ერთის მხრივ, უკვე მივეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ზესტაფონელი და ქუთაისელი ქომაგები თავიანთი საყვარელი გუნდების საშინაო მატჩებს პროჟექტორების შუქზე უცქერენ; სამწუხაროდ, ამ ორი არენის გარდა საქართველოში კიდევ მხოლოდ ორი სტადიონია, სადაც ფეხბურთის თამაში ხელოვნური განათების ქვეშ არის შესაძლებელი ("ეროვნული" და "მიხეილ მესხი").
საერთოდაც, სტადიონების თემა მხოლოდ ამ ტურში კი, ალბათ, მთელი
დინამო-მერანი
ოთხშაბათამდე "დინამო" დაუმარცხებლად ასპარეზობდა, მაგრამ III ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ალექს გარსიას შეგირდებმა ვერაფერი გააწყვეს არნახულად მოტივირებულ ქუთათურებთან. რა თქმა უნდა, "ტორპედოს" დონის გუნდთან წაგება გუნდის კრიზისში ყოფნას სულაც არ ნიშნავს, თუმცა "დინამოს" სამწვრთნელო შტაბიცა და ფეხბურთელები იმას კი "მიხვდებოდნენ", რომ ჩემპიონატში იოლი მატჩები ბევრი არ ექნებათ.
ისე, ხვალინდელი მატჩი ორივე გუნდისათვის განსაკუთრებულია: საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში "დინამო" და "მერანი" ერთმანეთს პირველად ხვდებიან! თუმცა მარტვილელთა გუნდში ისეთი ფეხბურთელებიც თამაშობენ, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის გამოცდილება რომ გააჩნიათ; ამათგან კი, უპირველეს ყოვლისა, 29 წლის გიორგი მანწკავა და 35 წლის გივი დიდავა უნდა აღვნიშნოთ, სხვადასხვა დროს "დინამოში" რომ უთამაშიათ. დიდავა ხომ, საერთოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: საქართველოს ჩემპიონატისა და თასის გათამაშების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი წლების განმავლობაში "დინამოს" კაპიტანიც იყო და უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, ზურაბ იონანიძის, ერთი შეხედვით, ხელშეუხებელი რეკორდის დამხობასაც უმიზნებს!
დებიუტანტთან მატჩს "დინამო" საკადრო პრობლემებით ხვდება: დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ტოვებენ ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა და ცენტრფორვარდი ალბერტ იაგუე.
სპარტაკი-კოლხეთი
სატურნირო ცხრილის მეზობლების მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: მასპინძლები ჯერაც მოუგებლად ასპარეზობენ, "კოლხეთი" კი, ფაქტობრივად, მხოლოდ სტუმრად ახერხებს ქულების მოგროვებას. აუტსაიდერთა დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას მატებს მწვრთნელთა "დუელიც" - თორმეტივე გუნდის თავკაცთა შორის უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტჯერ ვლადიმერ ხაჩიძესა და სოსო ფილიას გაუყვანიათ მოედანზე თავანთი გუნდები. თუმცა, ამ ორივე სტაჟიან სპეციალისტს, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი გუნდების სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება მართებთ და ხვალინდელ შეხვედრაშიც ერთობ დაძაბულ და საინტერესო თამაშს უნდა ველოდოთ.
ტორპედო-ბაია
შუა კვირაში "დინამოსთან" მოგებული მატჩი მასპინძელთათვის მართლაც განსაკუთრებული იყო: "ტორპედომ" თავის ძველისძველ და უპრინციპულეს მეტოქეს საშინაო არენაზე... რვაწლიანი პაუზის მერე სძლია! იმ შეხვედრაში "ტორპედოს" ადგილობრივი სპეციალისტები, გიორგი სუხიაშვილი და კახა ჩხეტიანი ხელმძღვანელობდნენ, ასე იქნება ხვალინდელ მატჩშიც და ოთხი დღის მერე ჩასატარებელ თასის მერვედფინალში; იმის შემდეგ კი, უფრო ზუსტად, პირველი ოქტომბრიდან, ქუთათურებს გია გეგუჩაძე დამოძღვრავს და ამბიციურ ქუთათურ ქომაგებსაც არანაკლებ ამბიციური მწვრთნელისგან უკვე სხვა მოთხოვნები ექნებათ. საინტერესო დეტალიც: უმაღლეს ლიგაში ორადორი გუნდია, ჯერჯერობით ფრედ რომ არ უთამაშია და ხვალ სწორედ ამ უკომპრომისოთა დაპირისპირებაა.
პროგნოზების გაკეთება, საერთოდ, ძნელი საქმეა, მაგრამ წყვილში ფავორიტად მაინც მასპინძლები მიგვაჩნია - მეტოქესთან შედარებით არაერთი გამოცდილი ფეხბურთელიც ჰყავთ და "ბაიას" საკადრო პრობლემებიც ხომ გასათვალისწინებელია; უფრო კონკრეტულად კი იმის თქმა შეიძლება, რომ მასპინძლებს, ფაქტობრივად, ორი მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი შემადგენლობა ჰყავთ, მაშინ როცა სტუმართა თავკაცი ელგუჯა ქომეთიანი ასეთ ფუფუნებას ნამდვილად მოკლებულია. თანაც, ხვალინდელ მატჩში სტუმრებს ერთ-ერთ ლიდერი, 19 წლის ცენტრფორვარდი ირაკლი ქობალია არ ეყოლებათ.
ვიტ ჯორჯია-გაგრა
წინა სამი სეზონისაგან განსხვავებით "ვეტერინარებს" საშინაო მატჩების ჩატარება სხვადასხვა ქალაქის (თბილისი, გორი, რუსთავი) სტადიონებზე აღარ უწევთ - ამ ჩემპიონატის დასაწყისიდან მეტოქეებს განახლებულ და გაკოხტავებულ "მცხეთა-პარკზე" მასპინძლობენ. თანაც, ხვალინდელ შეხვედრას ზურაბ ბერიძის გუნდი ამაღლებულ განწყობაზე ხვდება - "ვიტ ჯორჯიამ" წინა ტურში იმ დროისათვის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი "ბაია" სტუმრად დაამარცხა.
ამას გარდა, მასპინძლები ოპტიმალური შემადგენლობით იასპარეზებენ, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მეტოქეზე; სამწუხაროდ, ბოლო დროს "გაგრას" პრობლემები მოეძალაო, რომ ვთქვათ, რბილად ნათქვამი გამოგვივა. უმთავრესი კი, რაღა თქმა უნდა, საკადრო პრობლემებია: ანატოლი პისკოვეცის გუნდში ტრავმათა ეპიდემია მძვინვარებს! თავად განსაჯეთ: სეზონის დაწყებიდან მოყოლებული ტრავმის გამო "გაგრას" წამყვანი ფეხბურთელები (აბაიომი ოვონიკოკო, ლევან შარიქაძე, ზვიად ჩხეტიანი, ირაკლი ხუციძე) აკლდება. გრძელი სათადარიგოთა სკამით კი "გაგრა" ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და ალბათ, ამის გამოც არის, გუნდმა ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა რომ აიღო.
ზესტაფონი-მეტალურგი
ტურის ცენტრალური მატჩი კი ზესტაფონში ჩატარდება და საქართველოს ბოლო ორი ჩემპიონის პაექრობისთვის თვალის მიდევნება საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირი ეთერითაც იქნება შესაძლებელი.
ყველაზე დიდ ინტერესს, რაღა თქმა უნდა, ის ფაქტი იწვევს, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს "ზესტაფონი" 21 სექტემბრის კოშმარის დავიწყებას: რაც ეს იმერული კლუბი არსებობს, ამ დღემდე მხოლოდ ორჯერ ჰქონდა საშინაო მატჩი 0:4 წაგებული (2005 წელს - "ვიტ ჯორჯიასთან", 2009 წელს - "დინამოსთან") და აი, მესამე სასტიკი მარცხი! ვნახოთ, რამდენად მალე მოახერხებენ იმერული გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელები გიორგი ჭიაბრიშვილი და გიორგი ყიფიანი ამ ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევას.
მით უფრო, რომ "ზესტაფონის" ხვალინდელი მეტოქე ამ ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში იმყოფება - კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "მეტალურგმა" ზედიზედ ორი გამარჯვებით ლიდერთა სამეულშიც შეაღწია და კიდევ ერთხელ მიგვანიშნა ყველას, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტადაც უნდა მივიჩნიოთ. სხვათა შორის, 6 ტურის შემდეგ უმაღლესი ლიგის გუნდებიდან ყველაზე ცოტა გოლი (2) სწორედ "მეტალურგს" აქვს გაშვებული, აი "ზესტაფონზე" უარესი მაჩვენებელი კი მხოლოდ ბოლო ადგილზე მყოფ "სიონს" აქვს...
დილა-სიონი
სამწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში "ხმაურითა" და რიხით დაბრუნდა გორის "დილა": ახალგაზრდა და მართლაც საინტერესო მწვრთნელის, გია ცეცაძის შეგირდები ბევრი გუნდისგან განსხვავებულ, სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს უჩვენებენ. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ გატანილი გოლებით "დილას" უმაღლეს ლიგაში მეორე შედეგი ექნებოდა? აღარაფერს ვამბობთ სეზონის სტარტის უმთავრეს მოულოდნელობაზეც, სულ ახლახანს რომ მოხდა: "დილამ" სტუმრად მოქმედ ჩემპიონს "ზესტაფონს" 4:0 მოუგო!
ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ გორელები ქულებს... სტუმრად აგროვებენ, აი საკუთარ მოედანზე კი ორივე მატჩში დამარცხდნენ. თუმცა, ნავსის გატეხვას, ალბათ დღეს შეეცდებიან, თანაც მეტოქედ ხომ ისეთი გუნდი ჰყავთ, ექვსი ტურის შემდენ ყველაზე ნაკლები ქულა რომ მოაგროვა და ყველაზე მეტი ბურთიც გაუშვა. სამწუხაროდ, "სიონს" ერთობ არასახარბიელო სტარტი გამოუვიდა, ამ ექვს ტურში, სულ მცირე, ოთხი-ხუთჯერ (!) მაინც შეიცვალა გუნდში მთავარი მწვრთნელი და ახლა კი, დებიუტანტ სპეციალისტს ლევან ბაჯელიძეს ურთულეს მდგომარეობაში უწევს სიტუაციის გამოსწორება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"