (ხარაგაული), "მერცხალი" (ოზურგეთი), "ჭიათურა", "ლოკომოტივი" (თბილისი), "მესხეთი" (ახალციხე), სტუ (თბილისი); "ბ" ზონაში კი დანარჩენი ათი გუნდი ითამაშებს: "ჩიხურა" (საჩხერე), "გურია" (ლანჩხუთი), "იმერეთი" (ხონი), "ნორჩი დინამო" (თბილისი), "ადელი" (ბათუმი), "სამგურალი" (წყალტუბო), "სქური" (წალენჯიხა),
"ზოოვეტი" (თბილისი), "სულორი" (ვანი), "აეტი" (სოხუმი). ვიდრე გათამაშების რეგლამენტს გაგაცნობდეთ, ის გუნდები გვინდა ჩამოვთვალოთ, სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში რომ უასპარეზიათ: "დინამო" (ბათუმი), "გურია" (ლანჩხუთი), "კოლხეთი" (ხობი), "მერცხალი" (ოზურგეთი), "ჭიათურა", "სამტრედია", "ლოკომოტივი" (თბილისი), "მესხეთი" (ახალციხე), "ჩიხურა" (საჩხერე), "სამგურალი" (წყალტუბო), "სულორი" (ვანი).

თანაც, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბათუმის "დინამოს", "გურიასა" და "ლოკომოტივს" საქართველოს თასი აქვთ მოპოვებული; იმავე "დინამოსა" და "ლოკომოტივს" (ისე როგორც "სამტრედიას") ევროტურნირებზეც უასპარეზიათ, ახლა კი, როგორც ხედავთ, საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში თამაშობენ. რაც შეეხება დებიუტანტებს, ასეთი სამი გუნდია: სოხუმის "აეტი", თბილისის სტუ და თბილისის "ზოოვეტი".

ახლა კი პირველი ლიგის გათამაშების ახლებურ ფორმატზეც; პირველი ეტაპი ორივე ზონაში ჩატარდება ორ წრედ, რის შემდეგაც "ა" და "ბ" ზონაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები უმაღლეს ლიგაში IX-XII ადგილებზე გასულ გუნდებთან ერთად უმაღლესი ლიგის საგზურებისათვის იბრძოლებენ. ანუ, მომავალი წლის გაზაფხულზე რვაგუნდიანი ტურნირი დაიწყება: უმაღლესი ლიგის ოთხი უარესი და პირველი ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი ასპარეზობაში ნული ქულით ჩაებმება და ორწრიანი შეჯიბრების შემდეგ ოთხი საუკეთესო უმაღლესი ლიგის საგზურს მიიღებს, ხოლო V-VIII ადგილებზე გასული გუნდები კი პირველ ლიგაში დარჩებიან.
პირველ ლიგაში ორივე ზონაში პირველი ეტაპი მომავალი წლის 18 მარტს მთავრდება და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელი ტურნირის პარალელურად სხვა გათამაშებაც დაიწყება. ანუ, "ა" და "ბ" ზონაში III-X ადგილებზე გასული გუნდები გასავარდნ პლეი-ოფში ჩაებმებიან. ამ შემთხვევაშიც ორწრიანი ტურნირი იქნება, ოღონდ, გუნდები გათამაშებას დაიწყებენ პირველ ეტაპზე ერთმანეთში ნათამაშები ქულებისა და ბურთების სხვაობით. ეს რვაგუნდიანი ჯგუფები ასეთნაირად გადანაწილდებიან:

"A" ჯგუფი: "ა" ზონაში III, VI, VIII, IX ადგილებზე გასული გუნდები პლუს "ბ" ზონის IV, V, VII და X Fგუნდები;
"B" ჯგუფი: "ბ" ზონაში III, VI, VIII, IX ადგილებზე გასული გუნდები პლუს "ა" ზონის IV, V, VII და X გუნდები.

ორწრიანი ტურნირის შემდეგ ორივე ჯგუფში ბოლო ადგილებზე გასული გუნდები პირველ ლიგას დატოვებენ; ბოლოსწინა ადგილებზე გასული გუნდები კი ერთმმატჩიან დაპირისპირებაში (ნეიტრალურ მოედანზე) გაარკვევენ ურთიერთობას და გამარჯვებულიც პირველი ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, დამარცხებული კი მეორე ლიგაში დაქვეითდება.

ფავორიტებზე საუბარი სამომავლოდ გადავდოთ, თუმცა ორ გუნდზე უკვე ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება იქნება - ბათუმის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" ვგულისხმობთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული