არადა, ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაგრამ ფაქტია: წინა ტურებისაგან განსხვავებით ევროპის ცნობილ საბუქმეიქერო კანტორებს საქართველოს ჩემპიონატზე ამჯერად ფსონები არ ჰქონიათ; გამონაკლისი მხოლოდ "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩი იყო, აი, დანარჩენ ხუთ შეხვედრას კი ევროპულმა ტოტალიზატორებმა "გვერდი აუარეს" და, ალბათ, ნანობენ კიდეც, - ვეჭვობთ, რომ ვინმეს საქართველოს ჩემპიონატის
თავად განსაჯეთ: მანამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "გაგრა" დიდი ანგარიშით მარცხდება "ბაიასთან", გორის "დილა" სტუმრად ამარცხებს გუნდს, წინა ტურებში ზესტაფონიდან და რუსთავიდან ქულა რომ წამოიღო, უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა "მერანმა" თავისზე ბევრად (თანაც, ყველაფრით) ძლიერ "ტორპედოს" მოუგო, "მეტალურგმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს "სპარტაკს" ვერ აჯობა და ასე შემდეგ...
შეხვედრა წარსულთან
90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ჩემპიონატში მართლაც საინტერესო და საკუთარი ხელწერის მქონე გუნდი გამოჩნდა - თბილისის "მრეტები"; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ ამ გუნდიდან "გავიცანით" იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე! "მრეტების" დამაარსებელი ვაჟა ჩხაიძე გახლდათ, ვინც ქართული ფეხბურთის ისტორიაში თანამდებობების მართლაც უნიკალური შეთავსებით შევიდა: გუნდის პრეზიდენტიც იყო და მთავარი მწვრთნელიც!
ქინქლაძისა და ჩხაიძის გარდა იმ კლუბის სხვა წარმომადგენლებიც უნდა ვახსენოთ, უპირველესად კი კლუბის ტექნიკური დირექტორი ირაკლი (აკა) ქავთარაძე და ორი წამყვანი მოთამაშე; იმდროინდელი "მრეტების" ერთ-ერთი ლიდერი, გუნდის უპირველესი ბომბარდირი გიორგი ტყავაძე გახლდათ, ხოლო გამოცდილი კობა ჟორჟიკაშვილი სხვადასხვა პოზიციაზე წარმატებით თამაშობდა.
და აი, "მრეტების" ყოფილი წარმომადგენლები დღესდღეობით კვლავაც ერთად არიან და ამჯერად "მეტალურგის" წარმატებაზე უწევთ ფიქრი: ბუბა ტყავაძე კლუბის მმართველი დირექტორია, კობა ჟორჟიკაშვილი - მთავარი მწვრთნელი, ხოლო ირაკლი ქავთარაძე სულ ცოტა ხნის წინათ გუნდის უფროსად დაინიშნა.
სამწუხაროდ, "მეტალურგმა" სეზონი ისე ვერ დაიწყო, ამ გუნდის ქომაგები რომ ელოდნენ: ევროტურნირებზე ასპარეზობამაც, ეტყობა, გარკვეული როლი ითამაშა და ისიც ცხადია, გუნდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერებას საჭიროებს. ახლაც, გასულ ტურში "სპარტაკთან" შეხვედრაში "მეტალურგის" შეტევითი პოტენციალი საკმაოდ დაბალი იყო და ფაქტობრივად, ერთადერთი რევაზ გეწაძე ცდილობდა თამაშის გამწვავებას (პლუს შეცვლაზე შემოსული გიორგი ქავთარაძე).
ისე, ამ მატჩში ბევრი ისეთი ფეხბურთელი მონაწილეობდა, ყოფილი კლუბის წინააღმდეგ რომ ასპარეზობდა: გივი კვარაცხელიამ სეზონი "სპარტაკში" დაიწყო, ახლა "მეტალურგშია", საპირისპირო "მარშრუტი" ჰქონდა დავით ლომაიას, გელა ხუბუასა და რევაზ ჯიქიას რუსთავის გუნდის მაისურით არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ, "სპარტაკის" კიდევ ორი მოთამაშე (ზვიად მეტრეველი, ვარლამ კილასონია) კი სულაც რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილები არიან. სხვათა შორის, კობა ჟორჟიკაშვილის ბოლო გუნდი საქართველოს ჩემპიონატში სწორედ "სპარტაკი" იყო...
უმაყურებლო და უცნაური
რამდენიმე წამიც და "ზესტაფონი" თავისთვის უსიამოვნო სერიას შეწყვეტდა: 2005 წლის გაზაფხულის მერე იმერული კლუბი "დინამოს" სტუმრად პირველად ამარცხებდა, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა 30 წლის ჩისკომ ზუსტი დარტყმით ტურის ცენტრალურ მატჩში საყაიმო შედეგი დააფიქსირა. სხვათა შორის, ამ მატჩში ჩისკომ პირველი "ქართული დუბლი" შეასრულა და საერთოდაც ახალ სეზონში "დინამომ" 6 გოლი გაიტანა, აქედან 5 ესპანელთა ანგარიშზეა (ჩისკოს უკვე სამი ბურთი აქვს გატანილი, თითო-თითო 23 წლის კოტომ და 28 წლის ალვარომ შეაგდეს).
თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩისკო თამაშში მხოლოდ შესვენების შემდეგ ჩაერთო, ასევე შეცვლაზე შემოვიდა 29 წლის ალექსანდრე კოშკაძე, - "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა ალექს გარსიამ გუნდის ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელებს, ალბათ, დასვენების საშუალება მისცა. მოგეხსენებათ, რომ ტურის ცენტრალური მატჩის მონაწილეებს ამ შეხვედრისათვის მოსამზადებლად, ფაქტობრივად, ორი "სრულფასოვანი" დღეც არ ჰქონიათ; აქედან გამომდინარე, ბევრს არ უნდა გაჰკვირვებოდა ორივე გუნდის შემადგენლობაში გარკვეული სიახლე თუ იქნებოდა. თუმცა, სტუმართა ახალგაზრდა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა მართლაც თამამი და სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და ჩემპიონატში უმთავრეს კონკურენტთან მატჩში (თანაც, სტუმრად) ძირითადი შემადგენლობის 6 ფეხბურთელი დაასვენა!
ძალიან საწყენი იყო, ტურის ცენტრალური მატჩი, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ ჩატარდა; ისიც ძალიან საწყენი იყო, რომ ჩემპიონატის ორი გამორჩეული გუნდი ასეთ უხარისხო საფარზე თამაშობდა; ამას მერე სამსაჯო ლაფსუსებიც დაემატა ("დინამოს" კარში აშკარად არჩასათვლელ პირველ გოლს ვგულისხმობთ), შემდეგ კი, ცოტა არ იყოს, "უცნაურზე-უცნაური" შეცდომებიც ვიხილეთ ერთ-ერთი გუნდის უკანახაზელთა "შესრულებით" და საბოლოოდ უხვგოლიანი ფრეც დაფიქსირდა!
არადა, მატჩის ძირითადი ნაწილი (ფაქტობრივად, 75 წუთი) სტუმართა აშკარა უპირატესობით წარიმართა: 31 წლის თორნიკე აფციაური, 25 წლის შოთა გრიგალაშვილი და 23 წლის თორნიკე გორგიაშვილი მოედნის შუახაზზე "გაბატონდნენ" და მასპინძლებს უამრავი თავსატეხი გაუჩინეს. ამ "ტრიოს" ჩინებულად აუბა მხარი 27 წლის ჯაბა დვალმა, ვინც მეორე ტაიმის დასაწყისიდან შემოვიდა მოედანზე. "ზესტაფონს" უპირატესობა არა მხოლოდ მოედნის ცენტრში ჰქონდა - სტუმრები ეფექტიან კომბინაციებსაც ახორციელებდნენ და რომ არა 25 წლის გიორგი ლორიას მართლაც გასაოცარი რეაქცია, ალექს გარსიას ვერც თანამემამულე ფეხბურთელის (ჩისკო) "დუბლი" უშველიდა...
რაც შეეხება "დინამო"-"ზესტაფონის" მატჩში მომხდარ რამდენიმე საკამათო ეპიზოდს (და საერთოდაც, გასული ტურის სამსაჯო საკითხებს), ამ თემას "ლელო" უახლოეს დღეებში დაუბრუნდება და კომპეტენტური პირის მოსაზრებასაც გაგაცნობთ.
დებიუტები, ახალწვეულები
წინა ტურში უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა "ბაიას" 16 წლის ნახევარმცველმა ავთანდილ ენდელაძემ; აი, ახლა კი ერთპიროვნული ლიდერის, "გაგრას" ძლევაში თავისი წვლილი შეიტანა ზუგდიდური გუნდის კიდევ ერთმა ჭაბუკმა ფეხბურთელმა, 16 წლის გურამ სამუშიამ (სხვათა შორის, ენდელაძეც და სამუშიაც საქართველოს 17-წლამდელთა იმ ნაკრების წევრები არიან, კობა ჟორჟიკაშვილი და გოჩა ავსაჯანიშვილი რომ წვრთნიდნენ).
საერთოდაც, ზუგდიდური გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი ახალგაზრდა ფეხბურთელებს უდიდეს ნდობას უცხადებს და შედეგს კი სატურნირო ცხრილი "მიგანიშნებთ": ოთხი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე "ბაია" იმყოფება!
2007 წლის 11 აგვისტოს "დილამ" ბათუმის "დინამო" დაამარცხა და ის იყო XIX ჩემპიონატში გორელთა პირველი და უკანასკნელი გამარჯვება! და აი, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ "დილამ" უმაღლეს ლიგაში გამარჯვება მოახერხა და სადებიუტო გოლი კი 22 წლის ნახევარმცველმა დავით რაჟამაშვილმა გაიტანა. აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "დილა" საკმაოდ გაძლიერდა: გუნდმა გამოცდილი ნახევარმცველი, 30 წლის ოლეგ გველესიანი დაიმატა და, რაც მთავარია, მშობლიური ქალაქის გუნდში ჩაირიცხნენ 24 წლის ტყუპი ძმები, ვალტერ და პავლე ხორგუაშვილები.
"დედმამიშვილების თემას" განვავრცობთ და "ზესტაფონისა" და, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, შოთა გრიგალაშვილის უმცროსი ძმაც გვინდა ვახსენოთ; მით უფრო, უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა "მერანმა" ამბიციური "ტორპედოს" დამარცხება გუნდის ახალწვეულის, 21 წლის ელგუჯა გრიგალაშვილის გოლით მოახერხა. ისე, მარტვილელები მართლაც არ ხუმრობენ: ახალგაზრდა მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას გუნდი ოთხი ტურის შემდეგ თბილისის "დინამოსთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს!
მომდევნო ტური, 10 სექტემბერი
გაგრა-კოლხეთი
დილა-დინამო
ტორპედო-სიონი
ვიტ ჯორჯია-ოლიმპი
ზესტაფონი-მერანი
11 სექტემბერი
სპარტაკი-ბაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ადმინ კიდო ერთი პატარა კითხვა მაქვს, თქვენ საიტზე ვერ ვრეგისტრირდები ვერანაირად სამწუხაროდ! რეგისტრაციის დამთავრების დროს წერს
(ეს სახელი/პაროლი უკვე გამოიყენება. გთხოვთ სცადოთ სხვა.)
იქნებ როგორმე დამეხმაროთ.
წინასწარ მადლობა!