გია ცეცაძე: ქართული ცეკვაც შეტევაა, ეს ჩვენი სტილია

AutoSharing Option
მესამე ტურის გამოტოვებული შეხვედრაში გორის "დილამ" "ზესტაფონი" გასვლაზე 4:0 გაანადგურა. ამას სენსაციური შედეგიც აღარ ჰქვია. ისიც ფაქტია, რომ სამწვრთნელო სარბიელზე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა სპეციალისტი, 37 წლის გია ცეცაძე გამოჩნდა, რომელიც გორის "დილას" შემტევ ფეხბურთს ათამაშებს.

ინებეთ სტატისტიკა და არა ლირიკა - მერვე ადგილოსანმა "დილამ", თბილისის "დინამოს" შემდეგ (12 გოლი), ყველაზე მეტი (11) გოლი გაიტანა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამ გუნდში ბევრი რიგითი მოთამაშე საკმაოდ კარგად გამოჩნდა. ესეც მწვრთნელის დამსახურებაა.

ცეცაძეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებაც გააჩნია, თუ რატომ ათამაშებს "დილას" ამგვარად. მანამდე კი
ბოლო მატჩზე ვილაპარაკეთ.

- "ზესტაფონში" ძალიან უცნაური ამბავი მოხდა.
- "ზესტაფონი" ძლიერი გუნდია და ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ავარჯიშებს, მაგრამ ბიჭებს ვუთხარი, რადგან ჩვენზე მდიდრები არიან, ამის გამო თავს ნუ დაუხრით-მეთქი. მთავარია მოედანზე საბრძოლო განწყობით გახვიდე და მოწინააღმდეგეს საკუთარი თამაში მოახვიო. შენ რომ "მარშუტკით" მგზავრობ, სულაც არ ნიშნავს, რომ "პორშეს" პატრონზე უნიჭო ხარ - ისიც "მარშუტკით" მგზავრობდა, მაგრამ მოინდომა, ივარჯიშა და ასე გადაჯდა "პორშეში".

გამახარა მაყურებლის რეაქციამ - ზესტაფონელებმა ტაშით გამოგვაცილეს. გინდა არ გინდა, ყურს მაინც ხვდება ხალხის შეძახილები და ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ გამიგონია. თუმცა გაორებული გრძნობით წამოვედი, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი ჩემი ძმაკაცი გია ჭიაბრიშვილია და ბოლომდე ბედნიერი არ ვიყავი. იშვიათად არის მატჩი, როდესაც ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდის, მეორეს კი არაფერი და მაინცა და მაინც ჩემი ძმაკაცის გუნდის წინააღმდეგ გვქონდა ეს თამაში.

- ამ მატჩის შემდეგ შეგიძლიათ თქვათ, რომ "დილა" "დაიქოქა"?
- ამ ლამაზი გამარჯვების შემდეგაც ამაყი მზერით არ მინდა ვთქვა, რომ გუნდს პრობლემები აღარ აქვს. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ დრო გვჭირდებოდა და "დილა" ათამაშდებოდა, რადგან არც ერთ წაგებულ მატჩში მეტოქეს უპირატესობა არ ჰქონია და ჩვენივე გამოუცდელობით დავმარცხდით, მათ შორის, თბილისის "დინამოსთანაც".

- საერთოდ, "დილამ" საკუთარი სტილი შეიძინა, როდესაც ჩვენში კლუბების უმრავლესობა უფერულია. შემტევი ფეხბურთი აშკარად გიყვართ.
- ფეხბურთში რომელი გუნდები და მოთამაშეები მოგვწონს? შემქმნელები და შემტევები, შემთხვევით ვიღაცას ბურთი რომ მოხვდება და გაიტანს, ეს ფეხბურთი არაა. ბავშვობიდან იმიტომ მომწონდა თბილისის "დინამო", ჰოლანდიის ნაკრები და "ბარსელონა", რომ მათი ლაღი თამაში სიამოვნებას მანიჭებდა. გავიხსენოთ, როდის იყო ქართული ფეხბურთი ყველაზე წარმატებული? როდესაც შემტევი სტილით თამაშობდა. ასე იყო ბორის პაიჭაძიდან დაწყებული, 13 მაისის თაობით დასრულებული. მართალია, ცხადაძე-არველაძე-ნემსაძე-ჯამარაულის თაობას წარმატება არ ჰქონია, მაგრამ ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდა.

ეს დიდი და საინტერესო თემაა, რომელზე ფიქრის დროსაც წარსულს, ისტორიას და ჩვენი ხალხის ხასიათს ვაანალიზებ; ვინც არ გაითვალისწინებს, ძალიან შეცდება. გენეალოგიაც კი გვკარნახობს, რომ ჩვენ ასეთი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ჯერ ქართველს გერმანელის ნებისყოფა არ აქვს და არც "ფიზიკა", დაცვაში ჩამჯდრებმა ხანგრძლივ შეტევებს რომ გავუძლოთ, ქართველის სტიქია კი შეტევაა. აიღეთ ჩვენი ცეკვები, ხორუმი, აჭარული, მთიულური - სულ შეტევაა და შეუძლებელია ფეხბურთში ეს არ გაითვალისწინო, რადგან ჩვენი შემოქმედება ქართულ ხასიათს ასახავს.

ამიტომაც არ მესმის, რატომ უნდა ვითამაშო "მეორე ნომრად", როდესაც ასე ვერც ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებ, ვერც მაყურებელს გავახარებ და საკუთარ ბუნებასაც ვეწინააღმდეგები. სანამ ჩვენ "მეორე ნომრობას" არ შევეშვებით და საკუთარ ძალებს არ ვირწმუნებთ, არაფერი გვეშველება. სამწუხაროდ, ბევრ მოთამაშეს აქვს სინდრომი, რომ უფრო მაღალანაზღაურებად ჩემპიონატებში უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ, თავად კი ფასი არ აქვთ. ამ დროს, უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ხორვატიის ჩემპიონატებში მხოლოდ მეტი ფული ტრიალებს, მეტი არაფერი. თოფი რომ დამადონ, საპირისპიროში ვერ დამარწმუნებენ, რადგან ნიჭი ფულზე არ არის დამოკიდებული.

მაგრამ მათი ფეხბურთი სისტემაშია მოქცეული, ჩვენ კი განვითარების გეგმაც არ შეგვიდგენია, ამ მონახაზით ყველამ რომ ვიმუშაოთ და ქართული ფეხბურთის რეალური პოტენციალი გამოვავლინოთ, ვისწავლოთ ორგანიზებული თამაში და შეტევა ქაოსში არ გადაგვეზარდოს.

- გულშემატკივარი კარგად არც გიცნობთ, რადგან დიდი ფეხბურთი არ გითამაშიათ . მწვრთნელობა როგორ დაიწყეთ?
- 35-ე სკოლაში თემურ ლორთქიფანიძესთან 16 წლამდე ვვარჯიშობდი, მერე რადგან ჯერ თბილისის ომი დაიწყო, მერე სამოქალაქო და ამ უბედურებაში არავის გვეფეხბურთებოდა, ვარჯიშს მეც შევეშვი. გულახდილად რომ ვთქვა, დიდი ნიჭიც არ მქონია და გულშემატკივრად დავრჩი, მაგრამ ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და გული სულ მოედნსიკენ მიმიწევდა. მახსოვს, ბუცები ვიყიდე, "შიპები" შევაჭერი და ასე დავდიოდი, ფუტსალის გუნდშიც ვთამაშობდი.

მერე მეგობრებთან ერთად ბიზნესის წამოწყება ვცადე, მაგრამ გული მაინც ფეხბურთისკენ მიმიწევდა. მწვრთნელობა 2000 წელს სკა-ს სტადიონზე საფეხბურთო სკოლაში ცხონებულმა კოტე ჯალიაშვილმა დამაწყებინა, მე და გელა სანაია ვეხმარებოდით, წელიწადნახევარი უხელფასოდ ვმუშაობდი. 2002 წელს "ბ" კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზია ავიღე, 2003 წელს კი "ოლიმპში" გადავედი და 1993-წლიანებში თემურ ფოცხვერიასთან ვმუშაობდი, დამოუკიდებლად კი 1994-წლიანებს ვავარჯიშებდი. 2008 წელს გიორგი დევდარიანი 16-წლამდელებში დანიშნეს და ასისტენტად მიმიწვია. იმავე პერიოდში ფოცხვერია "საბურთალოში" გადავიდა და მალე მეც გავყევი, "ა" კატეგორიის ლიცენზიაც ავიღე.

მიხარია, ასეთ ნიჭიერ მწვრთნელებთან რომ ვმუშაობდი, ეს არის თანამოაზრეთა წრე და, მიმაჩნია, რომ ხალასი, ლაღი ფეხბურთის მიმდევრები არიან და უნიჭიერესი მოთამაშეებიც გაუზრდიათ. თითოეული მათგანისგან ძალიან ბევრი ვისწავლე. დევდარიანი დღემდე მეხმარება, ხშირად ვეკითხები აზრს, რადგან კამათისა და აზრთა გაცვლისას ბევრს ვიგებ და ვიხვეწები.

აქვე ვიტყვი, გვერდში ჩემი ბავშვობის მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე რომ არ მყავდეს, გორის "დილა" ასეთი გუნდი არ იქნებოდა. ის იყო ძალიან სერიოზული საბავშვო სპეციალისტი, ავარჯიშებდა ქინქლაძეს, ანჩაბაძეს, გოგობერიშვილს, დავითაშვილს, დათუაძეს ... ახლა ფიზმომზადებაში გვეხმარება და მომზადების ისეთ მეთოდებს იყენებს, რაც ევროპაში თანამედროვედ ითვლება. თბილისის "დინამოსთან" და "ზესტაფონთან" კი ფიზიკურად არაფერი დაგვითმია, ამ უკანასკნელთან ბიჭებს დაღლაც არ დაეტყოთ, რადგან თემურმა მშვენივრად მოამზადა. მერე იტყვიან, ჩვენ სპეციალისტები არ გვივარგაო. ლორთქიფანიძე და ივანე ლუცენკო თუ დილეტანტები არიან, მაშინ საქართველოში მათზე უკეთესი პროფესიონალები მაჩვენეთ და ხელებს ავწევ. აქაც იგივე სინდრომია, რაც ფეხბურთელებთან მიმართებაში - ჩვენებს, რატომღაც, უცოდინრებად თვლიან. ესეც "მეორე ნომრის" სინდრომია, რომელიც მალე უნდა მოვიშოროთ. საუკეთესო მწვრთნელები გვყავს და არ ვაფასებთ.

- და ბოლოს: შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი "დილას" დაფინანსებას აპირებს?
- პირადად ჩემთვის არაფერი უთქვამთ, მხოლოდ ის ვიცი, რომ კლუბის ანგარიშზე თანხა ზის და გარკვეული პერიოდი გვეყოფა. გუბერნატორი ახალი დანიშნულია და, ალბათ, ჯერ სხვა საკითხებს გაარკვევენ და მერე მოგვხედავენ. თუმცა დამაიმედებელი ხმები მოვიდა, რომ ბიუჯეტის გაზრდაზეც კი ფიქრობენ და ჩვენც ეს გვინდა - ფეხბურთში ფულს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნახეთ რა ამ კაცის გუნდი, მაგრად ისიამოვნებთ, მაგარი აზრიანი კაცია, გენაცვალე ქართველო კაცო, ასე გაგარზელე რა და ნუ გაიკარებ გულში ეჭვს, რომ ეს ფეხბურთი წამგებიანია. შენ ყევლაზე რთული გზა აირჩიე და არა ისეთი, "მეორე ნომრის", უსახური ფეხბურთის მიმდევრებს რომ ახასიათებთ.
0
mtavaria xelshewyoba ar moaklon am kacs da gunds. Komentarebzec etyoba xalxi rogor uchers mxars am yvelafers da shevuwyot xeli. Warmatebebi!
leo-dzia
13:00 24-09-2011
0

სიახლეები პოპულარული