"მეტალურგის" შესაშური სტაბილურობა

AutoSharing Option
17. 07. რუსთავი. ფოლადი. 1500 მაყურებელი
მეტალურგი-ტორპედო 2:0
1:0 ტატანაშვილი (32), 2:0 ტატანაშვილი (61)

მეტალურგი (4-2-3-1) ტორპედო 4-2-3-1
ბედიაშვილი მიგინეიშვილი
სეთურიძე ფოფხაძე
ა. კვახაძე გამეზარდაშვილი
გ. კვარაცხელია ფარულავა
ჯაფარიძე ჩიკვილაძე
რაზმაძე გ. დათუნაიშვილი
ქავთარაძე დიღმელაშვილი
ჭედია დოლიძე
გ. მიქაბერიძე დ. ბოლქვაძე
გეწაძე იოსელიანი
ტატანაშვილი საბანაძე
მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: გ. კიკნაძე
მეტალურგი
58. ქავთარაძე-დობროვოლსკი
58. გ. მიქაბერიძე-ი. მაისურაძე
67. სეთურიძე-მახვილაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, გავაშელიშვილი, პავლიაშვილი, ჩადუნელი

ტორპედო
46. დოლიძე-კუხიანიძე
55. იოსელიანი-მეგრელაძე
68. საბანაძე-გოცირიძე
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, გურული, თარხნიშვილი

გაფრთხილება: რაზმაძე (5), გ. დათუნაიშვილი (25), გამეზარდაშვილი (63)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ზედიზედ ორი მატჩია, რუსთავის "მეტალურგი" ერთნაირი
ანგარიშით (2:0) იმარჯვებს და, ისე როგორც წინა ტურში, ამჯერადაც "დუბლით" გამოირჩა 27 წლის დიმიტრი ტატანაშვილი! ეგ კი არა, "ტორპედოსთან" შეხვედრაში ტატანაშვილს, სულ მცირე, კიდევ ორი გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ამ ფაქტის გამო მასპინძელთა ქომაგებს გული არ დაწყდებოდათ: "მეტალურგმა" ყველა ასპექტში აჯობა მეტოქეს და დამსახურებულადაც მოიგო.

რუსთაველთა გუნდის უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობი იყო და ბევრად უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით მოგებაც არავის უნდა გაჰკვირვებოდა; სამაგიეროდ, გასაკვირი და, ცოტა არ იყოს, უცნაურზე მეტად მოგვეჩვენა სტუმართა გუნდის ფეხბურთელთა (ერთი-ორის გამოკლებით) ინდიფერენტული დამოკიდებულება: ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ "ტორპედოს" მოთამაშეებს ნაკლებად აღელვებდათ მატჩის ბედი; თუმცა, ყოველივე ეს მასპინძელთა დამაჯერებელ გამარჯვებას სულაც არ აკნინებს: "მეტალურგის" ფეხბურთელები მთელ რიგ ეპიზოდებში გააზრებული კომბინაციებით ანებივრებდნენ რუსთაველ გულშემატკივრებს. რუსთაველები ფლანგებს მაქსიმალურად იყენებდნენ და ზედიზედ მეორე მატჩია, გუნდის მთავარი მწვრთნელის კობა ჟორჟიკაშვილის სათამაშო სტრატეგიას სასურველი შედეგი მოაქვს.

ახლა კი უშუალოდ ტურის ცენტრალურ მატჩზეც ვისაუბროთ, რომლის დასაწყისშიც ცოტაც და, კურიოზულ გოლს ვიხილავდით: სტუმართა მეკარეს, ომარ მიგინეიშვილს ბურთი თამაშში შემოჰქონდა და ისე მოხდა, რომ ბურთი მასპინძელთა ფორვარდს (ტატანაშვილს) ზურგში მოხვდა და დაუცველი კარისკენ წავიდა, მაგრამ ხარიხას გადაუარა და ხიფათიც ასე მორჩა. თუმცა, სულ მალე გიორგი მიქაბერიძის გამოზომილი პასის შემდეგ გიორგი ჭედია აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მასპინძელთა მარჯვენა გარემარბმა მცირეოდენ არაზუსტად დაარტყა. ამასობაში "მეტალურგის" უპირატესობა თვალშისაცემი გახდა და გოლიც ლოგიკური იყო. მარცხენა ფლანგზე რევაზ გეწაძემ იაქტიურა, მეტოქის საჯარიმოში ჭედიამაც ბოლომდე იბრძოლა და ყველაფერი კი დიმიტრი ტატანაშვილის ზუსტი და ეფექტური დარტყმით დამთავრდა!

პირვლი ტაიმის ბოლომდე მასპინძლებს კიდევ ორი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ: ქავთარაძე-ტატანაშვილი-ჭედიას ჩინებული კომბინაცია ამ უკანასკნელის მცირეოდენ არაზუსტი დარტყმით დასრულდა, მეორე ეპიზოდში კი გეწაძის სტანდარტულის შემდეგ ტატანაშვილმა ვერ მოახერხა მახვილი კუთხიდან ბურთის ზუსტად დარტყმა. რაც შეეხება სტუმრებს, პირველ ტაიმში "ტორპედომ" ერთადერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა: დავით ბოლქვაძის ჩინებული პასით გარღვევაზე ნიკა საბანაძე გადიოდა, მაგრამ გრიგოლ ბედიაშვილმა კარი დროულად დატოვა და თავდამსხმელს დაასწრო. კიდევ ერთი ეპიზოდის გახსენებაც შეიძლება, როცა კუთხურის შემდეგ თემურ ფარულავამ თავით დაარტყა.

მოედანზე არსებული სიტუაციის შეცვლას სტუმართა თავკაცი გიორგი კიკნაძე შეცვლებით შეეცადა: შესვენების შემდეგ მოედანზე ჯერ ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე შემოიყვანა, მერე კი გამოცდილი ფორვარდი გიორგი მეგრელაძეც ჩართო თამაშში; კობა ჟორჟიკაშვილმაც მაშინათვე გააკეთა "საპასუხო სვლა" და ერთობ ეფექტიანმა ორმაგმა ცვლილებამ თამაშის შინაარსზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამ შემთხვევაში კი. უპირველესად, ირაკლი მაისურაძის მონდომებულ ასპარეზობას ვგულისხმობთ - ახალგაზრდა ნახევარმცველმა მეტოქის მცველებს უამრავი პრობლემა შეუქმნა და მეორე გოლშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო. საგოლე კომბინაცია კი მარჯვენა ფლანგიდან ჭედიამ წამოიწყო, მერე მაისურაძემ იაქტიურა და ტატანაშვილსაც ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმის შესრულება არ გასჭირვებია. გოლიდან ორიოდ წუთში ალექსანდრე კვახაძის შორეული საჯარიმო დარტყმა ვიხილეთ - ბურთი ძალიან მცირე მანძილით აცდა სტუმართა კარს.

ორბურთიანი უპირატესობის შემდეგ მასპინძლებმა თამაში "დააწყნარეს" და ბურთსაც უნარიანად აკონტროლებდნენ. ასე გრძელდებოდა მანამდე, ვიდრე მატჩის ბოლო ათწუთიან "გამოცოცხლებას" არ ვნახავდით: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მასპინძლებს, სულ მცირე, ოთხი რეალურზე-რეალური მომენტი ჰქონდათ! თანაც, დიმიტრი ტატანაშვილს თავისუფლად შეეძლო "ჰეთ-თრიქი" ან "პოკერი" შეესრულებინა, მაგრამ ირაკლი მაისურაძისა და რევაზ გეწაძის ჩინებული გადაცემების შემდეგ "მეტალურგის" ცენტრფორვარდმა პირველ ეპიზოდში ბურთი ხარიხას გადააცილა, მეორედ კი ომარ მიგინეიშვილმა იყოჩაღა. "ტორპედოს" მეკარემ გიორგი ჭედიასაც არ დაანება გოლის გატანა, ხოლო მაისურაძის საშუალო მანძილიდან დარტყმული ბურთი კი მიზანს აცდა. ამ ათწუთიან მონაკვეთში "ტორპედომ" ერთადერთი სახიფათო შეტევა განახორციელა, თუმცა მეგრელაძის ურთულესი მდგომარეობიდან დარტყმული ბურთს საიმედოდ მოთამაშე ბედიაშვილი დაეუფლა.

მასპიძელთა მეკარემ მსაჯის მიერ დამატებულ დროშიც ჩინებული რეაქცია გამოავლინა, როცა თენგიზ ჩიკვილაძის შორეული "საფირმო" დარტყმა მოიგერია - ზედიზედ მესამე მატჩია, "მეტალურგი" გოლს არ უშვებს და, რაც მთავარია, ლიდერთა ჯგუფში იმყოფება. აი, "ტორპედოს" ირგვლივ რა ხდება, ძნელი სათქმელია; თანაც, საყვარელი გუნდის საქომაგოდ რუსთავში ჩამოსულ ქუთაისელ გულშემატკივართა ჯგუფი მატჩის დროსაც და შეხვედრის დასრულების შემდეგაც საჯაროდ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბის მიმართ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული