"დინამომ" "მერანი" 2:1 დაამარცხა

AutoSharing Option
25.09. თბილისი. ნაკრების საწვრთნელი ბაზა. 500 მაყურებელი
დინამო-მერანი 2:1
1:0 კოშკაძე (43), 2:0 ოდიკაძე (48, პენალტით), 2:1 რეხვიაშვილი (70, საკუთარ კარში)

დინამო (4-3-3) მერანი (4-3-3)
ლორია შეროზია
ოდიკაძე კაკუშაძე
ჰომოლა გ. ჟვანია
თომაშვილი იობაშვილი
რეხვიაშვილი სუხიაშვილი
კვეკვესკირი დიდავა
ალვარო მანწკავა
კოშკაძე ე. გრიგალაშვილი
კოტო ჩალაძე
ფანცხავა სამადაშვილი
ლექვთაძე ამბროლაძე
მწვრთნელი: ალექს გარსია მწვრთნელი: ა. ჩხაბერიძე

დინამო
32. ლორია-გრიშიკაშვილი
63. ფანცხავა-ჩისკო
85. ალვარო-კაშია
სათადარიგოები: თექთურმანიძე, კახელიშვილი, ჯიღაური, ფირცხალავა

მერანი
54. მანწკვა-მემარნიშვილი
54. სამადაშვილი-ტაპე
სათადარიგოები: შენგელია, თ. შალიკაშვილი, ტორაძე, ჭაფოძე, ქამუშაძე

გაფრთხილება: ლორია (32), ამბროლაძე (39), იობაშვილი (47), კოშკაძე (64), ჩისკო (73), სუხიაშვილი (89).
არბიტრი: მ.
ბეუქლიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე ("ბასა") თბილისის "დინამომ" მეორე ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით (2:1) გაიმარჯვა. თუმცა, პირველ ტურის მატჩისგან (ცხინვალის "სპარტაკთან") განსხვავებით, ამჯერად მთავარი მოვლენები შესვენების შემდეგ განვითარდა და მასპინძელთა ქომაგებსაც გვარიანი ნერვიულობა მოუხდათ შეხვედრის ბოლო წუთებზე.

რა თქმა უნდა, "დინამოს" გამარჯვება კანონზომიერიც იყო და ლოგიკურიც, - ბოლოს და ბოლოს, გამოცდილებისა და საშემსრულებლო ოსტატობის მხრივ მასპინძლებს მეტოქესთან შედარებით გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გუნდის თამაში იდეალურისგან მაინც შორს იყო;

რა თქმა უნდა, ჯერ სეზონის დასაწყისია და დინამოელთა ესპანელ თავკაცს ალექს გარსიას საკუთარი გუნდის თამაშში ხარვეზების გამოსასწორებლად საკმარისზე მეტი დროც ექნება, თუმცა ვერც იმ ფაქტს გავექცევით, თუ რამდენ შეცდომას უშვებდნენ ფავორიტი გუნდის ფეხბურთელები საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან. უფრო მეტიც: უმაღლესი ლიგის დებიუტანტის, "მერანის" ფეხბურთელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, თბილისიდან ქულით წავიდოდნენ; თუმცა, წაგების მიუხედავად, "მერანმა" საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და, ფაქტია, რომ ახალგაზრდა მწვრთნელების, არჩილ ჩხაბერიძისა და მალხაზ ჟვანიას გუნდი ამ სეზონის ერთ-ერთი სასიამოვნო აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ.

მეტოქეებმა თავიდანვე სწრაფი ტემპი შესთავაზეს ერთმანეთს და, რაც ყველაზე მთავარია, ორივე გუნდი აქცენტს შეტევაზე აკეთებდა. ერთიის მხრივ, ეს არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი - ორივე გუნდის მწვრთნელებმა ხომ შემტევი ტაქტიკა (4-3-3) აირჩია და მატჩის ბოლომდე "მოსაწყენად" არავის ეცალა. საწყის წუთებში "დინამო" ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან უტევდა, სადაც კარლეს კოტო აქტიურობდა. თუმცა, შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს: გურამ სამადაშვილმა და ლაშა ჩალაძემ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, "დინამოს" მცველების პოზიციური შეცდომაც აშკარა იყო, მაგრამ სამადაშვილის ეფექტური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

ამის შემდეგ, ტაიმის ბოლომდე ტერიტორიულ უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ, თუმცა მიკელე ალვაროსა და ირაკლი ლეკვთაძის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. აქვე, მასპინძელთა ერთ ფეხბურთელზეც გვინდა ვთქვათ: 21 წლის ვახტანგ ფანცხავა ამ სეზონში პირველად გამოჩნდა ძირითადში და მართალია, გოლი არ გაუტანია, მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. სწორედ ფანცხავას აქტიურობას მოჰყვა ის ეპიზოდიც, როცა სტუმართა კაპიტანს გიგა ჟვანიას ბურთი "აეჭრა" და "მერანის" მეკარეს ჯონი შეროზიას რომ არ ეყოჩაღა, ავტოგოლსაც ვნახავდით.

ისე, ამ შეხვედრაში ავტოგოლი მაინც მოხდა, მაგრამ მანამდე ბევრი დასამახსოვრებელი თუ არასასიამოვნო მომენტებიც იყო; არასასიამოვნო კი, რაღა თქმა უნდა, გიორგი ლორიას ტრავმა იყო: "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარეს სტუმართა მარცხენა მცველის, ანზორ სუხიაშვილის გარღვევის შეჩერება ყვითელ ბარათად და სერიოზულ ტრავმად დაუჯდა! აი, რაც შეეხება მატჩის პირველ გოლს, ლეკვთაძისა და ფანცხავას აქტიურობის შემდეგ დინამოელთა კაპიტანმა ალექსანდრე კოშკაძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ფანცხავამ მოედნის ცენტრიდან გრძელი რეიდი წამოიწყო და შეტევაში კოტო რომ ჩართო, ამ უკანასკნელის ჩაწოდებული ბურთი კი სტუმართა მცველს ხელზე მოხვდა და დავით ოდიკაძესაც პენალტის ზუსტად შესრულება არ გასჭირვებია. ორბურთიანი უპირატესობა, წესითა და რიგით, სერიოზული ჰანდიკაპი უნდა ყოფილიყო "დინამოსთვის", მაგრამ სტუმრები მარცხს არ ურიგდებოდნენ და მეტად და მეტად აქტიური თამაშით უამრავი პრობლემა შეუქმნეს ფავორიტ მეტოქეს. განსაკუთრებით მარცხენაფლანგელები აქტიურობდნენ: ანზორ სუხიაშვილისა და გიგა ამბროლაძის კომბინაციას ელგუჯა გრიგალაშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ სოსო გრიშიკაშვილმა ამ ბურთის მოგერიება შეძლო.

"მერანის" მორიგი შეტევა კი ავტოგოლით დასრულდა: სუხიაშვილის მორიგ რეიდს საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, სადაც გიორგი რეხვიაშვილის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი... "დინამოს" დაუცველ კარში შეგორდა! ამ გოლმა მედანზე სიტუაცია უფრო დაძაბა და "მერანიც" უფრო დიდი ძალებით უტევდა, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დებიუტანტთა ფეხბურთელებს საშემსრულებლო ოსტატობა არ ჰყოფნიდათ: მუნინი ტაპეს (ორჯერ) და დავით იობაშვილს ნამდვილად შეეძლოთ თავიანთი გუნდისათვის ქულის მოპოვება, მაგრამ ამაოდ. განსაკუთრებით ის ეპიზოდი გვინდა გამოვარჩიოთ, როცა მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე სტუმართა კუთხურის შემდეგ იობაშვილის ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი გამოცდილმა სოსო გრიშიკაშვილმა მოიგერია.

დაბოლოს, ამ მატჩში მომხდარ კიდევ ერთ ფაქტზეც: ტრავმისაგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "დინამოს" შემადგენლობაში შოთა კაშია გამოჩნდა!

სატურნირო ცხრილი
გ მ ფ წ ბ ქ
დინამო 7 5 1 1 14 7 16
ზესტაფონი 7 4 2 1 12 10 14
ბაია 7 4 1 2 10 4 13
მეტალურგი 7 3 2 2 6 4 11
ვიტ ჯორჯია 7 3 2 2 7 8 11
დილა 7 3 1 3 12 9 10
გაგრა 7 3 1 3 9 7 10
ტორპედო 7 3 1 3 6 6 10
მერანი 7 2 2 3 7 10 8
კოლხეთი 7 1 3 3 4 9 6
სპარტაკი 7 0 4 3 3 7 4
სიონი 7 0 2 5 3 12 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული