ეს ჩავარდნა არ არის!

AutoSharing Option
ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად შერაცხულმა "ზესტაფონმა" სეზონი უშუალო კონკურენტთან მარცხით დაიწყო. ლვოვის "კარპატისთან" გავარდნამ და "დინამოსთან" წაგებამ არაერთი კითხვა გააჩინა - მაინც რა ვითარებაა "ზესტაფონში", არის თუ არა გუნდი მზად იმისთვის, რომ ოქროს მედლებს შეეჭიდოს, რით უნდა აიხსნას ზემოთ ნახსენები წარუმატებლობები...
ამ და სხვა კითხვებით "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს მივმართეთ...

- რამდენად ნაყოფიერად გამოიყენეთ მოსამზადებელი ეტაპი და რა დონეზე შეხვდა გუნდი ახალ სეზონს?
- შეიძლება ითქვას, გუნდის მომზადება გეგმის მიხედვით წარიმართა და კარგია, რომ ხარვეზები არ გვქონია. ფეხბურთელების
მდგომარეობიდან გამომდინარე, უმნიშვნელო კორექტივების შეტანამ მოგვიწია. ორგანიზაციული თვალსაზრისით, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. დღეისათვის გუნდი ფორმის პიკზე არ არის და ეს ბოლო თამაშებმაც დაგვანახა. ამჟამად, გუნდი შესაძლებლობების 80 პროცენტს ავლენს. თუმცა ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და მჯერა, მატჩიდან მატჩამდე მოვუმატებთ.

- ზაფხულის პაუზისას რამდენიმე ფეხბურთელი გამოგაკლდათ, რამდენიმეც დაიმატეთ. შარშანდელთან შედარებით ახლანდელი შემადგენლობა როგორია?
- ჩვენ პროგრესზე ვართ ორიენტირებულნი. დავიმატეთ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი მოთამაშეები არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდთან ახალწვეულების შერწყმა უპრობლემოდ მოხდა.

- "ზესტაფონმა" ევროისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერა - პირველად გავიდა მესამე ეტაპზე. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ მეტის მიღწევაც შეიძლებოდა...
- პირდაპირ გეტყვით: ჩემი აზრით, შეიძლებოდა კი არა, აუცილებელიც იყო "კარპატის" ბარიერი დაძლევა. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს - "კარპატისთან" მარცხი წარუმატებლობა იყო სპორტული თვალსაზრისით, თორემ ისე, უარყოფითი შედეგიც შედეგია, ჩვენი ხარვეზები თვალნათლივ დავინახეთ... სამწუხაროდ, ამ ხარვეზების აღმოფხვრას ერთი და ორი დღე არ ეყოფა. ყოველთვის გვინდა, რომ ყველაფერი მოკლე დროში მოხდეს, მაგრამ ეს ხარვეზები, თუნდაც მენტალური პრობლემები, ფსიქოლოგიური მომენტი, ფეხბურთელების განწყობა, ხასიათის სიმტკიცის გამოვლინება და სხვა ფაქტორები, დროს საჭიროებს და ამ მიმართულებით დიდი სამუშაო გვაქვს გასაწევი.

- ევროტურნირების რომელ მატჩში აჩვენა "ზესტაფონმა" ის თამაში, რომელიც თქვენს მოთხოვენებს შეესაბამება?
- იყო კარგი და ცუდი თამაშები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ერთ მატჩში იდეალური თამაში ვაჩვენეთ. თუნდაც "დუკლასთან" საშინაო გამარჯვება არ იყო სრულყოფილი თამაშის შედეგი. იმ მატჩშიც იყო შეცდომები, რომელიც ამ დონეზე დასაშვები არ არის. ზოგი ფეხბურთელი წინ მიდის, ზოგი სხვადასხვა რამის გამო შეფერხებულია... ცალკეული ფეხბურთელების პროგრესსაც ვხედავ, რაც მთლიანობაში გუნდის პროგრესია... ერთი სიტყვით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.

- სატრანსფერო პერიოდი აგვისტოს ბოლოს მთავრდება. ასე რომ, წინ კიდევ ორი კვირაა. ვინმეს დამატებას ხომ არ გეგმავთ?
- გარკვეულ პოზიციებზე მოთამაშეები კი გვჭირდება, მაგრამ არც ის გვინდა, ისეთი ფეხბურთელი დავიმატოთ, გუნდს რომ ვერ გააძლიერებს. ამ ეტაპზე პოტენციური ახალწვეული შეგულებული არ გვყავს. თუ თავად რომელიმე ფეხბურთელმა გამოთქვა სურვილი, მაშინ ვიფიქრებთ ამაზე. სეზონი უკვე დაიწყო, ვაკვირდებით სხვა გუნდის ფეხბურთელებს და შესაძლოა, ისინი ზამთრის სატრანსფერო პაუზისას მოვიწვიოთ გუნდში. პარალელურად, ვაკვირდებით ჩვენი კლუბის დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს. ზაფხულის მოსამზადებელი შეკრებისას დუბლებიდან რამდენიმე ფეხბურთელი მივიწვიეთ, შანსი და სათამაშო პრაქტიკა მივეცი, ასე ვთქვათ - წავახალისეთ... მოკლედ, ვაკვირდებით და ვნახოთ, ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

- დავუბრუნდეთ "კარპატისთან" მატჩს. ზესტაფონურ მატჩში გუნდი შემოჭილი ჩანდა. რით ახსნით ამას? ეს იყო აუცილებლად მოსაგები მატჩის ფაქტორი, რაც იწვევს ფსიქოლოგიურ წნეხს, თუ სხვა მიზეზი იყო?
- თქვენ სწორად ახსენეთ - ფსიქოლოგიური წნეხი. ჩვენგან "კარპატის" ბარიერის აუცილებელ გადალახვას ითხოვდნენ და შესაბამისად, ძალიან დიდი იყო ფსიქოლოგიური ტვირთი, თუ ზეწოლა, რაც გინდათ, დაარქვით... ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები შებოჭილები იყვნენ.

- შემადგენლობისა და თამაშის ხარისხით "ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტად მიიჩნევა. სეზონი კი წარუმატებლად დაიწყეთ. არადა, შარშანაც გაგიჭირდათ ევროტურნირებიდან ეროვნულ ჩემპიონატზე გადართვა. ეს ტენდენციად ხომ არ იქცა? რას იტყვით მიზეზებზე?
- ვერ დაგეთანხმებით იმაში, თითქოს ევროტურნირებიდან ეროვნულ ჩემპიონატზე გადართვა გაგვიჭირდა. "დინამოსთან" მატჩში ჩვენი ფეხბურთელების განწყობაც არ ყოფილა ცუდი, უშუალო კონკურენტთან მოგვიწია დაპირისპირებამ და ძალიან გვინდოდა ამ მატჩის მოგება, მაგრამ... რა ვუყოთ, რომ ასე არ მოხდა. ამ წაგების ახსნა არა ერთი მიზეზით შეიძლება - ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი ფსიქოლოგიური მომენტია. შესაძლოა, ზოგიერთმა მოთამაშემ მიიჩნია, რომ იოლად მოვიპოვებდით გამარჯვებას. გარკვეულ მომენტებში გაგვიჭირდა, შეცდომებიც დავუშვით და ამ ყველაფერმა განაპირობა სწორედ ჩვენი მარცხი. წარმატებისთვის მხოლოდ ძალისხმევა არ არის საკმარისი. გვინდოდა, სადავეები ჩვენს ხელთ ყოფილიყო, თამაშის მსვლელობა და ტემპი გვეკარნახა. თუმცა ეს არ მოხერხდა, შეცდომები დავუშვით და დავმარცხდით.

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს ჩავარდნა?
- წავაგებთ ერთ-ორ მატჩს და მაშინვე იწყება ლაპარაკი ჩავარდნაზე. მართალია, ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძვით, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ფეხბურთია - ხან მოიგებ, ხან წააგებ. თუ ყველა წაგებას ჩავარდნად მოვნათლავთ და სასოწარკვეთას მივეცემით, ასე არაფერი გამოვა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ "ზესტაფონს" ჩავარდნა არ აქვს, გუშინ წავაგეთ, ხვალ, ზეგ და მერეც მოვიგებთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ სრულად ჩამოყალიბებული გუნდი, წეღანაც გითხარით - სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. აშკარად ჩანს, რომ გუნდს პროგრესი აქვს და ეს განვლილ მატჩებშიც გამოჩნდა, და გარწმუნებთ, მომდევნო თამაშებშიც გამოჩნდება.

- ცხინვალის "სპარტაკთან" მომდევნო ტურში ორი ცენტრალური მცველის, გიორგი ხიდეშელისა და მამუკა კობახიძის გარეშე მოგიწევთ თამაში. როგორ აპირებთ ამ ფეხბურთელების შეცვლას? ერთ-ერთი მათგანი ბუბა დაუშვილი ხომ არ იქნება, რომელმაც "დინამოსთან" ხიდეშელის გაძევების შემდეგ სწორედ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა...
- სხვათა შორის, თავად ფეხბურთელებმა მოიფიქრეს, რომ დაცვაში დაუშვილი დამდგარიყო, მის ადგილზე კი ძარიამ გადაიწია. ამას ჩემი ჩარევა არ დასჭირვებია და ეს ძალიან მახარებს.

- ამ სეზონშიც მაქსიმალურ მიზანს ისახავთ?
- თავისთავად ცხადია, რომ ორივე ფრონტზე ვიბრძოლებთ. მთავარია, ყველაფერი სწორად გავაანალიზოთ. ფეხბურთელებმაც ზუსტად უნდა აღიქვან ყველაფერი და საკუთარ თავზე იმუშაონ. ჩვენი გულშემატკივარი მკაცრი და მომთხოვნია. მინდა, უკეთესი შედეგის მოლოდინში მათ მოთმინება ვუსურვო. ვიცი, კარგად ახსოვთ ბოლო წლებში გუნდის თამაში და შედეგები, ხედავენ პროგრესს. ფაქტია, რომ ჩვენ ერთ ადგილს არ ვტკეპნით, წინ მივდივართ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და კიდევ მეტის მიღწევა გვინდა. საამისოდ ბრძოლაში გულშემატკივრის თანადგომა გვჭირდება და იმედი მაქვს, ისინი კიდევ უფრო მხურვალედ დაგვიჭერენ მხარს.

- ჩემპიონობისა და თასისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტებად რომელ გუნდებს მიიჩნევთ?
- ძალიან მიხარია, რომ გუნდები გაძლიერდნენ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზულად გვირთულებს მიზნის მიღწევას. თუმცა რაც უფრო მეტი კარგი და რთული თამაში გვექნება სეზონის განმავლობაში, მით უკეთ ვიქნებით მზად ევროტურნირებისთვის. კარგი გუნდების მომრავლებით ჩემპიონატის დონეც აიწევს და ინტერესი მეტი იქნება. არ მინდა, ფავორიტები დავასახელო, მოკლედ ვიტყვი - იოლ ბრძოლებს არ ველით. ვნახოთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული