სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რა გაეწყობა: ჩემპიონატის სტარტიდან ასეთი დაბალი შედეგიანობა ჯერ არ ყოფილა და იმედი დავიტოვოთ, რომ უკვე მომდევნო ტურში ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. მანამდე კი გასული ტურის გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები გავიხსენოთ და უპირველესად, სატურნირო ცხრილში მომხდარ გადაადგილებებზე ვთქვათ.
გეხსომებათ, ალბათ, ჯერ კიდევ წინა ტურის მიმოხილვაში ვივარაუდეთ ცხრილის "დალაგება" და ყველაფერი ნელ-ნელა აქეთკენ მიდის. "დინამო"
ცოტა და უცნაური გოლ(ებ)ი
ექვს მატჩში ცხრა გოლი მართლაც ცოტაა, თანაც ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ ცხრიდან ნახევარზე მეტს "სუფთა გოლი" არ ერქვა! თავად განსაჯეთ: სამი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმებით გავიდა, ორი კი სულაც "ავტოგოლი" იყო. არადა, წინა ექვს ტურში მხოლოდ ერთი შემთხვევა გვქონდა, როცა ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი: III ტურის მატჩში ("ბაია"-"კოლხეთი") ფოთელთა გამოცდილმა ახალწვეულმა, 30 წლის ლევან შავგულიძემ "ავტოგოლი" გაიფორმა. აი, ახლა კი ერთდროულად ორ ფეხბურთელს შეემთხვა ეს მართლაც არასასიამოვნო ამბავი, ოღონდ, "დინამოს" 23 წლის მცველის გიორგი რეხვიაშვილის "ავტოგოლს" შეხვედრის შედეგზე გავლენა თუ არ მოუხდენია, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით მეორე შემთხვევაზე.
მართლაც თანაგრძნობას იმსახურებს "გაგრას" კაპიტანი და, საერთოდ, ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 26 წლის გიორგი ტყეშელაშვილი, რომლის "ავტოგოლმაც" მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ეგ კი არა, ეს ეპიზოდი "ვიტ ჯორჯია"-"გაგრას" მატჩის ბოლო წუთზე მოხდა და ვეტერინარებმაც თვენახევრიანი პაუზის მერე საშინაო შეხვედრაში გამარჯვების მოპოვება შეძლეს.
ბოლო წუთზე მხოლოდ ამ მატჩის ბედი არ გადაწყვეტილა: ნანატრი საშინაო გამარჯვება გორის "დილამ" სწორედ შეხვედრის მიწურულს მოიპოვა. თანაც, 24 წლის პავლე ხორგუაშვილმა საკუთარ გუნდს მოგება ზუსტად შესრულებული პენალტით მოუტანა. პენალტები ვახსენეთ და სხვა ორ შემთხვევაზეც ვთქვათ: 30 წლის დავით ოდიკაძემ ("დინამო") და 26 წლის ნიკოლოზ გელაშვილმა ("ზესტაფონი") თერთმეტმეტრიანები ზუსტად შეასრულეს. ვინღა დაგვრჩა? ანუ, იმათ რაღა დააშავეს, "სუფთა" გოლი რომ გაიტანეს და თავიანთ გუნდს ქულ(ებ)ის მოპოვებაში დაეხმარნენ: "დინამოს" კაპიტანმა, 29 წლის ალექსანდრე კოშკაძემ ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა, 26 წლის ჯაბა დვალმა ("ზესტაფონი") - მესამე, 23 წლის ზამირ ჯანაშიამ ("კოლხეთი") - პირველი.
აი, რაც შეეხება "სპარტაკის" შემტევს ბუბა რუხაძეს, ამ ბიჭს მართლაც მისალოცად აქვს საქმე - 18 წლის ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გოლიც სწორედ გასულ ტურში გაიტანა. ისე, ყველაზე "უცნაური" კი, ალბათ, ის იყო, რომ ნიკოლოზ გელაშვილმა ამ ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა! თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ახალ სეზონში მხოლოდ მეორე მატჩი ჩაატარა და ბომბარდირთა დავაშიც სოლიდური უპირატესობა ჯერჯერობით არავის აქვს.
ნავსი გატყდა
როცა გუნდს არასახარბიელო სატურნირო სიტუაცია აქვს, ნებისმიერი გამარჯვება ფასეულია; მით უფრო მაშინ, როდესაც მანამდე ჩატარებული ორივე საშინაო შეხვედრა გუნდს წაგებული აქვს. გორის "დილაზე" მოგახსენებთ: ახალგაზრდა სპეციალისტის, გია ცეცაძის გუნდი (ისე როგორც უმაღლესი ლიგის დებიუტანტი "მერანი") XXIII ჩემპიონატის აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ.
მართლაც ერთი სიამოვნებაა "დილას" თამაშების ხილვა - გუნდის სათამაშო კრედო მხოლოდ და მხოლოდ შეტევაა და ამიტომაც არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ უმაღლეს ლიგაში გატანილი გოლებით გორელები მხოლოდ "დინამოს" ჩამორჩებიან; არანაკლებ მოულოდნელი იყო "დილას" წარმატებული ასპარეზობა მეტოქეთა მოედნებზე - ამ შემთხვევაშიც მეორე შედეგი აქვს გუნდს (კვლავაც "დინამოს" შემდეგ), უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის მერე რომ დაუბრუნდა. საკუთარ მოედანზე კი აქამდე "დილას" ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული და ორივეჯერ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა ("ტორპედოსთან" - 0:1, "დინამოსთან" - 1:2);
და აი, ნავსიც გატყდა: "სიონთან" მატჩის მიწურულს, მასპინძელთა მორიგი შეტევა სტუმართა მცველმა წესების დარღვევით შეაჩერა და ფინეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა პავლე ხორგუაშვილმა პენალტი ზუსტად შეასრულა. ამ მოგებით "დილამ" აშკარად კომფორტულ, VI ადგილზე გადაინაცვლა, საიდანაც პირველი სამეული "ერთი ხელის გაწვდენაა". თუმცა, ამ ტურში "დილას" საშინაო გამარჯვებას ბევრად უფრო დიდი დატვირთვა ჰქონდა: გორელების საყვარელ გუნდს საკუთარ მოედანზე 2007 წლის 11 აგვისტოს მერე არ ჰქონდათ მოგებული!
"დილას" ქომაგთათვის არცთუ სასიამოვნო კი არა, მართლაც კოშმარულ სეზონს ვიხსენებთ, როცა 2007-08 წლების ჩემპიონატი "დილამ" პირველსავე ტურში გამარჯვებით დაიწყო (ბათუმის "დინამოსთან") და ვინ იფიქრებდა, რომ ეს იქნებოდა იმ სეზონში პირველი და უკანასკნელი მოგება? ოთხი წლის წინანდელი იმ შემადგენლობიდან დღესდღეობით "დილაში" სამი ფეხბურთელიღა შემორჩა: ნიკოლოზ სადაღაშვილი, ნიკოლოზ ნოზაძე და ილია ლომიძე.
VII ტურის სიმბოლური ნაკრები "ლელოს" ვერსიით:
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი)
მეკარე: სომხიშვილი (2, ბაია)
მცველები: ბენაშვილი (ზესტაფონი), აფაქიძე (ბაია), გორგიაშვილი (2, ზესტაფონი), სუხიაშვილი (3, მერანი)
ნახევარმცველები: აფციაური (ზესტაფონი), ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), პ.ხორგუაშვილი (2, დილა), წურწუმია (2, ბაია)
თავდამსხმელები: ფანცხავა (დინამო), დვალი (ზესტაფონი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"