შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასაწყისიდან ორი ლიდერი გვყავდა ("გაგრა", "ბაია"), ახლა კი ცხრილიც ნელ-ნელა "ლაგდება" და რაც მთავარია, გათამაშების ფავორიტებიც ასევე ნელ-ნელა მკვიდრდებიან მათთვის "განკუთვნილ" პოზიციებზე. აბა, "დინამოს" ლიდერობა რატომ უნდა გაგვიკვირდეს? ან ის ფაქტი, როცა მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონი", თუ არანაკლებ ამბიციური,"მეტალურგი" ტურიდან-ტურამდე, რომ აუმჯობესებენ თამაშის ხარისხს და ყოველივე ეს
მოკლედ, ჩვენი ჩემპიონატი, ფაქტობრივად, კანონზომიერებას ექვემდებარება: სეზონის დაწყებამდე ფავორიტებად რომელი გუნდებიც მიიჩნეოდა, სწორედ იმათ შორის ("დინამო", "ზესტაფონი", "მეტალურგი") უნდა ველოდოთ მედლებისათვის ბრძოლას. აი, რაც შეეხება კიდევ ერთ ფავორიტს და მიუხედავად ამ გუნდის დღევანდელი არასახარბიელო ასპარეზობისა, ვფიქრობთ "ტორპედოს" ჩამოწერა ნაადრევია; მით უფრო, ძალიან მალე ქუთაისურ კლუბში სერიოზულზე-სერიოზული საკადრო, კონკრეტულად კი, სამწვრთნელო ცვლილებაა მოსალოდნელი...
ტურის "ეპიცენტრი" კი ზუგდიდში იყო - ერთდროულად 2 მატჩი ჩატარდა! თანაც, სწორედ ზუგდიდურმა შეხვედრებმა შეცვალეს კიდეც სატურნირო ცხრილი: შაბათს "დინამომ" აჯობა "კოლხეთს", მეორე დღეს კი კიდევ ერთმა თბილისურმა გუნდმა "ვიტ ჯორჯიამ" შეძლო "ბაიას" დამარცხება.
აღსანიშნავია, რომ ამ ტურამდე ელგუჯა ქომეთიანის ახალგაზრდული გუნდი შინ უდანაკარგოდ ასპარეზობდა (სამიდან სამი მოგება და არც ერთი გაშვებული გოლი); ასევე ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიას" კი თვეზე მეტი არ ჰქონდა მოგებული და აი, ზურაბ ბერიძის შეგირდებმა 22 წლის ნახევარმცველის, გიორგი ვასაძის ერთადერთი გოლის წყალობით მართლაც ფასეული გამარჯვება მოიპოვეს.
ბევრად უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით მოიგო "დინამომ" და ის ფაქტიც გამოსარჩევია, რომ ალექს გარსიას გუნდში აქამდე გოლები უფრო ხშირად ესპანელ ფეხბურთელებს თუ გაჰქონდათ, ამჯერად თავი ქართველებმა გამოიჩინეს: 19 წლის ნიკა კვეკვესკირმა, 29 წლის ალექსანდრე კოშკაძემ და 19 წლის ჯაბა ჯიღაურმა. გოლი არ გაუტანია, მაგრამ დინამოელთა შემადგენლობაში გამორჩეული გახლდათ 28 წლის მიკელ ალვარო, რომელიც გუნდის კაპიტან ალექსანდრე კოშკაძესთან ერთად მოედნის ცენტრში დამაჯერებლად მოქმედებდა.
ტურის გმირები
გასულ ტურში ერთდროულად ორმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება და რა გასაკვირვია, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მათ ასპარეზობაზე გავამახვილებთ. უპირველესად კი რუსთავის "მეტალურგის" ცენტრფორვარდი, 27 წლის დიმიტრი ტატანაშვილი უნდა ვახსენოთ - ზედიზედ მეორე მატჩია, მეტოქეთა კარში ორი-ორი გოლი რომ გააქვს!
შეგახსენებთ, რომ "მეტალურგმა" წინა ტურში სწორედ ტატანაშვილის "დუბლის" წყალობით მოუგო სტუმრად "ვიტ ჯორჯის", ახლა კი ანალოგიური ანგარიშითა და ისევ და ისევ ამ ფორვარდის გოლებით "ტორპედოს" აჯობა.
გუშინაც ვწერდით, რომ ქუთაისურ გუნდთან შეხვედრაში ტატანაშვილს კიდევ რამდენიმე გოლის გატანაც შეეძლო, - ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე ორჯერ, რეალურზე-რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სამშობლოში დაბრუნებულმა ფორვარდმა "გოლის გემო" გაიხსენა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა. ტატანაშვილი "მეტალურგში" ამ ზაფხულს ჩაირიცხა, საქართველოში კი 2011 წლის დასაწყისში დაბრუნდა, მაგრამ თბილისის "დინამოში" საქმეები ისე ვერ აეწყო, როგორც ბევრი ვარაუდობდა. ახლა კი (კონკრეტულად - ბოლო ორ მატჩში) ისევ "იმ" ტატანაშვილს გვაგონებს თბილისის "ამერიში" ასპარეზობისას (2007-2008 წლებში) რომ გვახსოვს.
გამოცდილება არც გიორგი მანწკავას აკლია - 29 წლის ფეხბურთელი უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "მერანში" ამ სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა და სულ მალე გახდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ეს ფაქტი, ერთის მხრივ, მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო: 2001-2006 წლებში მანწკავას საკმარისზე მეტი გამოცდილება დაუგროვდა სხვადასხვა ქართულ გუნდში (თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი", ბათუმის "დინამო") ასპარეზობისას. მერე იყო უცხოური კარიერა, როცა სამი წლის განმავლობაში ირანის ჩემპიონატში თამაშობდა. საქართველოში კი ორი წლის წინათ დაბრუნდა - გარკვეული პერიოდი ცხინვალის "სპარტაკში" დაჰყო, წინა სეზონი კი პირველ ლიგაში, კერძოდ ბათუმის "დინამოში" ჩაატარა და აი, ისევ უმაღლეს ლიგაშია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, "მერანის" ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა და 3 გოლით გუნდის საუკთესო ბომბარდირიც გახლავთ.
სამწვრთნელო კარუსელი
წინა ტურის მიმოხილვაში ერთ-ერთი ქვეთავი "სამწვრთნელო რებუსით" დავასათაურეთ და ისიც აღვნიშნეთ, რომ ჩვენს ჩემპიონატში მწვრთნელების წასვლა-მოსვლამ ისეთი ტემპი აიღო, ევროპული კი არა, საერთოდ, მსოფლიოს მასშტაბით სარეკორდო მაჩვენებელიც გვქონდეს-მეთქი.
ჰო, მართლაც ასეა: ყოველი ტურის წინ (!) თუ შემდეგ (!!), სულ მცირე, ერთი-ორი სამწვრთნელო ცვლილება უნდა მოხდეს!!! ამ მხრივ გამონაკლისი არც VI ტური იყო; უფრო ზუსტად, ვიდრე ტური დაიწყებოდა, მთავარი მწვრთნელი ორ გუნდში შეიცვალა: "სიონში" 32 წლის ლევან ბაჯელიძე მივიდა, "სპარტაკში" კი წელიწადნახევრიანი "პაუზის" მერე გამოცდილი სპეციალისტი ვლადიმერ ხაჩიძე დაბრუნდა.
ბაჯელიძისთვის "სიონი" უცხო გუნდი ნამვილად არ არის - ამ ქვემოქართლურ გუნდში 6 სეზონი თამაშობდა, გარკვეული პერიოდი გუნდის კაპიტანიც გახლდათ, საქართველოს ჩემპიონობაც მოიპოვა (2006 წელს) და კარიერაც სწორედ აქ დაამთავრა. თუმცა, ისევ ბოლნისელთა საკლუბო სტრუქტურაში დარჩა სამუშაოდ და წინა კვირამდე "სიონის" სპორტული დირექტორი იყო, ახლა კი პირველი მატჩი ჩაატარა მთავარი მწვრთნელის რანგში. თანაც, კაცს ბედიც ხომ უნდა ჰქონდეს - ლევან ბაჯელიძის სამწვრთნელო დებიუტი მაინცდაიმაინც მოქმედ ჩემპიონთან შედგა და "ზესტაფონთან" წაგების გამო ბოლნისელებს არც არავინ დაძრახავდა. ისე, ამ შეხვედრის თვითმხილველების თქმით, წინა მატჩებთან შედარებით, "სიონი" ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და ყოველივე კი იმის იმედს იძლევა, რომ ქვემოქართლელები სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებენ.
ხაშურის "ივერია", გორის "დილა", თბილისის "ვიტ ჯორჯია", "ბორჯომი", "გაგრა", ცხინვალის "სპარტაკი", - ეს იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია, სადაც ვლადიმერ ხაჩიძეს წარმატებით უმუშავია. ახლა კი თავის ერთ-ერთ ყოფილ კლუბში დაბრუნდა, საიდანაც შარშან გაზაფხულზე, ცოტა არ იყოს, უცნაური მიზეზის გამო წამოვიდა (არა გვგონია, საკუთარი სურვილით): ცხინვალის "სპარტაკმა" საქართველოს თასის ნახევარფინალში თბილისის "დინამოს" ვერ აჯობა და ამიტომაც გაათავისუფლეს! ის ფაქტიც საინტერესო იყო, რომ უმაღლეს ლიგაში ხაჩიძის დაბრუნება ასევე ყოფილ კლუბთან მოხდა: 2008-09 წლების სეზონში ხომ "გაგრას" მთავარი მწვრთნელი იყო.
ეს ორი სამწვრთნელო ცვლილება ტურის წინ მოხდა, შემდეგ კი მორიგი გადადგომის შესახებაც შევიტყვეთ: "მეტალურგთან" წაგებული მატჩის შემდეგ გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე ქუთაისის "ტორპედოდან" წამოვიდნენ. სამწუხაროდ, ესოდენ ხანმოკლე აღმოჩნდა ამ ახალგაზრდა მწვრთნელებისათვის უმაღლეს ლიგაში დაბრუნება; თანაც, "ტორპედოს" ამბიციურ ხელმღძვანელობასა თუ კლუბის არანაკლებ ამბიციურ და მომთხოვნ გულშემატკივრებს ალბათ, ნამდვილად არ აკმაყოფილებდათ ქუთაისური გუნდის ნაჩვენები შედეგები. ქართული "სამწვრთნელო კარუსელი" კი კვლავაც ტრიალებს და ტრიალებს...
VI ტურის სიმბოლური ნაკრები
მწვრთნელები: კობა ჟორჟიკაშვილი (მეტალურგი), ზურაბ ბერიძე (ვიტ ჯორჯია)
მეკარე: ბედიაშვილი (მეტალურგი)
მცველები: ოდიკაძე (დინამო), ნაკონეჩნი (2, გაგრა), კვახაძე (მეტალურგი), სუხიაშვილი (2, მერანი)
ნახევარცველები: რაჟამაშვილი (2, დილა), ალვარო (დინამო), ვასაძე (ვიტ ჯორჯია), კოშკაძე (2, დინამო)
თავდამსხმელები: მანწკავა (მერანი), ტატანაშვილი (2, მეტალურგი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"