"მეტალურგი"-"ტორპედო" 2:0

AutoSharing Option
17 სექტემბერს საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-6 ტური ნაკლულად ჩატარდა. გამართული 4 შეხვედრიდან ქუთაისის "ტორპედო" რუსთავში ადგილობრივ "მეტალურგს" შეხვდა.

პრინციპული მეტოქეების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში "ტორპედოს" უკეთესი შედეგები აქვს ნაჩვენები, 16 მოგებითა და 10 მარცხით.

რუსთაველებთან მატჩის დღე ქუთაისელთა ბანაკის ორი წევრისათვის, გარდა აღნიშნული მნიშვნელოვანი თამაშისა, სხვა დატვირთვითაც იყო დამახასიათებელი: მეკარე მაქსიმე ქვილითაია გახლდა.

თამაში თანაბარ "ბრძოლაში" დაიწყო, თუმც მე-8 წუთიდან მოედანზე ძირითადად მასპინძლები "ბატონობდნენ".

ორ წუთში გატანა ტატანაშვილს და ჭედიასაც შეეძლოთ, მაგრამ ორივე მოთამაშემ "ჩარჩოში" ვერ დაარტყა.

21წთ. -
ტორპედოელებმა თავიანთ მხრივ, პირველი ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტი "გამოაცხვეს", მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთს იოსელიანი ურტყამდა, მაგრამ სუსტად გამოუვიდა.

32წთ. - მარცხენა წახნაგიდან ქუთაისელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს სტუმრები ვერ შეწვდნენ, სიტუაციაში სწრაფად გაერკვა დიმიტრი ტატანაშვილი და ჭედიასგან დაგდებული ბურთი "ტორპედოს" კარის მაღალ კუთხეში გაუშვა 1:0.

38წთ. - ჭედიამ დაარტყა არაზუსტად მახვილი კუთხიდან.

მეორე ნახევარში მდევრის რანგში მყოფი "ტორპედო" მატჩში გარდატეხის შეტანას ეცადა, მაგრამ 61-ე წუთზე მეორე გოლი მიიღო, საჯარიმოს მარჯვენა მხრიდან ცენტრისაკენ ბურთი დიმიტრი ტატანაშვილმა მაისურაძის გადაცემის შემდეგ შეიგდო და შეირგო კიდევაც 2:0.

საგოლე მომენტები დარჩენილ ნახევარ საათშიც იყო, რუსთაველთაგან სხვაობის გაზრდა, კიდევ ერთხელ ტატანაშვილს და ჭედიას შეეძლოთ, მიზანთან ახლოს მაისურაძეც იყო.

ტორპედოელთაგან გოლის გაქვითვა 82-ე წუთზე მეგრელაძეს ძალუძდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარისკენ ზურგით მყოფი ფორვარდის მოტრიალებით დარტყმულს კიპერი გაუმკლავდა.

87წთ. - მეტოქის საჯარიმოს ხაზთან მყოფმა მეგრელაძემ თავით უპასა გოცირიძეს, რომელმაც ერთ შეხებაში ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ დაარტყა. ანგარიში აღარ შეცვლილა, 2:0 რუსთაველთა სასარგებლოდ.

წინა თამაშის აღწერის ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" გოლუხვ მოგებაზე სასიამოვნო მონაცემი გამცნეთ, ახლა კი სამწუხაროა, მაგრამ რეალობა, რომ უსიამოვნო ტენდენციასთანაც გვიწევს თვალის გასწორება, ქუთათურები ბოლოს ორბურთიანი სხვაობით 2009 წლის 21 ოქტომბერს დამარცხდნენ დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში "ზესტაფონთან" საშინაო მატჩში, ანგარიშით 0:2.

მომდევნო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" 21 სექტემბერს საკუთარ კედლებში გამართავს, მე-3 ტურის გამოტოვებულ მატჩში მეტოქე ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "დინამო" იქნება, თამაშის დასაწყისი 18:00 საათზე.

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული