დღეს ცხრილი დალაგდება

AutoSharing Option
დღევანდელი ორი მატჩით უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს ერთნაირი რაოდენობის მატჩები დაუგროვდებათ და საქართველოს თასის მერვედფინალების ხვალინდელი კენჭისყრის წინ სატურნირო ცხრილიც საბოლოოდ დალაგდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის გათამაშების რეგლამენტის მიხედვით, მერვედფინალების კენჭისყრის დროს გუნდები ორ კალათაში გადანაწილდებიან.
პირველ კალათაში განთავსდებიან 2011/12 წლების ჩემპიონატში თასის კენჭისყრის მომენტისათვის პირველ-მერვე ადგილზე მყოფი გუნდები, ხოლო მეორე კალათაში - დანარჩენი გუნდები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ მატჩებს დამატებითი დატვირთვაც ექნება: ვთქვათ, "ტორპედომ" წააგო, ხოლო "დილამ" გაიმარჯვა, მაშინ განთესილთა შორის გორელები აღმოჩნდებიან.

თუმცა, ეს უფრო ვარაუდია
და ჯობს, დღევანდელ მატჩებზე ვისაუბროთ, რომლებიც კალენდრის თანახმად III ტურში, 21 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, შეგახსენებთ, რომ იმ დროისათვის "დინამოც" და "ზესტაფონიც" ევროტურნირებზე უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს ატარებდნენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, "ტორპედო"-"დინამოსა" და "ზესტაფონი"-"დილას" მატჩები გადაიდო.

და აი, ამ ორი საინტერესო შეხვედრის ჩატარების დღეც დადგა - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ტორპედო"-"დინამოს" ურთიერთდაპირისპირებას უკვე კარგა ხანია "ქართული კლასიკოთი" "ვნათლავთ".

ესპანელები ქართულ კლასიკოში
ახალი სეზონის "ქართულ კლასიკოს" დღევანდელი მეტოქეები აშკარად განსხვავებული განწყობით ხვდებიან: "ტორპედოში" სერიოზული საკადრო ცვლილება მოხდა და უპრინციპულეს მეტოქესთან მატჩში (ისე როგორც თვის ბოლომდე დარჩენილ კიდევ ორ ოფიციალურ შეხვედრაში) გუნდს ადგილობრივი სპეციალისტები, 39 წლის გიორგი სუხიაშვილი და 33 წლის კახა ჩხეტიანი უხელმძღვანელებენ.

შეგახსენებთ, რომ ეს "დუეტი" სექტემბრის ბოლომდე დამოძღვრავენ "ტორპედოს", რის შემდეგაც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ კლუბს გია გეგუჩაძე ჩაიბარებს. ბოლო წლების ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტი უმუშევარი საბედნიეროდ დიდხანს არ დარჩენილა და "ზესტაფონიდან" წამოსვლის შემდეგ კიდევ ერთ იმერულ და ბევრად უფრო ტიტულიან გუნდში ამუშავებს. თუმცა მანამდე "ტორპედოს" ხომ სატურნირო მდგომარეობა აქვს გამოსასწორებელი: კლუბის ამბიციურ ხელმძღვანელობასა თუ გუნდის მომთხოვნზე-მომთხოვნი (ხანდახან, ალბათ, ზომაზე მეტადაც) გულშემატკივარს ნამდვილად არ დააკმაყოფილებთ მერვე ადგილზე ყოფნა!

მოკლედ, "ტორპედოს" დროებით თავკაცებს გუნდის გაძღოლა ერთობ არასახარბიელო პერიოდში უწევთ, მით უფრო, როცა მეტოქედ თბილისის "დინამოა".

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში თბილისის "დინამოს" შემდეგ ყველაზე მეტი ტიტული ქუთაისის "ტორპედოს" აქვს მოპოვებული. თუმცა, ამ ორი წარმატებული გუნდის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში უპირატესობა დინამოელთა მხარეს არის. ეგ კი არა, თავის პრინციპულ მეტოქესთან "ტორპედოს" საშინაო მატჩი რვა წელია არ მოუგია! 2003 წლის 14 მარტი იყო, უკრაინელი სპეციალისტის ალექსანდრე შტელინის დამოძღვრილმა "ტორპედომ" ქუთაისში ივო შუშაკის "დინამოს", რომ მოუგო (ის ერთადერთი გოლი დავით გამეზარდაშვილმა გაიტანა, გარკვეული პაუზის შემდეგ ამ ცოტა ხნის წინათ კვლავაც, რომ დაუბრუნდა მშობლიურ გუნდს).

აი, იმის შემდეგ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ტორპედო" ვერაფრით ახერხებდა ძველი და პრინციპული მეტოქის დამარცხებას საშინაო შეხვედრებში. სამაგიეროდ, ქუთაისელები ბევრად უფრო წარმატებით ასპარეზობდნენ "დინამოსთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში და ბოლო რვა წლის განმავლობაში ოთხჯერ დაამარცხეს.

აქვე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამი სეზონის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა მართლაც რომ დაობლებული იყო "ტორპედოს" არყოფნით და საქართველოს სამგზის ჩემპიონი გუნდი მხოლოდ შარშან დაბრუნდა უძლიერესთა რიგებში.

ისე, რახან წინა სეზონი ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ოთხი დაპირისპირებიდან ორივე ქუთაისური მატჩი ფრედ (1:1, 0:0) დამთავრდა, III წრის შეხვედრაში თბილისში "დინამომ" დავით მუჯირის შორეული დარტყმით გაიმარჯვა (1:0), IV წრის (და საერთოდ, ჩემპიონატის ბოლო ტურის) პაექრობაში კი "ტორპედომ" შეძლო სტუმრად გამარჯვება (2:1).

და ბოლოს, სამწვრთნელო "საკითხზეც": გიორგი სუხიაშვილი "ტორპედოს" სამწვრთნელო შტაბში წინა სეზონშიც მუშაობდა, მერე ამავე გუნდის დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი იყო; ფეხბურთელობის დროს სუხიაშვილს სხვადასხვა ქართული გუნდის ("სამგურალი", "მარგვეთი", "კოლხეთი-1913", "ბორჯომი") ღირსება დაუცავს, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები "ტორპედოში" აქვს გატარებული. თანაც, უმაღლეს ლიგაში სამწვრთნელო ასპარეზზეც აქვს გამოცდილება მიღებული - 2008-09 წლების სეზონში 15 ტურის განმავლობაში "ბორჯომის" თავკაცი გახლდათ.

რაც შეეხება კახა ჩხეტიანს, მისთვის ეს სეზონი სადებიუტოა მწვრთნელის რანგში: ქუთაისის "ტორპედოს", "ზესტაფონის", უნგრული "დებრეცენის", უკრაინული "ტავრიას" და აზერბაიჯანული "სიმურგის" მარცხენაფლანგელმა აქტიური კარიერა წინა სეზონში, ზუგდიდის "ბაიაში" დაამთავრა.

ზემოთ, დღევანდელ მეტოქეთა სხვადასხვა განწყობა ვახსენეთ და "დინამოზე" აღარაფერი გვითქვამს; არადა, ალექს გარსიას გუნდი ქუთაისში ერთპიროვნული ლიდერის რანგში  ოპტიმალური შემადგენლობით ჩადის. თანაც, ამ სეზონში "დინამო" სტუმრად მართლაც ჩინებულად ასპარეზობს: სამივე მატჩი მოიგო! ვნახოთ, როგორი იქნება "დინამოს" ესპანელი თავკაცისათვის და მისი თანამემამულე ფეხბურთელებისათვის (ჩისკო, ალვარო, კოტო, იაგუე) პირველი "ქართული კლასიკო".

შესაშური სტატისტიკა
ჩემპიონატის მეორე ფავორიტი თავის საშინაო შეხვედრას ნახევარი საათით გვიან დაიწყებს და "ზესტაფონის" მწვრთნელ-ფეხბურთელები თუ გულშემატკივრები დღევანდელ საღამოს "ტორპედოს" ქომაგებიც გახდებიან - ქუთაისურ მატჩში მასპინძლებმა "დინამოს" ქულები რომ დააკარგვინოს, ექვსი ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში ახალგაზრდა სპეციალისტის, გია ჭიაბრიშვილის გუნდი მოექცევა. ოღონდ, ამისათვის "ზესტაფონსაც" აუცილებლად გამარჯვება სჭირდება და ნურავინ იტყვის, რომ მოქმედ ჩემპიონს დღეს იოლი მატჩი ელოდებაო: ახალი სეზონის სტარტზე გორის "დილა" მართლაც საინტერესო ფეხბურთს უჩვენებს; რაც მთავარია, ახალგაზრდა სპეციალისტის, გია ცეცაძის შეგირდები აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებენ და არც ის არის უმნიშვნელო ფაქტი, რომ "დილამ" ოთხივე ქულა სტუმრად ჩატარებულ მატჩებში მოიპოვა.

თუმცა, "დილას" დღეს ბევრად უფრო ძლიერი მეტოქე ჰყავს, ვიდრე წინა ტურებში - "ზესტაფონმა" ზედიზედ ორი მოგებით მესამე ადგილზე გადაინაცვლა და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხრილის სათავეში მოქცევის შანსიც გაუჩნდა. მით უფრო, რომ მასპინძლებს თავის დღევანდელ მეტოქესთან მართლაც რომ შთამბეჭდავზე-შთამბეჭდავი ბალანსი გააჩნიათ: "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში ათჯერ შეხვედრია გორის "დილას" და ყველა მატჩიც მოუგია! აღარაფერს ვამბობთ არანაკლებ შთამბეჭდავ ბურთების სხვაობაზეც: 26-3!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელ საათზეა?
0

სიახლეები პოპულარული