როდის გაუნათდება ქართულ ფეხბურთს?

AutoSharing Option
კალენდრის მიხედვით, VI ტური ისედაც ორდღიანი უნდა ყოფილიყო: 17 სექტემბერს ტურის ცენტრალური მატჩი ("მეტალურგი"-"ტორპედო") უნდა ჩატარებულიყო, დანარჩენი ხუთი შეხვედრა კი - 18 სექტემბერს. თუმცა, კალენდარში გარკვეული ცვლილებები მოხდა და ერთის ნაცვლად, დღეს ოთხი მატჩი გველოდება: უკვე ნახსენები "მეტალურგი"-"ტორპედო", "კოლხეთი"-"დინამო", "სიონი"-"ზესტაფონი" და "მერანი"-"დილა".

ეს ყველაფერი კი იმან გამოიწვია, რომ უკვე გარკვეულია III ტურის ორი გამოტოვებული მატჩის ("ტორპედო"-"დინამო", "ზესტაფონი"-"დილა) ჩატარების თარიღი (21 სექტემბერი) და ყველა გუნდიც მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში აღმოჩნდება.

მოკლედ, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ერთი კვირის შემდეგ (ანუ, მეშვიდე ტურის წინ)
უმაღლესი ლიგის 12-ვე გუნდს ერთნაირი რაოდენობის მატჩი ექნება ჩატარებული.

ისე, 17 სექტემბრიდან თვის ბოლომდე რამდენიმე მართლაც საინტერესო შეხვედრა გველოდება: "მეტალურგი"-"ტორპედოს" მერე ოთხ დღეში ხომ "ქართულ კლასიკოდ" მონათლული "ტორპედო"-"დინამოს" დაპირისპირება იქნება, იმის მერე "ზესტაფონი"-"მეტალურგი". თვეს კი საქართველოს თასის პირველი მერვედფინალური მატჩები დაასრულებს - 28 სექტემბერს რომ უნდა ჩატარდეს.

სხვათა შორის, ამ ტურსა და 21 სექტემბერს დანიშნულ იმ ორ გამოტოვებულ შეხვედრას "პირდაპირი კავშირი" აქვს... საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალებთან! ანუ, 22 სექტემბერს დანიშნულ მერვედფინალის კენჭისყრაზე, იმ დროისათვის სატურნირო ცხრილში I-VIII ადგილებზე მყოფი გუნდები განთესილები იქნებიან (ანუ, ერთმანეთს არ შეხვდებიან); უფრო მარტივად რომ ვთქვათ, იმავე "ტორპედომ" 22 სექტემბრამდე ჩასატარებელ ორ მატჩში, სულ მცირე, 2 ქულა მაინც უნდა აიღოს და პარალელურად იმის "იმედად" იყოს, რომ დღესდღეობით IX ადგილზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" სტუმრად (მარტვილში) ოთხბურთიანი სხვაობით არ გაიმარჯვოს.

მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში კი თასის მერვედფინალში "ტორპედოს", შესაძლოა, "დინამო", "ზესტაფონი" ან "მეტალურგი" შეხვდეს. ქუთაისელთა მსგავსად, ამ ტურში "ორმაგი დატვირთვის" მატჩები ელოდებათ "მერანსა" და "კოლხეთს", თუმცა ორივე დასავლურ კლუბს აშკარად განსხვავებული სიძლიერის მეტოქეები ჰყავთ.

...ისევ და ისევ კალენდარს გვინდა დავუბრუნდეთ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთის გულშემატკივარს VI ტურის ცენტრალური მატჩის ("მეტალურგი"-"ტორპედო") პირდაპირი ტელერეპორტაჟი უნდა ენახა. მოგეხსნებათ, რომ საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ჩვენი ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟები, როგორც წესი, ერთსა და იმავე დროს, 18 საათზე გადის. როგორც ჩვენმა კოლეგამ, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სპორტული მიმართულების პროდიუსერმა დავით მინაშვილმა გვითხრა, რუსთავული მატჩის რეპორტაჟს გულშემატკივარი სწორედაც დათქმულ დროს (ანუ, 17 სექტემბერს, 18 საათზე) იხილავს, ოღონდ ჩანაწერში! მიზეზი კი, რაღა თქმა უნდა, რუსთავის სტადიონის ლამის მარადიულად ქცეული პრობლემაა: "ფოლადზე" განათების სისტემა წესრიგში კვლავაც არ გამოუსწორებიათ და აქედან გამომდინარე, მეტალურგთა ქალაქიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟებს (საღამოს საათებში) ჯერჯერობით არც უნდა ველოდოთ.

და როგორ გგონიათ, მხოლოდ რუსთავშია მსგავსი პრობლემა? თავად განსაჯეთ: დღესდღეობით მხოლოდ 4 სტადიონიდან ("ეროვნული", "მიხეილ მესხი", ზესტაფონი, ქუთაისი) არის მოსახერხებელი საღამოს საათებში პირდაპირი ტელერეპორტაჟების გადმოცემა...

დაბოლოს, მოახლოებული ტურის წინ მომხდარ მორიგ სამწვრთნელო ცვლილებებზეც; "ლელო" გუშინაც წერდა, რომ უმაღლესი ლიგის ორ გუნდში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი: ცხინვალის "სპარტაკს" ამიერიდან გამოცდილი ვლადიმერ ხაჩიძე უხელმძღვანელებს (უცნაურზე-უცნაური ფაქტია - პრო-კატეგორიის ლიცენზიის მქონე სპეციალისტი წელიწადნახევრის განმავლოაბში უმუშევარი გახლდათ), ხოლო "სიონის" მწვრთნელ-კონსულტანტად კი ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი და კაპიტანი, 32 წლის ლევან ბაჯელიძე იმუშავებს.

ბაჯელიძე წინა სეზონში და მიმდინარე ჩემპიონატში "სიონის" სპორტული დირექტორი იყო და აი, დღეს სამწვრთნელო ასპარეზზე ექნება დებიუტი. ისე, ამ სეზონში მწვრთნელების ცვლა ისეთი ტემპით მიმდინარეობს, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში კი არა, ალბათ ევროპული მასშტაბის რეკორდსაც შესაძლოა "ხელი გამოვკრათ"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული