"გაგრა"-"სპარტაკის" უგოლო, მაგრამ თავსატეხი თამაში

AutoSharing Option
18.09. თბილისი. მერანი. 800 მაყურებელი
გაგრა-სპარტაკი 0:0

გაგრა სპარტაკი
3-2-3-2 4-1-4-1
კ. სეფიაშვილი ძაგანია
კალანდაძე შონია
ტყეშელაშვილი ტეტუნაშვილი
გაბუნია ლომაია
ნაკონეჩნი ხუბუა
შარიქაძე თიბილაშვილი
ხუციძე ვ. კილასონია
ორდინსკი შალამბერიძე
ნ. ჯიშკარიანი ჯიქია
მაგაჯი ნ. მაისურაძე
კვანტალიანი მეტრეველი
მწვრთნელი მწვრთნელი
ა. პისკოვეცი ვ. ხაჩიძე

გაგრა:
13. ხუციძე - ზვიადაძე
26. შარიქაძე - ქართველიშვილი
სათადარიგოები: ბეგაშვილი, სიჭინავა, გაბედავა, როსტიაშვილი, ყურულაშვილი.
სპარტაკი:
52. კილასონია - მამუჩიშვილი
59. მეტრეველი - დ. გელაშვილი
63. ჯიქია - რუხაძე
სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ბურძენაძე, ქანთარია, შარაშენიძე.

გაფრთხილება: ქართველიშვილი (29), ლომაია (30), მაისურაძე (73)
არბიტრი: ჯ. ხორავა

ცხინვალის "სპარტაკი"
შეხვედრას ცვლილებით შეხვდა - წარუმატებელი სტარტის გამო, კლუბის მეპატრონეებმა მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია გამოცდილი ვლადიმერ ხაჩიძეთი ჩაანაცვლეს, რომელმაც შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები და გადაადგილებები მოახდინა.

"სპარტაკის" ფეხბურთელები მოედანზე ისეთი შემართულები გავიდნენ, ცოტა ზედმეტიც მოუვიდათ - 26-ე წუთზე "გაგრას" მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი იძულებული გახდა, ორი მოთამაშე შეეცვალა - ჯერ ირაკლი ხუციძე დაშავდა, მერე ლევან შარიქაძე და მასპინძელთა მწვრთნელმა იძულებითი გადაადგილებები მოახდინა. თუმცა ორი ლიდერის მოედნიდან გაყვანამ "გაგრას" თამაშს დაღი დაასვა.

საერთოდ, პირველი ტაიმი ორთაბრძოლებით უფრო იყო აღსანიშნავი, ვიდრე ფეხბურთით: ერთ-ერთი შეჯახებისას თავი გაუტყდათ "გაგრას" კაპიტან გიორგი ტყეშელაშვილსა და "სპარტაკის" თავდამსხმელ ზვიად მეტრეველს. საბოლოოდ, ეს უკანასკნელი გამოსაცვლელი გახდა.

თამაში ტაიმის მიწურულს გამოცოცხლდა: 34-ე წუთზე მიკოლა ნაკონეჩნიმ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ "სპარტაკის" მეკარე ლაშა ძაგანიამ მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა: "გაგრას" შეტევებს უნარიანად ხელმძღვანელობდა ნაკონეჩნი, რომელიც ბევრს მოძრაობდა, თანაგუნდელებს ჩინებული გადაცემებით ამარაგებდა და თავადაც უტევდა.

48-ე წუთზე შალვა კვანტალიანმა უმარ მაგაჯის ბურთი საჯარიმოში გადააწოდა, რომელმაც ძლიერად დაარტყა - მეკარე ძაგანიამ "სპარტაკი" აშკარა გოლისგან იხსნა.
59-ე წუთზე ნაკონეჩნიმ სტანდარტული შეასრულა და საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ვლადიმერ ორდინსკი შენიშნა, რომელმაც ვარდნაში სცადა კარის აღება, მაგრამ უშედეგოდ.

ორიოდე წუთში უკრაინელებმა როლები გაცვალეს, ამჯერად ასისტენტობა ორდინსკიმ იკისრა, არაზუსტად კი ნაკონეჩნიმ დაარტყა.

"გაგრა" მონდომებით უტევდა, "სპარტაკიც" თავის შანსს ელოდა: 70-ე წუთზე სპარტაკელმა ბუბა რუხაძემ (რომელიც თამაშში კარგად ჩაერთო) ჩინებულად ითამაშა "გაგრას" საჯარიმოსთან, ეფექტურად ჩამოიცილა მცველი და უძლიერესად დაარტყა - რომ არა მეკარე კოკა სეფიაშვილის საუცხოო რეაქცია, მასპინძლები ვერ გადარჩებოდნენ.

77-ე წუთზე ორდინსკის გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ისევ მაგაჯი გავიდა და კვლავ არაზუსტად დაარტყა.

86-ე წუთზე ისევ ნაკონეჩნიმ წამოიწყო შეტევა და საჯარიმოში ბურთი კვანტალიანს შეაყოლა - "გაგრამ" ამჯერადაც ვერ იხეირა.

87-ე წუთზე კი "სპარტაკის" მწვავე კონტრშეტევას მარჯვენა მცველი თემურ შონია აგვირგვინებდა - სეფიაშვილმა ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა.

დამატებულ წუთებში "გაგრამ" მონდომებით შეუტია, მაგრამ ვერაფერს გახდა და მხოლდო ფრეს დასჯერდა, ვოვა ხაჩიძის ხელმძღვანელობით კი "სპარტაკმა" გასვლაზე მნიშნელოვანი ქულა მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული