სტუმართა ზეობა და საშური შედეგიანობა

AutoSharing Option
სანაკრებო მატჩების გამო ვიდრე შესვენება იქნებოდა, ჩემპიონატში ”ორხელისუფლებიანობა” იყო: სატურნირო ცხრილს 9-9 ქულით ”ბაია” და ”გაგრა” ლიდერობდნენ. ამჟამად კი ერთი და გამოკვეთილი ლიდერი გვყავს: ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად ზუგდიდის ”ბაია” კვლავაც აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას და ელგუჯა ქომეთიანის ახალგაზრდული გუნდი აქამდე თუ ძირითადად საშინაო მატჩებში აგროვებდა ქულებს, ახლა უკვე სტუმრად შეძლო გამარჯვების მოპოვება.

საერთოდაც, განვლილი ტური სტუმართა დომინირებით აღინიშნა: 6 შეხვედრიდან 4 მატჩი მათი გამარჯვებით დამთავრდა; აი, რაც შეეხება ტურის დანარჩენ ორ დაპირისპირებას, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა: ”ტორპედო” რომ ყველანაირად
გაჭირვებულ ”სიონს” დაამარცხებდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა; ისე როგორც ლოგიკური ჩანდა ქვეყნის ჩემპიონის პირველი საშინაო გამარჯვებაც!

დანარჩენი მატჩებიდან, მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იყო ”მეტალურგის” წარმატება, ხოლო ”დინამოს” რომ გორში ერთობ მძიმე მატჩი ელოდა, ამაში ეჭვი არავის გვეპარებოდა და საბოლოოდ, ასეც მოხდა.

აი, ტურის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა კი, რაღა თქმა უნდა, ”გაგრას” საშინაო მარცხი იყო - ანატოლი პისკოვეცის გუნდმა სეზონის სტარტზე ზედიზედ სამ მოგებას ზედიზედ ორი მარცხი მოაყოლა; იმედი დავიტოვოთ, რომ ”გაგრა” მალე დაძლევს ამ დროებით კრიზისს, თუმცა კი ეს ახალგაზრდული გუნდი ჯერჯერობით კვლავაც ლიდერთა სამეულში იმყოფება. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩემპიონატის ორ უმთავრეს ფავორიტს, ”დინამოსა” და ”ზესტაფონს” (ისე როგორც - ”ტორპედოს”) ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ვიდრე გასული ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე ვისაუბრებდეთ, არცთუ დაბალი შედეგიანობაც უნდა ვახსენოთ: ექვს შეხვედრაში 17 გოლი გავიდა და ისიც ვთქვათ, რომ სეზონის დასაწყისიდან მეორე მაჩვენებელია. საუკეთესო შედეგი კი პირველ ტურში დაფიქსირდა - 19 გოლი.

უფრთხილდით ფილიას!
ტურის მოვლენა, რაღა თქმა უნდა, ”კოლხეთის” წარმატება იყო - ფოთელებმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს და ეს მიღწევა უფრო მეტად იმითაც არის დასაფასებელი, რომ სტუმრად ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხეს. აქვე, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ სეზონში ”კოლხეთმა” უკვე ”მოასწრო” და სტუმრად არანაკლებ ძლიერ მეტოქეებთანაც შეძლო ქულების მოპოვება. შეგახსენებთ, რომ ფოთელებმა პირველ ტურში რუსთავში, ”მეტალურგთან” ითამაშეს ფრედ, მომდევნო ტურში კი ქვეყნის ჩემპიონ ”ზესტაფონთან” მიაღწიეს ანალოგიურ შედეგს.

მოკლედ, გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფილიას შეგირდები ”ავტორიტეტთა რისხვად” იქცნენ და ამ გუნდისგან კვლავაც არაერთი სიურპრიზს უნდა ველოდოთ. რაც შეეხება სოსო ფილიას, ვფიქრობთ, არავისთვის იქნება საკამათო ჩვენი გადაწყვეტილება: ”ტურის მწვრთნელად” (უკვე მეორედ ამ სეზონში) ფოთელთა გუნდის გამოცდილი თავკაცი დავასახელეთ!

სამწვრთნელო რებუსი
ეს სეზონი მართლაც განსაკუთრებულ მოვლენებს გვპირდება, ოღონდ ჯერჯერობით არც სტადიონები ივსება (ერთი-ორი ქალაქის გამოკლებით) და ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ ჩვენი ფეხბურთელები ბალახის იდეალურ საფარზე აგორებენ ბურთსო. სამაგიეროდ, ისეთი ”ტემპია” აღებული მწვრთნელების წასვლა-მოსვლაში, ევროპაში კი არა, ალბათ, მსოფლიოშიც, შესაძლოა, სარეკორდო მაჩვენებელი გვქონდეს!

ფაქტობრივად, ტური არ გავა, სულ მცირე, ერთი სამწვრთნელო გადაადგილება რომ არ მოხდეს და დაახლოებით ორი კვირის წინ იყო, ამ საკითხს ”ლელომ” ვრცელი წერილი (”ბრაზილიური სინდრომი”) რომ მიუძღვნა. ამჯერად აღარ შევუდგებით პირველი ტურიდან (!) მოყოლებულ სამწვრთნელო გადაადგილებების ჩამოთვლას; უბრალოდ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ბოლო სამწვრთნელო ცვლილება აგვისტოს ბოლოს მოხდა: ბოლნისის ”სიონში” ხვიჩა ქასრაშვილი დაბრუნდა.

ოთხი ტურის მერე ”სიონს” 2 ქულა ჰქონდა და საერთოდაც, უამრავი პრობლემის გათვალისწინებით, მიმდინარე ჩემპიონატში ამ გუნდის ისედაც მოკრძალებულ შანსებს ყველა მიზერულად აფასებდა. ამიტომაც ლოგიკურად მივიჩნიეთ არასახარბიელო სტარტის მერე ეს საკადრო ცვლილება ლოგიკურად: ქასრაშვილი გამოცდილი მწვრთნელია, ბოლნისში ადრეც არაერთხელ უმუშავია და გუნდის მეტ-ნაკლებად გაძლიერების შემთხვევაში ”სიონს” მართლაც შეეძლო ცხრილის ფსკერიდან ”ამოყვინთვა”. თანაც, ძველ-ახალი მწვრთნელი ბოლნისში შესაფერის დროს დაბრუნდა: სანაკრებო მატჩების გამო ჩემპიონატში შესვენება იყო გამოცხადებული და ”სიონმა” ვარჯიში ქასრაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო და ამას გარდა, ერთი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა (”სპარტაკთან”); ეგ კი არა, ზედ ”სატრანსფერო ფანჯრის” დახურვის წინ (31 აგვისტოს) ”სიონში” რამდენიმე ფეხბურთელიც ჩაირიცხა, - მათგან უმრავლესობა გამოცდილი იყო და ბოლნისური გუნდის გაძლიერებაც შეეძლო; თუმცა, განახლდა ჩემპიონატი და მეხუთე ტურის მატჩში (ქუთაისის ”ტორპედოს” წინააღმდეგ) ”სიონი” მოედანზე სხვა მწვრთნელმა გაიყვანა! უფრო ზუსტად, ისევ ვახტანგ ჩაგელიშვილმა, ანუ იმ ადგილობრივმა ახალგაზრდა სპეციალისტმა, ვინც ”სიონს” საწყის ოთხ ტურში ხელმძღვანელობდა (ჯონი ჯაგიდისთან ერთად). აი, რაც შეეხება ხვიჩა ქასნაშვილს, ჩვენი ინფორმაციით ეს მწვრთნელი ”სიონიდან” უკვე წამოვიდა - ”ტორპედოსთან” მატჩამდე ერთი თუ ორი დღით ადრე...

აქვე, კიდევ ერთ სამწვრთნელო საკითხზე, ოღონდ, ამჯერად აშკარად დადებითი ემოციებით ვისაუბროთ: უმაღლეს ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი გვინდა მივულოცოთ ახალგაზრდა სპეციალისტს გია ჭიაბრიშვილს! ”ზესტაფონის” აწ უკვე ”დე-ფაქტო” და ”დე-იურე” მთავარმა მწვრთნელმა სადებიუტო მატჩი გამარჯვებით აღნიშნა და ისიც მისასალმებელია, რომ ქვეყნის ჩემპიონის სამწვრთნელო შტაბში დასაქმდა კიდევ ერთი ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი ყიფიანი.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ყიფიანი პირველ ეტაპზე ბოლნისის ”სიონის” მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

გორი და ესპანეთი
სამი წელი ელოდა გორელი გულშემატკივარი თავისი საყვარელი გუნდისა და თბილისის ”დინამოს” დაპირისპირებას; თანაც, უმაღლესი ლიგის ამ ძველისძველი გუნდების შეხვედრებში, იშვიათზე-იშვიათი გამონაკლისის გარდა, უპირატესობა მუდამ ”დინამოს” მხარეს იყო. თავად განსაჯეთ: უკანასკნელად ”დილამ” 2003 წელს შეძლო ტიტულიან მეტოქესთან ქულის მოპოვება და აი, რვაწლიანი პაუზის მერე ამ შედეგის გამეორებას არც არაფერი უკლდა! თუმცა, შაბათს ჩატარებულ მართლაც დრამატულ შეხვედრაში გამოცდილმა დინამოელებმა მაინც შეძლეს გამარჯვების მომტანი გოლის გატანა!

აღსანიშნავია, რომ ”სამქულიანი” დარტყმის ავტორი 28 წლის მიკელ ალვარო გახლდათ და ისიც უნდა ავნიშნოთ, რომ ამ სეზონში მეტოქეთა კარში გატანილი გოლების უმრავლესობა ესპანელ ლეგიონერთა ანგარიშზეა (ჩისკო-3, ალვარო-2, კოტო-1). მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ საკუთარი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ”დინამოს” კაპიტანმა, 29 წლის ალექსანდრე კოშკაძემ, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. იგივეს თქმა შეიძლება მასპინძელთა ნახევარმცველზე, 24 წლის პავლე ხორგუაშვილზე, ეროვნულ ჩემპიონატში ორწლიანი პაუზის მერე დაბრუნება გოლით რომ აღნიშნა.

ახლები და ძველები
ამ ტურში ერთდროულად ორი ”დუბლი” ვიხილეთ: ”მეტალურგის” 27 წლის ფორვარდმა დიმიტრი ტატანაშვილმა რუსთაველთა გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა; არანაკლებ დასაფასებელი იყო ”ბაიას” 19 წლის ნახევარმცველის, ლუკა გუგუჩიას ორი ჩინებული გოლიც: ზუგდიდელთა ტექნიკურმა შემტევმა ერთი-მეორეზე ეფექტური საჯარიმო დარტყმებით თავის გუნდს სტუმრად გამარჯვება და... ერთპიროვნული ლიდერობა მოუტანა!

სხვათა შორის, განვლილ ტურში გუგუჩიას გარდა სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებიც მოექცნენ ყურადღების ცენტრში: ქუთაისის ”ტორპედოს” შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა ძირითადში 19 წლის გიორგი კუხიანიძე, 20 წლის გივი იოსელიანმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, მისმა თანატოლმა ნიკა საბანაძემ კი ”სიონის” კარში გოლი გაიტანა.

”ზესტაფონის” ახალბედებიც უნდა ვახსენოთ, მით უფრო, რომ მალხაზ გაგოშიძესა და მიხეილ სარდალიშვილს (ორივე 18 წლისანი არიან) უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდათ. ამათზე ბევრად გამოცდილია გოგა ფიფია, მაგრამ ვერც ამ ფაქტს ავუვლიდით გვერდს: 26 წლის შემტევი მოედანს მძიმე ტრავმისაგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის მერე დაუბრუნდა!

დაბოლოს, დაბრუნებულებზეც: ასევე, გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს 29 წლის დავით გამეზარდაშვილი (”ტორპედო”), 26 წლის გიორგი სეთურიძე, 23 წლის გიორგი ჭედია (ორივე-”მეტალურგი”) და 26 წლის გაგა თიბილაშვილი (”სპარტაკი”) დაუბრუნდნენ.

სიმბოლური ნაკრები
მწვრთნელი: სოსო ფილია (კოლხეთი)
მეკარე: სომხიშვილი (ბაია)
მცველები: ცხვიტარია (კოლხეთი), ინწკირველი (კოლხეთი), გოგონაია (კოლხეთი), ჯაფარიძე (მეტალურგი)
ნახევარმცველები: კუხიანიძე (ტორპედო), გ. დათუნაიშვილი (ტორპედო), პ. ხორგუაშვილი (დილა), გუგუჩია (ბაია)
თავდამსხმელები: კოშკაძე (დინამო), ტატანაშვილი (მეტალურგი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული