სამწვრთნელო საკითხი - ბრაზილიური სინდრომი

AutoSharing Option
ამასწინათ იყო, ჩვენი გაზეთის თანამშრომელმა ნიკოლოზ ნეფარიძემ "ლელოს" მკითხველს საინტერესო ინფორმაცია რომ მიაწოდა: ბრაზილის ჩემპიონატში პირველი წრე არ დასრულებულა და უკვე 25 სამწვრთნელო გადაადგილება მოხდაო!

ბრაზილიამდე "ყველანაირად" შორს ვართ: გეოგრაფიულადაც, კლიმატური სარტყელითაც (ხვალიდან გაზაფხული "ეწვევათ") და, რაღა თქმა უნდა, საფეხბურთო თვალსაზრისითაც. თანაც, ჯერ კიდევ სამი-ოთხი წლის წინ ბრაზილიის ჩემპიონატის დონე დიდი ვერაფერი იყო, მაგრამ ბოლო დროს გუნდების უმრავლესობა ფინანსურად მომძლავრდა და იქაურ პირველობაზე ახალგაზრდა ვარსკვლავების (ნეიმარი, განსო, ლუკასი, ენრიკე) გვერდით ევროპამოვლილი ცნობილი მოთამაშეებიც (რობერტინიო, ადრიანო, ლიედსონი, ჟუნინიო, ელანო, ლუიშ ფაბიანო)
ასპარეზობენ.

თუმცა, ბრაზილიელებს მაინც შეიძლება "რაღაცაში" არ ჩამოვრჩეთ: იქაურობის მსგავსად, საქართველოშიც იშვიათზე-იშვიათია ისეთი შემთხვევა, ესა თუ ის მწვრთნელი კონკრეტულ გუნდში... ერთ სეზონს სრულად რომ ჩაატარებს! ეგ კი არა, შესაძლოა, ვაჯობოთ კიდეც: ბოლოს და ბოლოს, ბრაზილიაში 20-გუნდიანი ჩემპიონატი ტარდება, ჩვენთან კი, 10-12 გუნდიან პირველობებში სეზონის განმავლობაში ხომ, ლამის არის, 15-20 სამწვრთნელო გადაადგილება მოხდეს!

ჰო, "წავიდა" ის დრო, ერთი და იგივე ქართველი მწვრთნელი ამა თუ იმ გუნდში "გადაბმულად" რამდენიმე სეზონს რომ მუშაობდა; არადა, ადრე მართლაც "ჩვეულებრივ" ამბად აღიქმებოდა ის ფაქტი, როცა ერთი კი არა, რამდენიმე სეზონის განმავლობაში მოძღვრავდნენ თავიანთ კლუბებს დავით ყიფიანი, გივი ნოდია, რევაზ ძოძუაშვილი, ოთარ გაბელია, რევაზ ბურკაძე, გიგლა იმნაძე, თემურ მახარაძე; მოგვიანებით ამათ სხვა მწვრთნელებიც შეემატათ, რომლებიც, სულ მცირე, ორი სეზონის განმავლობაში მუშაობდნენ ერთსა და იმავე გუნდში: გიორგი ჩიხრაძე, ამირან გოგიტიძე, ვლადიმერ ხაჩიძე, გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის "დუეტი", ბესიკ შეროზია, კობა თედიაშვილი, გია გეგუჩაძე. აღარაფერს ვამბობთ სოსო ფილიაზე, ვინც "კოლხეთში" რვა სეზონი "გადაბმულად" მუშაობდა და არცთუ პატარა პაუზის მერე წინა ჩემპიონატში კვლავაც დაუბრუნდა სამწვრთნელო ასპარეზს.

ბათუმის "დინამოს" ხლმძღვანელთა "მოთმინების უნარზეც" უნდა ვთქვათ: პირველ ათ ჩემპიონატში (1990-99 წლებში) ამ გუნდს მხოლოდ ორი სპეციალისტი, შოთა ჭეიშვილი და ვალერიან ჩხარტიშვილი ავარჯიშებდა. ბოლო დროს კი "ხანგრძლივობის რეკორდი" რამაზ მუმლაძემ დაამყარა - ოთხი სეზონის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელად რომ მუშაობდა...

რეკორდის მოლოდინი
XIX ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი ასპარეზობდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, 9 მწვრთნელმა სეზონი დაიწყო და დაამთავრა! აი, "დიდი ნდობით" აღჭურვილ მწვრთნელთა ჩამონათვალიც: ვლადიმერ ხაჩიძე ("ბორჯომი"), დუშან უჰრინი ("დინამო"), გიორგი ჩიხრაძე ("ამერი"), რამაზ მუმლაძე ("ვიტ ჯორჯია"), თემურ მახარაძე ("ზესტაფონი"), გიორგი კიკნაძე ("ლოკომოტივი"), ბესიკ შეროზია ("მგლები"), კობა ჟორჟიკაშვილი ("სპარტაკი"), კობა თედიაშვილი ("მესხეთი").

ამის შემდეგ, ასეთ მწვრთნელთა რიცხვი უფრო და უფრო მცირდებოდა: XX ჩემპიონატში ხუთმა სპეციალისტმა შეინარჩუნა თანამდებობა (შეროზიას, მუმლაძის, კიკნაძისა და თედიაშვილის მსგავსად ოთარ კორღალიძემ), მომდევნოში - კახა კაჭარავამ ("დინამო"), გელა სანაიამ ("ლოკომოტივი"), გია გეგუჩაძემ ("ზესტაფონი"), აი, წინა სეზონში კი ორად-ორი შემთხვევა გვქონდა - ელგუჯა ქომეთიანმა ("ბაია") და გია გეგუჩაძემ ("ზესტაფონი") ჩემპიონატი სრულად ჩაატარეს.

ისე, ახალი სეზონი ისე დაიწყო, ვეჭვობთ, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მწვრთნელთა გადაადგილების მხრივ სარეკორდო მაჩვენებელი არ დაფიქსირდეს: ჯერჯერობით ოთხი ტურია გასული და უკვე სამ გუნდში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი! შეგახსენებთ, რომ უკვე პირველი ტურის შემდეგ რუსთავის "მეტალურგში" საკადრო გადაადგილება მოხდა და გუნდი კობა ჟორჟიკაშვილმა ჩაიბარა; გავიდა კიდევ ერთი ტური და ძალიან ბევრისთვის მოულოდნელი გადადგომის შესახებაც შევიტყვეთ: "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა გია გეგუჩაძემ და ჯერჯერობით მის ნაცვლად ახალგაზრდა სპეციალისტი გია ჭიაბრიშვილი მუშაობს.

და აი, ახლადდაწყებული სეზონის კიდევ ერთი სამწვრთნელო გადაადგილება: გუშინდელი დღიდან ბოლნისის "სიონის" მთავარ მწვრთნელად ხვიჩა ქასრაშვილი დაინიშნა. აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ ქასრაშვილის სამწვრთნელო შტაბში იქნებიან ვახტანგ ჩაგელიშვილი და ჯონი ჯაგიდისი, - სწორედ ეს ორი ადგილობრივი სპეციალისტი ხელმძღვანელობდა ბოლნისურ გუნდს ახალი სეზონის პირველ ოთხ ტურში. ქასრაშვილმა თავის "ძველ-ახალ" გუნდში პირველი ვარჯიში გუშინ, 30 აგვისტოს ჩაატარა და ჩემპიონატში არსებული პაუზის გამოყენებასაც მაქსიმალურად შეეცდება.

ცნობისათვის: 46 წლის სპეციალისტი ბოლნისის "სიონში"... მეოთხედ ბრუნდება!

ქასრაშვილის მეოთხე დაბრუნება
ბოლნისის "სიონი" უმაღლეს ლიგაში 1995 წელს შემოვიდა და იმის მერე ეს ქვემოქართლური კლუბი მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობს. რა თქმა უნდა, ერთი-ორი "გამონათებაც" იყო - 2006 წელს კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით "სიონი" საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2003 წელს კი თემურ მახარაძის თავკაცობით გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

რაც მთავარია, ამ 16 წლის განმავლობაში "სიონი" უმაღლესი ლიგის უცვლელი წევრია, თუმცა ბოლნისური კლუბი მწვრთნელების ხშირი ცვლითაც არის აღსანიშნავი. თავად განსაჯეთ: 1995 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ 5 შემთხვევა გვახსენდება, კონკრეტული მწვრთნელი სეზონს სრულად რომ ატარებდა: ნოდარ ხიზანიშვილი (1995-96), ანზორ გძელიძე (1997-98), სპარტაკ არჩვაძე (1999-2000), თემურ მახარაძე (2002-03), ოთარ კორღალიძე (2008-09). დანარჩენ ჩემპიონატებში კი, ორი და სამი კი არა, ხშირად... ოთხი სამწვრთნელო გადაადგილებაც მომხდარა სეზონის განმავლობაში და ასეთი არასტაბილური გარემოს მიუხედავად, "სიონს" უმაღლესი ლიგის დატოვების საფრთხე, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, არასდროს დამუქრებია.

თბილისის "დინამოს" დუბლები, ლანჩხუთის "გურია", ბათუმის "დინამო", სამტრედიის "ლოკომოტივი", რუსთავის "მეტალურგი" - ხვიჩა ქასრაშვილი საკავშირო პირველობაზე ამ გუნდების შემადგენლობაში წლების განმავლობაში ასპარეზობდა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში კი რუსთავის "გორდას" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიიჩნეოდა. მწვრთნელობა კი... სანკტ-პეტერბურგში დაიწყო, სადაც ერთ-ერთ იქაურ გუნდს ავარჯიშებდა; მერე, საქართველოში დაბრუნდა და ჯერ პატარებთან მუშაობდა, შემდეგ კი თბილისის "დინამოში", უფრო ზუსტად, მეორე გუნდში მიიწვიეს. 2004-05 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში ქასრაშვილის სამწვრთნელო დებიუტი შედგა - ორი მატჩში თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობდა.

აი, მომავალი სეზონიდან კი ბოლნისის "სიონი" ჩაიბარა და ურიგოდ ნამდვილად არ უმუშავია - პირველი წრე გუნდმა პირველ ადგილზე დაამთავრა, თუმცა ქასრაშვილს ბოლნისიდან წამოსვლა მოუწია. შემდეგ იყო საჩხერის "ჩიხურა", რუსთავის "ოლიმპი" და ... ისევ "სიონი": 2009-10 წლების ჩემპიონატის II ეტაპიდან ბოლნისელებს ხვიჩა ქასრაშვილი წვრთნიდა და საბოლოოდ გუნდმა VI ადგილი დაიკავა.

ამის მიუხედავად, ქასრაშვილისა და "სიონის" გზები ისევ გაიყო: XXII ჩემპიონატი გუნდმა სხვა მწვრთნელით დაიწყო; შემდეგ კიდევ სხვა მოვიდა და მესამე წრის დამთავრებამდე ორი ტური რომ რჩებოდა, სატურნირო ცხრილის ფსკერისკენ მიმავალი "სიონი"... ისევ ქასრაშვილს ჩააბარეს! ძველ-ახალ გუნდში მესამე დაბრუნება შთამბეჭდავი აღმოჩნდა: "სიონმა" სტუმრად ფრედ ითამაშა ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ "ზესტაფონთან"; ამას მოქმედი ჩემპიონის, "ოლიმპის" დამარცხებაც მოჰყვა და გუნდმაც სახიფათო ზონას თავი დააღწია. და აი, მეოთხე დაბრუნებაც...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა ვნახოთ ხით გაახარებს ბოლნისელებს!
geosochi
15:48 31-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული