ალბათ, მაინც კლოზე! - ავსტრალიელებიც სრულ მზადყოფნაში არიან

AutoSharing Option

გერმანია: ნოიერი - ლამი, მერტეზაკერი, ა. ფრიდრიხი, ბადშტუბერი (ან იანსენი) - ხედირა, შვაინშტაიგერი - ტროხოვსკი (ან მიულერი), იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.
ავსტრალია: შვარცერი - უილკშირი, კ. მური, ნეილი, ჩიპერფილდი - გრელა, კულინა - ემერტონი, კეჰილი, კიუელი - კენედი.
არბიტრი: ანტონიო როდრიგეს მორენო (მექსიკა)

გერმანიის ნაკრების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა გუშინ ყველა კომენტარში რამდენჯერმე აღნიშნეს, სტარტისთვის, ანუ, ავსტრალიასთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში ვართო. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების წინაშე იოახიმ ლიოვის ასისტენტი ჰანსი ფლიკი და გუნდის თავები, კაპიტანი ფილიპ ლამი და ვიცე-კაპიტანი ბასტიან შვაინშტაიგერი წარსდგნენ.

სამივე მათგანს ეტყობოდა, რომ ხვალინდელ დღეს მთელი ბუნდესგუნდი მოუთმენლად ელის - ხვალ გერმანია მუნდიალზე ასპარეზობას ავსტრალიასთან მატჩით უწყებს.

ფლიკმა უმთავრესი კითხვები უპასუხოდ დატოვა და არ უთქვამს, გადაწყვიტა თუ არა ლიოვმა, ვინ უნდა ათამაშოს თავდასხმაში, მარჯვენა ნახევარმცველად და მარცხენა მცველად. ფლიკმა თქვა, მატჩამდე კიდევ ორი დღეა დარჩენილი და უპრიანი იქნება, რომ ამ საკითხებზე თვითონ ლიოვს ჰკითხოთო. იოგი კი გუშინ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადებულა და ზემოთ ხსენებულ კითხვებს პასუხს დღეს, ან სულაც ხვალ გასცემს. თუმცა, აბსოლუტურად ყველა გერმანული გამოცემა თანხმდება იმაზე, რომ ერთ კითხვაზე პასუხი უკვე ცნობილია: ექსპერტების აზრით, ლიოვმა თავდასხმაში უპირატესობა მაინც მიროსლავ კლოზეს მიანიჭა და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გერმანიის 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, ერთადერთ ცენტრფორვარდად მირო უნდა ვიხილოთ. კვირის დასაწყისში ისეთი ტენდენცია გამოიკვეთა, რომ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თომას მიულერმა პიოტრ ტროხოვსკის აჯობა და ყველა ვარაუდობდა, რომ ავსტრალიასთან იოგი სწორედ "ბაიერნის" ახალგაზრდა ნახევარმცველს გაამწესებდა, მაგრამ ბოლო ვარჯიშებმა ვითარება კვლავს შეცვალა, "ტროხე" წინა პლანზე წამოსწია და გუშინ გვიან ღამემდე გერმანიაში კაციშვილმა არ იცოდა, ხვალ ტროხოვსკი ითამაშებს, თუ მიულერი. ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა დაცვის მარცხენა ფრთაზეც, სადაც ერთმანეთის კონკურენტები ჰოლგერ ბადშტუბერი და მარსელ იანსენი არიან. სამაგიეროდ, წყალი არ გაუვა იმას, რომ მარჯვენა მცველი ფილიპ ლამი იქნება, ცენტრში კი, პერ მერტეზაკერი და არნე ფრიდრიხი გამწესდებიან. ნახევარდაცვის ცენტრში სამი ხედირას და ბასტიან შვაინშტაიგერს ორი ადგილი გარანტირებული აქვთ, ხოლო მათ წინ, შუაში მესუთ იოზილი იმოქმედებს, მარცხნივ კი ლუკას პოდოლსკი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც გადაინაცვლებს ხოლმე.

ლიოვის ასისტენტმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გუნდი უაღრესად მოტივირებულია და რომ გერმანიას სასტარტო მატჩში მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულა დააკმაყოფილებს. ლამმა მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა. ბუნდესგუნდის ახალი კაპიტნის თქმით, ტესტ-მატჩებში გამოჩნდა, რომ გერმანია მუნდიალისთვის მზადაა. უფრო მეტიც: ლამმა თქვა, ჩემი აზრით, ეს გერმანიის საუკეთესო ნაკრებია მას მერე, რაც ბუნდესგუნდში ვთამაშობო. შეგახსენებთ, რომ ლამი გერმანიის ნაკრებში 2004 წლის 18 თებერვლიდან ასპარეზობს და უკვე 65 მატჩის გამართვა მოასწრო. გამოდის, რომ ფილიპის აზრით, დღევანდელი გერმანია სჯობია როგორც 2006 წლის გერმანიას, რომელმაც მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავა და სჯობია 2008 წლის ბუნდესგუნდსაც, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.

"პირველ რიგში, მენტალურად ვართ ძლიერები. თანაც, ბევრი არატიპური გერმანელი ფეხბურთელი გვყავს, რაც ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოა," - აღნიშნა ლამმა.
გუშინ ლიოვმა ბუნდესგუნდი მხოლოდ რეგენერაციის კუთხით ავარჯიშა, ბოლოს კი მოთამაშეებს კარში არტყმევინა. ხუთშაბათს საღამოს კი, იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი კონცერტის ნახვა არ მოისურვეს, სასტუმროს საკუთარ კინოთეატრში "ტერმინატორ 4-ს" უყურეს. ფლიკის თქმით, ეს იდეალური ფილმია იმისათვის, რომ მოთამაშე მუნდიალისთვის სათანადოდ განეწყოს...

კიუელი, კენედი, თუ ორივე?

პირველი მატჩისთვის, თანაც ერთ-ერთ ფავორიტ გერმანიასთან, ასვტრალიელებიც უდიდესი მოტივაციით ემზადებიან. რაც მთავარია, "კენგურუებს" ორივე ლიდერი გამოუჯანმრთელდათ: ტიმ კეჰილმა და ჰარი კიუელმა გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშეს. კეჰილს მცირე ტრავმა აწუხებდა, კიუელს კი 2010 წელს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ხვალინდელი შეხვედრისთვის ორივე სრულ მზადყოფნაშია.
ახლა მთავარმა მწვრთნელმა პიმ ფერბეკმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში ერთადერთი ცენტრფორვარდი, კიუელი თუ ჯოშუა კენედი? ფაქტია, რომ კიუელმა აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში უნდა ითამაშოს. ასე რომ, თუ თავდასხმაში კენედი დადგება (მას სხვა პოზიციაზე თამაში არ ეხერხება), მაშინ კიუელი მარცხენა შემტევი ნახევარმცველი იქნება. ავსტრალიის ნაკრები უმეტესად სწორედ ასე თამაშობს ხოლმე, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ფერბეკმა გერმანიასთან ცენტრფორვარდად გამოცდილი კიუელი დააყენოს. ასეთ შემთხვევაში, მარცხნივ მარკ ბრეშიანო დადგება, კენედი კი სათადარიგოთა სკამზე დაჯდება.

მაგრამ უფრო რეალური პირველი ვარიანტია. თუნდაც იმიტომ, რომ კიუელი გამოცდილი მარცხენაფრთელია. "კიუელს სადაც მინდა, იქ ვათამაშებ. მას მერე, რაც ავსტრალიის ნაკრების დამრიგებელი ვარ, ჰარის წინა ხაზის ყველა პოზიციაზე ვიყენებდი. ცენტრფორვარდადაც დამიყენებია, გამთამაშებლადაც, ფლანგებზეც და მას ჩემთვის იმედები არასდროს გაუცრუებია. კიუელს ყველაფერი შეუძლია," - ამბობს ფერბეკი.
კენედის სასარგებლოდ კი, დანიის ნაკრების კარში გატანილი "ოქროს" გოლი მეტყველებს. თავდამსხმელი ამბობს, შესანიშნავ ფორმაში ვარო. ფერბეკის თქმით, ჯოშუას მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენიმე გოლის გატანა შეუძლია. კითხვაზე, ვიხილავთ, თუ არა, კენედის ძირითადში, "კენგურუების" მწვრთნელი ასე პასუხობს: "სავარაუდოდ, კი!"

გოტფრიდ ლენცი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული