ესენი უმაღლეს ლიგასაც დაამშვენებდნენ...

AutoSharing Option
იცოდეთ რეგლამენტი
ვიდრე პირველი ლიგის გათამაშება დაიწყებოდა, უკვე მაშინვე ვივარაუდეთ, წინ ერთობ საინტერესო ტურნირი გველოდა. ამ ინტერესს, უპირველეს ყოვლისა, გათამაშების ახალი ფორმატი იწვევდა, - წინა წლებთან შეცვლილი რეგლამენტი საკმარისზე მეტ ინტრიგას გვპირდებოდა. და აი, პირველი ლიგის გათამაშებიდან ჯერჯერობით ოთხი ტურია გასული, მაგრამ იმის თქმა უკვე შეიძლება, რომ ეს საინტრიგო ვარაუდი აშკარად მართლდება.

სანამ გასული ოთხი ტურის მოვლენებზე ვისაუბრებდეთ, კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ 2011-12 წლების პირველი ლიგის გათამაშების რეგლამენტი. სულ ტურნირში მონაწილეობს 20 გუნდი და ათ-ათი გადანაწილებულია "ა" და "ბ" ზონაში.

თუმცა, ამ შემთხვევაში, ზონები ტერიტორიული პრინციპით ვერ დაიყოფოდა: პირველ ლიგაში მოასპარეზე 20 გუნდიდან 14 დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელია, ანუ, "ტერიტორიული ბალანსი" ირღვეოდა.

თუმცა, ჯობს, ისევ რეგლამენტს დავუბრუნდეთ: 20-გუნდიანი ტურნირი ორი ეტაპად ტარდება და პირველ ეტაპზე ორივე ზონის გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვდებიან. აი, ამის შემდეგ კი იწყება მართლაც საინტერესო და გადამწყვეტი ეტაპი: ორივე ზონაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები შეუერთდებიან უმაღლეს ლიგაში პირველი ეტაპის შემდეგ IX-XII ადგილებზე გასულ ოთხ გუნდს და ახალი ტურნირიც დაიწყება!

ეს რვა გუნდი ამ ტურნირში ასპარეზობას ნული ქულით დაიწყებს და ორწრიანი გათამაშების შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი 2012-13 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს, ხოლო V-VIII ადგილზე გასული გუნდები პირველ ლიგაში დარჩებიან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ ლიგაში ორეტაპიანი ტურნირია და აქედან პირველი, 18 მარტს დამთავრდება. "ა" და "ბ" ზონაში ორ-ორ საუკეთესოზე უკვე მოგახსენეთ, დანარჩენი 16 გუნდი ახალ ტურნირში, "გასავარდნ პლეი ოფში" ჩაერთვება; ამ შემთხვევაშიც ორი ჯგუფი იქნება (თითოში - 8-8 გუნდი), ასევე ორწრიანი ტურნირით, ოღონდ გუნდები გათამაშებას დაიწყებენ პირველ ეტაზე ერთმანეთში ნათამაშები ქულებითა და ბურთების სხვაობით. ეს რვა გუნდიანი ჯგუფები ასეთნარად დაკომპლექტდება:

"A" ჯგუფი: "ა" ზონაში III, VI, VIII, IX ადგილებზე გასული გუნდები პლუს "ბ" ზონის IV, V, VII და X გუნდები;
"B" ჯგუფი: "ბ" ზონაში III, VI, VIII, IX ადგილებზე გასული გუნდები პლუს "ა" ზონის IV, V, VII და X გუნდები. ამ ორწრიანი ტურნირის შემდეგ ორივე ჯგუფში ბოლო ადგილებზე გასული გუნდები პირველ ლიგას დატოვებენ;

ბოლოსწინა ადგილზე გასული გუნდები კი ერთმატჩიან დაპირისპირებაში (ნეიტრალურ მოედანზე) გაარკვევენ ურთიერთობას და გამარჯვებულიც პირველ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, დამარცხებული კი მეორე ლიგაში დაქვეითდება.

ლოგიკა და მოულოდნელობა
პირველი ლიგის ტურნირის დაწყებამდეც ვივარაუდეთ, რომ ორივე ზონას თითო-თითო გამოკვეთილი ფავორიტი ეყოლებოდა: ბათუმის "დინამო" და საჩხერის "ჩიხურა". ოთხი ტურის შემდეგ ჯერჯერობით ჩვენი ვარაუდი მართლდება და ორივე გუნდი თავისი ზონის ლიდერია.

მოდი, ჯერ "ა" ზონაში მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბროთ, სადაც გამოკვეთილი ფავორიტი "დინამო" თავის სტატუსს ამართლებს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია - უმაღლეს ლიგაში 19 სეზონის ჩამტარებელი გუნდი მეოთხე წელია რანგით დაბალ ლიგაში ასპარეზობს.

საქართველოს თასის მფლობელს (1998 წელი), ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორსა და ევროტურნირების მუდმივ მონაწილეს (90-იან წლებში) ახალ სეზონში წარმატებული სტარტი კი ჰქონდა, მაგრამ მესამე ტურში, ბევრისთვის მოულოდნელად, პირველი ლიგის დებიუტანტთან, სტუ-სთან სტუმრად დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ბათუმელებს ამ სეზონში ახალი მწვრთნელი ჰყავთ - 39 წლის იოსებ ნასუაშვილი, შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია; თუმცა, მხოლოდ "დინამოს" შემადგენლობაში კი არა, საერთოდ პირველი ლიგის ამ გათამაშების ყველაზე ცნობადი სახე 37 წლის ამირან მუჯირი გახლავთ! საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და ახალგაზრდა პარტნიორებთან ერთად შეეცდება უმაღლეს ლიგაში გადასვლას.

შეგახსენებთ, რომ ამ ტექნიკურ ნახევარმცველს სხვადასხვა დროს ბათუმის "დინამოს" გარდა უთამაშია ისრაელის, საბერძნეთის, კვიპროსისა და აზერბაიჯანის გუნდებში, ხოლო თბილისის "დინამოსა" და სოფიის ცსკა-ს შემადგენლობაში, შესაბამისად, საქართველოსა და ბულგარეთის ჩემპიონიც ყოფილა.

ბათუმის "დინამოს" ლიდერობა მართლაც არავის გაჰკვირვებია, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით სტუ-ს დაუმარცხებელ გამოსვლაზე - სოხუმის "ცხუმის" ყოფილი მეკარის, 45 წლის სპეციალისტის გოჩა ჟორჟოლიანის შეგირდების ასპარეზობა სეზონის სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ. თანაც, სტუდენტებს მხოლოდ თავის ზონაში კი არა, საერთოდ პირველ ლიგაში ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი - 11.

გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 23 წლის მიხეილ კოსტავაა, დანარჩენი მოთამაშეებიდან კი ის სამი ფეხბურთელიც უნდა აღვნიშნოთ, სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში რომ უასპარეზიათ: 30 წლის გიორგი კვახაძე, 26 წლის ალექსანდრე ლაღაძე და 25 წლის ლევან ჯიქიძე.

სტუ-სთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს ოზურგეთის "მერცხალი", რომლის შემადგენლობაშიც კვლავაც აგრძელებენ კარიერას 41 წლის მეკარე გია გოგუა და 37 წლის ცენტრალური მცველი მიხეილ ქობულაძე!

ამ ორი დამსახურებული ვეტერანის გარდა, "ა" ზონის დანარჩენ გუნდებშიც მრავლად არიან ისეთი ფეხბურთელები, წლების განმავლობაში უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდებში რომ თამაშობდნენ: 28 წლის გიორგი ქირია, 29 წლის დავით ქირია, 26 წლის შალვა ფირცხალავა, 25 წლის ზაურ ხაჭიპერაძე, 29 წლის დავით სევასტოპულო, (ყველა-"ჭიათურა"), 37 წლის გიორგი თურმანიძე, 24 წლის არმაზ დოღონაძე (ორივე-"ჩხერიმელა"), 30 წლის დავით ხარძეიშვილი, 29 წლის პაატა ბაკარანძე, 26 წლის მიხეილ ბესარაშვილი, 25 წლის მამუკა ჭკადუა (ყველა-"კოლხეთი"); აღარაფერს ვამბობთ ახალციხის "მესხეთზე", რომლის შემადგენლობაშიც ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ: 35 წლის დავით ინასარიძე, 29 წლის დიმიტრი ლეკიშვილი, 29 წლის დავით ხანიშვილი, 27 წლის კობა ხანიშვილი, 30 წლის გელა ძამუნაშვილი და 27 წლის ირაკლი ცნობილაძე.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ჯერ კიდევ "გუშინ" და "გუშინწინ" უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "ლოკომოტივი" და "სამტრედია" სეზონის სტარტიდანვე აუტსაიდერთა შორის არიან. თუმცა, ერთის მხრივ ეს ფაქტი მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო - ორივე გუნდი ხომ ძირთადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.


ნაცნობი სახეები
ფავორიტი "ბ" ზონაშიც ამართლებს თავის სტატუსს - გამოცდილი სპეციალისტის, 53 წლის სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურა" პირველ ლიგაში ერთადერთი გუნდია, ყველა მატჩი რომ მოიგო!

ისე, საჩხერელებს ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, უმაღლეს ლიგის ბევრ გუნდს ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან და "ჩიხურას" ერთპიროვნული ლიდერობაც აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენაა. თანაც, ახალი სეზონის დაწყების წინ "ჩიხურამ" შემადგენლობა სერიოზულად გააძლიერა და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გამოცდილების მქონე არაერთი მოთამაშეც დაიმატა: მეკარე, 23 წლის რევაზ თევდორაძე, მცველები - 26 წლის ლაშა ჭელიძე, 28 წლის ნიკა გუშარაშვილი, ნახევარმცველები - 31 წლის ლაშა ნოზაძე, 26 წლის ირაკლი ლილუაშვილი, 25 წლის ლევან ბაკურაძე, 27 წლის გიორგი სილაგავა, 25 წლის ლაშა ვაშაკიძე, 23 წლის ნიკოლოზ კვასხვაძე.

პირველი ლიგის გათამაშების ერთ-ერთ უპირობო ფავორიტს "ჩიხურას" კვალდაკვალ ორი გუნდი მიყვება: დებიუტანტი "ზოოვეტი" და ბათუმის "დინამოზე" არანაკლებ ცნობილი და ტიტულიანი ლანჩხუთის "გურია"; ერთი შეხედვით, "ზოოვეტის" ასეთი წარმატებული სტარტი მართლაც სენსაციად უნდა მიგვეჩნია, მით უფრო, რომ გუნდის ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა გულშემატკივართათვის უცნობია.

სამაგიეროდ, ამ შემთხვევაში მწვრთნელის ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ: "ზოოვეტის" თავკაცი ხომ გამოცდილზე-გამოცდილი სპეციალისტი, 65 წლის ელგუჯა გუგუშვილი გახლავთ!

შორს წაგვიყვანს ამ მართლაც დამსახურებული მწვრთნელის წარმატებების ჩამოთვლა, უბრალოდ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ სწორედ ელგუჯა გუგუშვილი იყო პირველი ქართველი მწვრთნელი, სხვა ქვეყნის ნაკრებს რომ თავკაცობდა (წლების განმავლობაში თურქმენეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო).

"ზოოვეტი" პირველი ლიგის დებიუტანტია, რაც შეეხება "გურიას", უკვე ცხრა წელიწადი ველოდებით ლანჩხუთელთა საყვარელი გუნდის უმაღლეს ლიგაში ხილვას; და აი, ამ სეზონში ამ ყველაფრის წინაპირობაც არსებობს: "გურიამ" კარგი სტარტი აიღო და ჯერჯერობით წაუგებლადაც ასპარეზობს.

ლანჩხუთელთა გუნდის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი სპეციალისტის, 56 წლის გიგლა იმნაძის დაბრუნება იყო. შეგახსენებთ, რომ სწორედ იმნაძის ხელმძღვანელობით გაიმარჯვა "გურიამ" საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში და პირველ-მეორე ჩემპიონატშიც სწორედ ლანჩხუთელები იყვნენ "დინამოს" (მაშინდელ "იბერიას") ერთადერთი კონკურენტები (ორჯერვე ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ).

მშობლიურ ლანჩხუთში დაბრუნებულ გიგლა იმნაძეს ძირითად შემადგენლობაში რადიკალური ცვლილებები არ მოუხდენია, თუმცა ის კი ფაქტია, რომ "გურიას" ერთობ წაადგა "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი ნახევარმცველის, 26 წლის გიორგი მელქაძის გამოცდილება. ლანჩხუთელთა შორის სხვა ფეხბურთელებიც არიან, სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში რომ უასპარეზიათ (25 წლის გიგა კვერენჩხილაძე, 25 წლის გიორგი კვიტაიშვილი), თუმცა ერთი ფეხბურთელი ცალკე აღნიშვნის ღირსია!

23 წლის ფორვარდი იაგო დეისაძე უმაღლეს ლიგაში სამი წლის წინათ, თბილისის "მერანში" ასპარეზობდა. შემდეგ ტყიბულის "მეშახტეში" გამოდიოდა, ბოლო დროს კი ლანჩხუთელთა გუნდის ღირსებას იცავს.

აი, დაიწყო ახალი სეზონი და მეორე ტურიდან მოყოლებული, დეისაძე მოედანს უგოლოდ არ ტოვებს: ერთი ბურთი "იმერეთს" გაუტანა, "ნორჩ დინამოელთან" "დუბლი" შეასრულა, სტუმრად "სულორთან" კი სულაც ოთხი გოლი გაიტანა! ვერაფერს ვიტყვით, მართლაც შესაშური შედეგიანობაა - ოთხ შეხვედრაში გატანილი 7 გოლით იაგო დეისაძე პირველი ლიგის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია.

სხვა გუნდებიდან უნდა აღვნიშნოთ "ნორჩი დინამოელის"... ორი კამერუნელი ლეგიონერი: 20 წლის ანდრე ნონოსი ("სამტრედიასა" და "სპარტაკში" გამოდიოდა) და 19 წლის არნო ჩუენსუ ("გაგრას" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩშივე მძიმე ტრავმა რომ მიიღო). ისე, ამ ზონაში კიდევ ორ გუნდზე გვინდა ორიოდე სიტყვის თქმა: წალენჯიხის "სქურის" მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი, სოხუმის "ცხუმის" ყოფილი თავკაცი ნუგზარ ბოჯგუა მუშაობს; ხოლო მისი ერთ-ერთი შეგირდი "ცხუმიდან", "სამტრედიისა" და სოჭის "ჟემჩუჟინას" ყოფილი ნახევარმცველი, 40 წლის გიორგი გოგიაშვილი წყალტუბოს "სამგურალს" ხელმძღვანელობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული