ტორპედო-დინამო 2:1
1:0 დოლიძე (6.ბოლქვაძის პასით), 2:0 მეგრელაძე (10.დოლიძის პასით), 2:1 იაგუე (41.ოდიკაძის პასით)
ტორპედო დინამო
4-1-4-1 4-3-3
მიგინეიშვილი ლორია
ფოფხაძე ოდიკაძე
გამეზარდაშვილი კაკუბავა
ს.თოდუა ჰომოლა
გურული თომაშვილი
დიღმელაშვილი ალვარო
დოლიძე კოშკაძე
დ.ბოლქვაძე კვეკვესკირი
გ.დათუნაიშვილი კოტო
თარხნიშვილი ლექვთაძე
მეგრელაძე იაგუე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. სუხიაშვილი ა. გარსია
ტორპედო
65.გურული-ჩიკვილაძე
71. დოლიძე-საბანაძე
78. მეგრელაძე-გოცირიძე
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ტაბატაძე, კუხიანიძე
დინამო
63. ლექვთაძე-ჩისკო
71. კოტო-კახელიშვილი
84. ალვარო-ფანცხავა
სათადარიგოები: გრიშიკაშვილი, რეხვიაშვილი, ჯიღაური, თექთურმანიძე
გაფრთხილება: ფოფხაძე (24), დათუნაიშვილი (49), კაკუბავა
არბიტრი:ა.კრიჭაშვილი
ქართული ,,კლასიკოს" დროს ქუთაისის ცენტრალური არენა ყოველთვის გადაჭედილი იყო, თუმცა ამჯერად მაყურებელმა სანახევროდაც არ შეავსო სტადიონი. ამის მიზეზი ქუთაისელ გულშემატკივართა ბოლოდროინდელი იმედგაცრუება გახლდათ.
ქომაგებს გუნდის მიმართ ნდობა ჰქონდათ დაკარგული და ,,დინამოსთან" მატჩამდეც ნეგატიურ პროგნოზებს აკეთებდნენ. ქუთათურები ლიდერთან დაპირისპირებას არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ხვდებოდნენ: ,,მეტალურგთან" წაგების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა გიორგი კიკნაძე, რიონისპირელთა დროებით დამრიგებელს გიორგი სუხიაშვილს კი გუნდის მოსამზადებლად ფაქტობრივად დროც არ ჰქონდა; მაგრამ, სუხიაშვილისა და მისი ასისტენტის კახა ჩხეტიანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ გუნდის საბრძოლოდ განწყობა და ,,დინამოსთან" გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
სხვათა შორის, შეხვედრას სტუმართა ლოჟიდან გია გეგუჩაძეც ადევნებდა თვალს, რომელმაც ,,ტორპედოსთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მალე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებასაც შეუდგება.
სუხიაშვილმა წინა მატჩისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ყველაზე თვალშისაცემი მარცხენა მცველად ჩიკვილაძის ნაცვლად გურულის დაყენება იყო. ამასთან ერთად, ძირითადს დაუბრუნდნენ თოდუა, მეგრელაძე და თარხნიშვილი.
მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი მეორეზე გაცილებით სანახაობრივი იყო. შეხვედრა ისე დაიწყო, რომ ადგილობრივი გულშემატკივრები უკეთესს ვერ ინატრებდნენ: მასპინძლები მე-10-ე წუთზე უკვე 2:0 იგებდნენ! პირველი გოლისას მარცხენა ფრთაზე ბოლქვაძემ იაქტიურა, რთული სიტუაციიდან დოლიძეს საჯარიმოს მისადგომებთან ჩაუწოდა, ამ უკანასკნელმაც შეუჩერებლად დაარტყა და ბურთი ლორიას კარის მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა.
სამიოდე წუთში ,,ტორპედომ" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა: კონტრშეტევისას ბოლქვაძემ მეკარეთან პირისპირ ერთბაშად ორი ტორპედოელი დატოვა, დოლიძემ მეგრელაძეს უპასა და ქუთაისელთა მეგოლემ შანსი ხელიდან არ გაუშვა-2:0. დინამოელები მიიჩნევდნენ, რომ ამ ეპიზოდში თამაშგარე იყო, თუმცა, არბიტრმა გოლი დააფიქსირა.
ორბურთიანი ჩამორჩენა გარსიას შეგირდებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. თბილისელები კომბინაციურ თამაშის აწყობას ცდილობდნენ, თითქოსდა ბურთსაც კარგად აკონტროლებდნენ, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. კოშკაძის საჯარიმო დარტყმას მიგინეიშვილი იოლად გაუმკლავდა, საპასუხო იერიშისას კი ,,ტორპედოს კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ დოლიძემ მახვილი კუთხიდან უზუსტოდ დაარტყა, როცა შეეძლო ბურთი უკეთეს პოზიციაში მყოფი მეგრელაძისთვისა ან თარხნიშვილისთვის გადაეწოდებინა. შეტევაში მყოფ დინამოელებს ხშირად დაცვა მოშიშვლებული რჩებოდათ, მაგრამ ამით მასპინძლებმაც ვერ ისარგებლეს.
საყურადღებოა, რომ ისინი ძალიან ხშირად ხვდებოდნენ თამაშგარეში. ტაიმის ბოლოს გარსიას გუნდი კიდევ უფრო გააქტიურდა. ალვაროს ჯარიმა მიგინეიშვილმა მოიგერია, ლექვთაძის ძლიერი დარტყმა კი მიზანს ასცდა. თბილისელთა მორიგი შეტევა გოლით დაგვირგვინდა. ოდიკაძემ იაგუეს ფლანგზე გრძელი გადაცემა გაუკეთა, ქუთაისელთა მცველებმა და მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვეს და ესპანელს მახვილი კუთხიდან კარის აღების საშუალება მისცეს.
მართალია, მეორე ტაიმი პირველი ნახევარივით კარგი საყურებელი არ გამოდგა, მაგრამ ბრძოლა და მონდომება ფეხბურთელებს შესვენების შემდეგაც არ აკლდათ. შესაბამისად მატჩის დაძაბულად მიმდინარეობდა. ტაიმის დებიუტშივე მეგრელაძეს მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმა მიზანს ასცდა.
დასამახსოვრებელი იყო კოშკაძის მახვილი კუთხიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმა, რომელიც მიგინეიშვილმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია. ალექს გარსიამ მატჩის გადასარჩენად შეცვლებს მიმართა, თუმცა ,,ტორპედოს" მცველებს შეცდომა აღარ დაუშვიათ, მეტოქეს კარგად დაუდგნენ და ,,დინამოს" რეალური საგოლე შანსი არც კი მიცემია. ბოლოს კი ქუთათურებმა ბურთის დაჭერაც მოახერხეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.
მატჩის შემდეგ
ალექს გარსია: "პირველ ათ წუთში მიუტევებელი შეცდომები დავუშვით, რაც ორ გაშვებულ გოლად დაგვიჯდა. შემდეგ ტერიტორიული უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ორბურთიანი ფორის გაბათილება ვეღარ შევძელით".
გიორგი სუხიაშვილი: "გუნდის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ფეხბურთელებს საწყის 10 წუთში "დინამოს" ნახევარზე ყოფნა და მეტოქის ,,მოხრჩობა" დავავალეთ, რამაც კარგი შედეგი გამოიღო, სწრაფი გოლები გავიტანეთ და ამან ჩვენი გამარჯვება განაპირობა".
დავით კოხრეიძე ქუთაისიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ღმერთმა გისმინოს ზვიად :) მე მჯერა ჩვენი ბიჭების და გეგუჩაძის :)